რაგბი ევროპის ახლადარჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც ამავდროულად მსოფლიო რაგბის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელია, „შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ის ამბობს, რომ გუნდმა თამაშიდან თამაშამდე უდიდესი პროგრესი განიცადა და ამით უმთავრესი მიზანი შესრულებულია:
„გაგვიმართლა იაპონიამ უარი რომ თქვა, თუმცა დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, რათა ტურნირზე ჩვენ მოვხვედრილიყავით და არა სხვა, რისი მცდელობებიც იყო. ეს ერთწლიანი ტურნირი ჩვენთვის იყო ისტორიული შანსი, ზედიზედ რამდენიმე მატჩი ჩაგვეტარებინა მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან და მიგვეღო ფასდაუდებელი გამოცდილება“.
„რაგბის კავშირი, სამწვრთნელო შტაბი და პირადად მეც, ამ ტურნირს განვიხილავ როგორც მოსამზადებელ ეტაპს 2023 წლის მსოფლიო თასისთვის. აქედან გამომდინარე შედეგზე დიდი მნიშვნელობა ქონდა, თამაშიდან-თამაშამდე გაუმჯობესებას, გამოცდილების მიღებას, რომელიც არსად დაიკარგება და რაც მთავარია, ახალგაზრდა მორაგბეთა დიდი ჯგუფის გამოცდა. პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე შედგა. ამ ტურნირში მონაწილეობა უნდა შეფასდეს როგორც დიდი სარგებლის მომტანი ქართული რაგბისთვის“.
დამშეულ ფიჯისთან
„შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნები დასკვნით მატჩს დღეს, ედინბურგში ფიჯისთან გამართავენ. ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ ობიექტურად, ფიჯი ჩვენზე ძლიერი გუნდია და ის, რომ დიდი ხანია არ უთამაშია, შეიძლება სხვა კუთხითაც დავინახოთ:
„ვეთამაშებით „დამშეულ“ და დასვენებულ ფიჯის, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ისინი მოწყურებული არიან თამაშს და სურთ დაამტკიცონ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ფიჯი ჩვენზე ძლიერია და უმძიმესი თამაში გველოდება. მაგრამ მაქვს შეგრძნება, ჩვენმა ბიჭებმაც დაიჯერეს, რომ ამ დონეზე თამაში შეუძლიათ“.
„ეჭვს არ იწვევს, რომ ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ და ირლანდიასთან უკვე ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიყავით. ძალიან კარგად იმუშავეს მწვრთნელებმა. ცუდია, რომ ტრავმები გვაქვს და ამის გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება, მაგრამ ეს რაგბია და ვერაფერს ვიზამთ“.
„ბევრ ჩემს მეგობარს ვესაუბრე და ისინი ბექა გორგაძეს საერთაშორისო დონის ვარსკვლავად მიიჩნევენ, მისი სახით ძალიან დიდი ძალა დაგვაკლდება. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა კოტე მიქაუტაძე, რაც ჩვენს შერკინებას უფრო ღონიერს და მძიმეს გახდის. გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდები, რომლებიც, სპეციალისტების აზრით, 2023 წლის მსოფლიო თასზე ყველასათვის კონკურენტუნარიანები იქნებიან“.
RUGBY.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია