რაგბი ევროპას 2024 წლამდე კვლავ რუმინელი ოქტავიან მორარიუ უხელმძღვანელებს, სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი კი საქართველოს რაგბის კავშირის ყოფლი პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე იქნება.
რაგბი ევროპის გენერალური ასამბლეა, რომლის მთავარ საკითხსაც ორგანიზაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების და დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევა იყო, 4 დეკემბერს ონლაინ გაიმართა.
პრეზიდენტის არჩევნებში მორარიუმ ხმათა 80.95% მიიღო და კონკურენტს, რუსეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ კირილ იაშჩენკოს დიდი უპირატესობით აჯობა.
ინგლისელი, ფრანგი და ქართველი!
ჯერი დირექტორთა საბჭოს არჩევანზე მიდგა, სადაც 10 ადგილისთვის 24 კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის ერთ-ერთი გიორგი ნიჟარაძე იყო, რომელიც ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა და სულ სამი ხმით ჩამორჩა ინგლისელ რობ ადვინს.
თავის მხრივ, უკვე არჩეულმა დირექტორთა საბჭომ, სამი ვიცე-პრეზიდენტი აირჩია – საფრანგეთის რაგბის კავშირის გენერალური მდივანი კრისთიან დულინი, ინგლისის რაგბის კავშირის საბჭოს წევრი რობ ადვინი და გიორგი ნიჟარაძე, რომელიც, პარალელურად, საქართველოს წარმომადგენელია მსოფლიო რაგბის საბჭოში.
„ეს არის ქართული რაგბის აღიარება და დაფასება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ვიყოთ ჩართული ევროპული და გლობალური რაგბის განვითარების პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ რაგბში ექვსი ერი დომინირებს, რაგბი ევროპას ამბიციური გეგმები აქვს. ბევრი რამ ფინანსების მოზიდვაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ფაქტია, რომ რაგბი ევროპას სურს იყოს დომინანტი კონტინენტზე რაგბის განვითარების თვალსაზრისით და ამ ორგანიზაციაში საქართველო ტოპ-დონეზეა წარმოდგენილი. ეს არის ქართული რაგბის მრავალწლიანი მიღწევების და წინსვლის შედეგი“ – განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.
RUGBY.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
წარმატებას ვუსურვებ ბატონ გია ნიჟარაძეს ! ! !
წარმატებები გია ნიჟარაძეს ამ დიდ და საპასუხისმგებლო პოსტზე. იმედია, ქართულ რაგბს დიდ სარგებელს მოუტანს ამ ახალი თანამდებობიდან და ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისას იყო.