დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი”, მომავალ სეზონს საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში დაიწყებს.
“ტიროსთან” სტუმრად 19:21 მარცხის შემდეგ, განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველთა გუნდმა 17:9 იმარჯვა, ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა და მთავარი მიზანი შეასრულა. განვლილ მატჩში სრულად გაისარჯა “ბორჯღალოსანთა” მესამეხაზელი სუთიაშვილი, ოღონდ 74-ე წუთზე მეტოქეს წაეჩხუბა და რეფერიმ ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა. სასტარტო შემადგენლობაში იყო აშვეთია და ის ყუფარაძემ 53-ე წუთზე შეცვალა, ხოლო დადუნაშვილი პირველიდან 72-ე წუთამდე გაისარჯა.
ანგარიში “ტიროსმა” ჯარიმით გახსნა, მაგრამ მე-12 წუთზე მასპინძლებმა ლელოთი უპირატესობა მოიპოვეს, ხოლო 32-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 8:3 მოიგეს. 4 300 მაყურებლის გასახარად, მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში “მასიმ” კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა, თავად ერთი გაუშვა და ანგარიში 17:6 გახდა. სტუმრებმა 75-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მერე ქულის აღება ვეღარ შეძლეს და 8 ივნისს ფინალში “მასი” ითამაშებს.
დასკვნით მატჩში მისი მეტოქე “მონტობანი” იქნება, რომელმაც გიორგი სორდიას “ლილი” 35:12 დაამარცხა. ქართველის გუნდმა პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ამ გუნდს სეზონის პირველი მარცხი აგემა 17:12 აჯობა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ახალგაზრდა მესამეხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ტაიმი 12:12 დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა 23 უპასუხო ქულა ჩაიწერეს და “ლილი” ელიტაში არ შეუშვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია