ლეგიონერები

16:44 | 14.12.2020 | ნანახია 761 - ჯერ

პრო დე2 | ქუბრიაშვილმა ტოპ 14-ისკენ ლელოთი გაიწია

ვეტერანმა ბორჯღალოსანმა დუდუ ქუბრიაშვილმა, რომელიც ‘პერპინიანს’ ორი თვის წინ შეუერთდა, ახალი კლუბის მაისურით პირველი ლელო გაიტანა და გუნდს პირველ ადგილზე აღზევებაში დაეხმარა.

მე-13 ტურში ‘პერპინიანი’ აუტსაიდერ ‘ვალანსს’ ეწვია და 28:9 დაამარცხა. ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდის მეორე ლელო 25-ე წუთზე გაიტანა. ის 63-ე წუთზე შეცვალეს და 10 წუთში თამაშში მოუწია დაბრუნება. მასპინძელთა სასტარტოში იყო მირიან ბურდული, რომელიც შესვენებისას შეცვალეს.

‘კოლომიემ’ და ‘გრენობლმა’ ერთმანეთს ლელო ვერ გაუტანეს და ქულები ჯარიმებით აგროვეს. მასპინძელმა ‘კოლომიემ’, რომლის შემადგენლობაში 55-ე წუთიდან ბექა შეყლაშვილმა ითამაშა, ერთით მეტი გაიტანა და 15:12 მოიგო. სტუმართა რიგებში თამაშში ჩართვა 25-ე წუთიდან მოუწია ილია კაიკაციშვილს. ნიკა ნეფარიძე გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში 7 წუთით გამოჩნდა, სრულფასოვან შეცვლაზე კი 72-ეზე შევიდა.

ქართული დერბი შედგა ‘ანგულემისა’ და ‘ორიაკის’ მატჩში. მასპინძელი ‘ანგულემი’ იყო და თითქმის 50 წუთი კაცნაკლულად მოთამაშე მეტოქე 22:13 დაამარცხა. ‘ორიაკმა’ 31-ე წუთზე წითელი ბარათით გიორგი ქართველიშვილი დაკარგა. შეუცვლელად ითამაშა ნაკრებიდან კლუბში მიბრუნებულმა ბექა საღინაძემ. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 74-ე წუთამდე გაისარჯა ლუკა გოგინავა, ხოლო ზაურ თევდორაშვილი შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა.

‘რუანის’ შემადგენლობაში ასევე სრულად ითამაშა გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ, რომელიც „შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნების ღირსებას იცავდა. პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა კახა ასიეშვილმა. ‘რუანმა’ ‘მონტობანს’ სამი ლელო გაუტანა, თუმცა თავად ერთი გაუშვა და ბონუსის გარეშე, 22:8 იმარჯვა.

ულელოვო მატჩში ბოლო წუთზე გაუშვა ჯარიმა და ფრედ, 15:15 ითამაშა ‘მონ-დე-მარსანთან’ ‘ბიარიცმა’, რომლის შემადგენლობაში სამი ჩვენებური იყო. უშანგი ჭეიშვილი და გიორგი ნუცუბიძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ჭეიშვილმა მოედანზე 56 წუთი გაატარა, ხოლო ნუცუბიძე 35-ეზე ვახტანგ ახობაძემ შეცვალა.

ტურის დასკვნით მატჩში ‘ოიონამ’ ‘ნევერი’ მიიღო და 28:20 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის დასკვნითი 20 წუთი ითამაშა ირაკლი მირცხულავამ, ხოლო სტუმართა რიგებში გურამ პაპიძე შეცვლაზე 39-ე წუთზე შევიდა და 73-ეზე ლელოც გაიტანა.

RUGBY.GE


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:47 | 14.12.2020
qomagi (248)

წარმატებები დუდუს, მალე ისევ ტოპ-14 დაბრუნებულიყოს!!! ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მგონი ნაადრევად ჩამოწერა.

0.090804