ბორჯღალოსნები

20:26 | 5.12.2020 | ნანახია 2381 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ახლა სულ სხვა გუნდი ვართ, ვიდრე ვიყავით"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე დაასრულა. დასკვნით შეხვედრაში "ბორჯღალოსნები" ფიჯისთან 24:38 დამარცხდნენ და ტურნირზე ასპარეზობა 4 წაგებით ბოლო, მე-8 ადგილზე დაასრულეს. ფიჯისთან თამაში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შეაფასა და განაცხადა, რომ ფიჯისთან გამარჯვების რეალური შანსი არსებობდა, მაგრამ გამოუცდელობამ თავი იჩინა.

ლევან მაისაშვილი ფიქრობს, რომ რვა ერზე საქართველოს ნაკრებმა თამაშიდან თამაშამდე პროგრესი განიცადა და უკეთეს რაგბს აჩვენებდა.

"პირველივე წუთებიდან ჩვენ თვითონ მოვიქციეთ წნეხში თავი და მისგან ვეღარ გამოვედით. პირველ შერკინებაზე იყო მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილება, რამაც საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა. დაგეგმილი გვქონდა, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ფიჯი ის გუნდია, რომელიც წუთიერ მოდუნებასაც არ გპატიობს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა დავთმეთ, თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ახლა სულ სხვა გუნდი ვართ, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით. ამ პერიოდში ვიმუშავეთ ბევრ ისეთ დეტალზე, რისი საშუალებაც აქამდე არასდროს გვქონდა. ფიჯისთან მოგების რეალური შანსი იყო, მაგრამ გამოცდილებისა და ზოგიერთ პოზიციებზე სიღრმეების არქონის პირობებში, ამის გაკეთება ძალიან რთულია.

გუნდში მრავლად ითამაშეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დიდი ხანია, 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდები. მათ უდიდესი შრომა გაწიეს და განსაცვიფრებელი პროგრესი განიცადეს. მათ მოლოდინს გადააჭარბეს და ეს ყოველდღიური რუტინული შრომის შედეგია", - ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, შემოდგომის ერთა თასზე საქართველომ ინგლისთან (0:40), უელსთან (0:18), ირლანდიასთან (10:23) და ფიჯისთან (24:38) ითამაშა. 2020 წელს "ბორჯღალოსნებმა" გამოსვლა დაასრულეს.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:00 | 06.12.2020
qomagi (248)

უნამუსობაა მწვრთნელის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება, ვის ატყუებთ? ჩვენ, საკუთარ თავს თუ ყველას ერთად? დაცვაში იყო და ფლანგებზე ორპირი ქარი გვქონდა, მუდმივად მოწინაღმდეგის 2-3 კაცი თავისუფლად იდგა და გვალელოვებდა. ბოჭვებია და ნაკრების მორაგბემ არ უნდა იცოდეს, რომ ფიჯელების ზომის კამეჩებთან ფეხებში უნდა შეხვიდე ბოჭვაზე? შერკინებაში ფიჯიც კი ვერ დავძარით, რომელსაც შერკინებაში აკლდა ხალხი, ბრიტანელებზე არაფერს ვამბობ. 1 წესიერი, გემრიელი ქართული მოლი საერთოდ არ ყოფილა. ამ დროს გაიხსენეთ საქართველოში ჩატარებულ 20 წლამდელთა ჩემპიონატზე პატარა ბორჯღალოსნების მოლი და თან რა გუნდებთან.
რომ იძახის მაისაშვილი ამ დონის გუნდებთან არ გვითამაშიაო, 20 წლამდელები ყოველ წელს მსოფლიო თასზე აბა ვის ეთამაშებოდნენ, მადაგასკარს და ტუვალუს? ნაკრების დღევანდელი წევრების 50%, თუ მეტს არა, გამოვლილი აქვს 20 წლამდელების ნაკრები.
კი ბატონო, მივეცეთ თვითკმაყოფილებას, ვიყაროთ თვალში ნაცარი და 2023 მსოფლიო თასზე შეიძლება 1 თამაშიც ვერ მოვიგოთ, გააჩნია ვინ შეგვხვდება ჯგუფში.

19:53 | 06.12.2020
qomagi (248)

მაისაშვილი ჰეიგთან ერთად იყო გასაშვები, რადგან ჰეიგის დროსაც დიდწილად მაისაშვილი წყვეტდა შემადგენლობის დაყენებას და ეს ნაცნობ-მეგობრობა და ფავორიტობა რაგბშიც სამწუხაროდ ხშირად დაფიქსირებულა. ამის ნათელი მაგალითია ჯიუტად სოსო მათიაშვილის 15 ნომერზე დაყენება და მალაღურაძის, ჟვანიას არ გამოძახება. ჟვანიას თემა ცალკე განხილვის საგანია, ისევე როგორც თავის დროზე ხრუშასთან პრობლემების გამო საერთოდ აღარ დაუძახეს ნაკრებში, როცა იმ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე.
მალაღურაძე ბოჭვებში არის უძლიერესი, აქვს ძალიან ძლიერი ფეხი და მოედნის კარგი ხედვა, ჩვენი ნახევრიდან შეუძლია ბურთი მეტოქის 5 მეტრიანთან ჩააგდოს და ასეთი კაცი ნაკრებში ვერ მოხვდა იმ ფონზე, რომ მეტოქეებიდან გამომდინარე ძირითადად დაცვაში მოგვიწევდა თამაში. მათიაშვილმა როგორც ითამაშა, ყველამ ვნახეთ. პირადად ყველა მორაგბეს დიდ პატივს ვცემ და მესმის რომ სოსოც დიდად განიცდის, მაგრამ ასე არ შეიძლება. კამეჩივით ნადოლოს და სხვა ფიჯელებს წელზე და მხრებზე რომ ეტანები მოსაფერებლად, შედი ფეხებში და იქ გაუკეთე ბოჭვა, ტიპებს მკლავები აქვთ ჩვენების ბარძაყების ხელა.
ნარიაშვილს ძალიან აქვს მოკლებული, შერკინებაში ჯარიმების მინიმუმ 50-60% მის კისერზეა. ამ დროს მობილური, სწრაფი და შეტევაში კრეატიული ჟვანია ლამის 2 წელია ნაკრებს არ გააკარეს. ტიპი ინგლისის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში თამაშობს მუდმივად დაამაზე უკეთესი პრაქტიკა რაღა გინდა მწვრთნელს, რომ წუწუნებ 1 წელია არ გვითამაშიაო. აგერ არც ფიჯელებს უთამაშიათ და გადაგვიარეს ბულდოზერივით. კიდევ კარგი წვიმდა, თორემ მშრალ მოედანზე საერთოდ გაგვათახსირებდნენ. სამწუხაროდ, 2015 მსოფლიო თასის შემდეგ ეიფორიაში ვართ და თავს ვიტყუებთ, პატარა ბავშვებივით გვიხარია, ვიღაც კანფეტს რომ გადმოგვიგდებს - სასწაული პროგრესი გაქვთ, ნამდვილად იმსახურებთ 6 ერსო. რაღა ნატოში და ევროკავშირში შესვლა და რაღა 6 ერში.
რაგბის ფედერაციაშიც არეულია შიდა სამზარეულო, რაც არ უნდა იძახონ, რომ ეგრე არ არის. ახლა საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრობენ და ამიტომ დატოვეს დროებით მაისაშვილი, რითაც წინასწარვე იყო ნაკრები განწირული ყველა თამაშის წასაგებად, სათქმელად კი იტყვიან ასეთ ძლიერ ნაკრებებთან ეგრევე მოგებას რატომ ითხოვთო.
ყველა ასაკობრივ დონეზე და აკადემიებში უცხოელი მაღალკვალიფიციური მწვრთნელები გვჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად და ეროვნულში კიდევ 20 წლამდელების იმ თაობიდან უფრო მეტი ახალგზარდა, რომლებმაც იტალია, შოტლანდია, არგენტინა დაამარცხეს, რომლებიც ხელითაც უკეთ თამაშობენ და არც მენტალური პრობლემები აქვთ ასეთი დონის გუნდებთან სათამაშოდ და მოსაგებად.
არგენტინამ ზელანდიას მოუგო და ორჯერ ეთამაშა ფრე ავსტრალიას. მათაც რომ ეწუწუნათ ჩვენსავით უფულობაზე და ათას მიზეზზე, იქ არ იქნებოდნენ დღეს სადაც არიან.

12:49 | 06.12.2020
გუსანი (34)

თავის მართლების პოლიტიკას და სიმართლის დამალვას ( ვითომ კორექტულობის თუ დიპლომატიის ეგიდით) უნდა შევეშვად, ყველაფერს თავის სახელი აქვს, წაგებული თამაშების შემდეგ ჩვენ სხვა გუნდი გავხედით და მისნაირების ძახებით ცოტა არ იყოს მაისაშვილი ძალიან გაერთო- შემადგენლობაში ბევრი ხარვეზია, აქ დაიწერა: ბევრი არ არის დონეზე სათამაშოდ მზად, ბევრს ვითომ გამოცდილს ბავშური შეცდომები/გათიშვები შევამჩნიე. უნდა ითქვას ამ პოზიციაზე ამან ჩააგდო და ა.შ. თუ სახალხოდ არ იტყვიან მაშინ შეცვალე და გასაგებია, თუ უკეთესი შემცვლელი არ გყავს სხვებისთვის გასაგები მაიც გახდება ვაკანსია- მოტივაცია ამაღლდება- რომ ამ პოზიციებზე შანსი გაჩნდა ნაკრებში და მეტი მოინდომონ, ან გვეცოდინება და ფუჭი მოლოდინები- ეკრანებთან ნერვიული კანკელი აღარ გვექნება,. რა გახდა ამდენი წელია ხაზე ბურთის გატანა ვერ ვისწავლედ? ფიჯისთან ბევრჯერ იყო ამის შესაძლებლობა მაგრამ 3-4 მორაგბეს კი ვერ გამოჩნდა ამის მცდელობა მაინც შემოეთავაზებინა......... შერკინებაშიც აშკარად მოკლებულია, სად არის პროგრესი? ფეხები აღარ უკანკალებთ?!

09:09 | 06.12.2020
პანტელეიმონი (1218)

ვფიქრობ, მალაღურაძის გამოყენება 15-ზე დღესაც მეტ უპირატესობას მოგვცემდა, ისე როგორც ჟვანიას მობილურობა პირველ ხაზში. მათიაშვილს, ბევრი აქვს სამუშაო, რომ ნაკრებში თამაში გააგრძელოს. თოდუას ალბათ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ. თაობა მოდის, იმედია სიღრმეები გაიზრდება და ქართული რაგბი სხვა დონეზე შეძლებს თამაშს. ძალიან გამიხარდა დაუმსახურებლად ქართული რაგბიდან დროებით ჩამოშორებული ბატონი გია ნიჟარაძის რაგბი ევროპის ვიცე პრეზიდენტად არჩევა. გოჩა სვანიძის კოშმარული მმართველობის მერე არეულ რაგბის კავშირში მალე ვისურვებდი, რომ რაგბის სამყარომ შეძლოს გონიერ, ავტორიტეტულ და კომპეტენტურ გუნდს ჩააბაროს სადავეები (უნდა გამოირიცხოს პარტიული და კლანური დანიშვნა). რა თქმა უნდა გვჭირდება ბევრად უფრო გამოცდილი მწვრთნელი, მაგრამ სიჩქარე ამ საქმეში არ ივარგებს. ამასთან ყველა ვართ დარწმუნებული, რომ ფრანჩიზის შექმნის გარეშე შეუძლებელია ქართული რაგბის შემდგომი პროგრესი, რომელსაც ყველა შემთხვევაში შეთავსებით ნაკრების მწვრთნელი უნდა ედგეს სათავეში ! ! !

06:39 | 06.12.2020
თენგაბი (11)

პროგრესი მაშინ იქნებოდა სწრაფად რომ გაგვეშალა თამაში, ხელით თამაშსი მოგვემატებინა. ან ეს სტატიკური მიძალებები რა იყო? ამას არ ჯობდა ორი მეტრით უკან გაუკეთო პასი სისწრაფე აკრეფილ პარტნიორს? მოკლედ პოზიტივს მაშინ დავინახავთ, როცა გუნდური ურთიერთქმედება უფრო მობილური და დინამიური გახდება

02:05 | 06.12.2020
fereidneli (24)

თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით"----- რანაირად? ფიჯიმ რომ ჩვენთაინ ისეირნა ეგაა უკეთესი თამაში? სად ირლანდია და სად ფიჯი? რადგან ირლანდიაზე მეტი ქულა დავუდეთ ფიჯის? სამაგიეროდ ფიჯიმ 38 ქულა დაგვიდო და ირლანდიამ 23. თან ფიჯი პირველივე წუთებიდან გვიგებდა.

01:57 | 06.12.2020
ირაკლი (4)

რა თქმა უნდა რომ ამ დონეზე მოსაგებად მზად არ ვართ და კარგა ხანს ვერ ვიქნებით, მაგრამ უდავოა ტომ ამ დონეზე სათამაშოთ მზად ვართ. ისეთი კატასტროფა არ დაგვმართნია რაც იტალიელებს არ მოსვლიათ ამ ჩემპიონატზე. პრინციპში ჩვენ გარდა ყველას გაუმართლა: ნაცვლად იმისა რომ ფიჯისთან ეჭიდავათ და ან მოეგოთ ან არა იოლი ქულებიც დაიწერეს და თითო-თითო დასვენებაც მოიწყეს. ფიჯი კი ჩვენგან განსხვავებით სრულიად დასვენებული შეგვხვდა, ტრამვების გარეშე, ოპტიმალური ნაკრებით და თან ჩვენი თამაში 4 მატჩიან პერიოდში შეისწავლა, ჩვენ კი მათზე მხოლოდ შარშანდელი მონაცემები გვქონდა. ამას მათ მხეც უკანახაზელებს თუ დავამატებთ შედეგიც სახეზეა. პოზიტიური ის იყო რომ ბოლო წუთები ყველას "მოვუგეთ". ყოველ შემთხვევაში არც წაგვიგია...
შერკინების რა მოგახსენოთ, მეტის იმედი აქვთ ვიდრე აკეთებენ. სამაგიეროდ დისციპლინა უმაღლეს დონეზე აიწია: მგონი ერთი სინბინი 5 მატჩში.
მეტის მოლოდინი გვაქვს მაგრამ მინიმუმ არ შევრცხვით ამ ტურნირზე და ფიჯის რომ იტალიისთვის მოეგო, იქნებ ბოლოზე არც გავსულიყავით...

00:38 | 06.12.2020
dinamo222 (692)

კი კაცოო "სხვა გუნდი" ვართ @ რაშიც ძლიერები ვიყავით იმაშიც დავსუსტდით და ახალიც ვერაფერი ვისწაცლეთ @ მოკლედ ბოლო 3 წელია ჩვენი რაგბი უკან უკან მიდის @

23:24 | 05.12.2020
GENESIS (49)

საერთოდ, კარგი იქნება თუ ჩვენი მწვრთნელები ჰეიგს არ მიბაძავენ და საკუთარ წილ პასუხისმგებლობას რაღაც კომპონენტებში მაინც დაინახავენ და გაანალიზებენ.

0.091475