ბორჯღალოსნები

19:14 | 28.11.2020 | ნანახია 1557 - ჯერ

ირლანდია - საქართველო | მწვრთნელის და კაპიტნის პრესკონფერენცია

დუბლინში ‘ავივაზე’ ირლანდიასთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.

გუნდი დუბლინში გუშინ ჩაფრინდა. მაისაშვილი ამბობს, რომ მთელი კვირის განმავლობაში მშრალი ამინდი იყო და საქართველო უკეთაა მომზადებული, ვიდრე წინა მატჩებში იყო:

„მთელი კვირა მშრალი ამინდი იყო და პირველად მოგვეცემა ასეთ პირობებში თამაშის შესაძლებლობა. ეს მოგვცემს ბურთის უკეთ გაკონტროლების შესაძლებლობას და იმედია, ტექნიკური წუნიც ნაკლები იქნება. თუმცა ეს შესაძლებლობა მეტოქესაც ექნება და დაცვაში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ“.

„ირლანდიასთან მატჩამდე დასვენებისთვის ერთი დღით მეტი გვქონდა. ეს კვირა შეტევის დახვეწაზე ვიმუშავეთ, ბოლო ვარჯიშზე ყველაფერი კარგად გამოგვივიდა და იმედს ვიტოვებ, რომ ამას მოედანზეც გადავიტანთ. ჩემთვის უფრო საინტერესოა ჩვენ რას გავაკეთებთ, როგორ წავიწევთ წინ შეტევაში და ავიღებთ ქულებს, ვიდრე ის, რას შემოგვთავაზებს მეტოქე“.

„ვეცდებით თამაში ირლანდიის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ უკვე ხელით ვითამაშოთ. ვარჯიშებზე თავდაჯერებულობა, სისტემისადმი ნდობა იგრძნობოდა. უკეთ გამოვიყურებოდით კოლექტიურად. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტატიკური ფაზების მოგება და მეტოქისთვის ხელის შეშლა“.

„კარგია ირლანდია უძლიერესი შემადგენლობით რომ გვეთამაშება. თუ შევძლებთ მათთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევას, ისინი გაცილებით დიდ წნეხში მოექცევიან“.

მაისაშვილის თქმით, ოფიციალურად ჯერ უცნობია შედგება თუ არა მეოთხე მატჩი ფიჯისთან, თუმცა დიდი ალბათობით, ბორჯღალოსნებს ამის შესაძლებლობა ექნებათ:

„ოფიციალურად არც უარი მიგვიღია და არც თანხმობა უთქვამთ, თუმცა გვქონდა კონტაქტი ფიჯის სამწვრთნელო შტაბთან, გუნდის დიდი ნაწილი უკვე ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ეს თამაშიც შედგება“.

მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ გუნდი ამ თამაშს საუკეთესოდ მომზადებული ხვდება:

„დამატებითი ერთი დღით დასვენება ნამდვილად წაგვადგა და წინა მატჩებთან შედარებით, ახლა საუკეთესოდ ვართ მომზადებული. ვარჯიშებზე მართლაც ყველაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მთელი კვირის ნაშრომი მოედანზე ვერ გადაგაქვს. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ კარგი ვარჯიშები მოედანზე აისახოს“.

„გვყავს ორი დებიუტანტი – ალანია და ნინიაშვილი, რომლებიც პერსპექტიული ბიჭები არიან. ორივე კარგ ფორმაშია, იციან თავისი საქმე და მათი ძალიან გვეიმედება“.

„2014 წელს ირლანდიასთან დიდი სხვაობით დავმარცხდით და იმ თამაშს სასიამოვნოდ ვერ გავიხსენებ. ესაა დისციპლინირებული, მანქანასავით აწყობილი გუნდი, რომელიც ბურთს დიდხანს ინარჩუნებს და ყველაფერს მაღალი ხარისხით ასრულებს. ჩვენ ამისთვის მობილიზებული უნდა ვიყოთ“.

საქართველოსა და ირლანდიის მატჩი 29 ნოემბერს, ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება.

RUGBY.GE


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:00 | 29.11.2020
qomagi (248)

აი მაისაშვილო, რომ გვაბოლებ ბევრი ვისწავლეთ ამ თამაშებიდანო - ირლანდიასთან ამ პირველ ტაიმში ნასწავლი და გაუმჯობესებული რა არის? კვესელაძის ინდივიდუალური ლელო არ ითვლება. შერკინება საშინელი, მოლი საშინელი, ნარიაშვილს საერთოდ მაგრად აქვს მოკლებული, დამწყები მოთამაშესავით ირჯება, დერეფანი კატასტროფა, დაცვაში ჯაჯგური და შეტევის მაგივრად ისევ ფეხით ცუდად მოგერიება, რაც მოწინააღმდეგეს ისევ შეტევის დაწყების საშუალებას აძლევს, ხაზზე სულ ირლანდიის მეტობა მინიმუმ 1-2 კაცით, რა ისწავლეთ და რას მოუმატეთ, პირველივე ტაიმში 5 ლელო რომ არ დაგვიდეს?
დროულად უცხოელი მაღალი დონის მწვრთნელთა შტაბი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში და არანაირი მაისაშვილი და ქართველი მწვრთნელები, თუ გვინდა რომ განვვითარდეთ და წინ წავიდეთ. გასასამართლებლად იმის ძახილი, რომ მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერია, არ გამოდგება, ტოპ-1 დონის გუნდები სულ ჩვენზე ძლიერები იქნებიან, თუ ჩვენ არ მოვინდომებთ, რომ მათზე მეტად ძლიერად და ჭკვიანურად ვითამაშოთ. მარტო სურვილი და ჟინი არ გამოგვადგება, მაღალი კლასი და დონეა საჭირო, რაც მაისაშვილს არ აქვს.

0.074415