დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” საკუთარი მოედნის უპირატესობა ვერ გამოიყენა, პარიზში ინგლისურ “ლონდონ უოსპსთან” 6:20 დამარცხდა და ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასს მიღმა დარჩა.
ერთი კვირის წინ ინგლისში განცდილი მინიმალური მარცხის შემდეგ (29:30), დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ პარიზელები ევროპის ახალ, უძლიერეს საკლუბო ტურნირში მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ შეცდომების სიმრავლემ, მათ შორის სამმა სინბინმა, მათ წარმატების მიღწევის საშუალება არ მისცა. ამასთან, კარგად ითამაშეს თავად ინგლისელებმა და მე-20 გუნდის სტატუსიც დამსახურებულად მოიპოვეს.
პლეი ოფის განმეორებით მატჩში “სტად ფრანსეს” სასტარტო შემადგენლობაში იყო ქუბრიაშვილი და მოედანზე 43 წუთი გაატარა. სტუმრების მიერ მე-6 წუთზე გატანილ ლელო-გარდასახვას, მასპინძლებმა ორი ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ ტაიმის ბოლოს ერთი თავადაც გაუშვეს და 6:10 ჩამორჩნენ. მე-60 წუთზე “უოსპსმა” მეორე ლელო გაიტანა, გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა და ანგარიში 17:6 გახდა. პარიზელებმა სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლეს, მათ მთელი 80 წუთი განმავლობაში ლელოს გატანის შანსი არ მისცემიათ, სტუმრებმა კი, 75-ე წუთზე საბოლოო შედეგი დააფიქსირეს და შინ ჩემპიონთა თასის საგზურით ხელდამშვენებული დაბრუნდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია