ამბები

18:36 | 26.11.2020 | ნანახია 814 - ჯერ

ნიკა ამაშუკელი | ზღაპარი ‘მარიფილდზე’ და ქართული დერბი ჩელენჯ ქაფზე

ნიკა ამაშუკელის ისტორია ლამაზ ზღაპარს გავს. 26 წლის ქართველმა რეფერიმ, 2007 წელს პირველ სარაგბო მატჩს უყურა – მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებმა ირლანდიას ბორდოში დიდი ბრძოლა გაუმართეს და ტურნირზე პირველი, ისტორიული ქულა მოიპოვეს (10:14). იმ მატჩს უეინ ბარნსი მსაჯობდა. გავიდა 13 წელი და მსოფლიოს საუკეთესო მსაჯის მხარდამხარ, ნიკას ელიტური დებიუტი შედგა.

„ენით აღუწერელი ემოციაა, როდესაც ასეთი ვარსკვლავების გარემოცვაში, ასეთ მსაჯთან ერთად შესანიშნავ სტადიონზე მსაჯობ. ჩემთვის, 26 წლის ქართველი ბიჭისთვის ეს სიმბოლური იყო. პირველი სარაგბო მატჩი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვუყურე, იყო 2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდია-საქართველო და ახლა, ამ დონეზე, პირველი თამაში სწორედ უეინ ბარნსთან ერთად ვიმსაჯე, რომელსაც ეს შეხვედრა ძალიან კარგად ახსოვს“ – ამბობს ამაშუკელი და განაგრძობს:

„ბარნს გათვითცნობიერებული ქონდა, რომ ამ დონეზე პირველად ვმსაჯობდი, შეიძლებოდა წნეხის ქვეშ ვყოფილიყავი და მარტივად შემოვიდა ურთიერთობაში. უშუალობა პროფესიონალიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელია. თამაშის წინ გავიარეთ დეტალური ანალიზი. ვიმუშავეთ გუნდების სპეციფიკაზე, განვიხილეთ ყველა ნიუანსი, გვქონდა ვოდეო-გარჩევები და პრეზენტაციები. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ და გავუზიარებ ქართველ მსაჯებს“.

„უეინს მოედანზე კარგი აურა აქვს. როგორც მოთამაშეები, მსაჯებიც უშვებენ შეცდომებს და აქაც იყო პატარ-პატარა ეპიზოდები, მაგრამ ბარნსი იმდენად კარგი მენეჯერია, რომ მის მიმართ ნდობა ძალიან დიდია“.

„შემოდგომის ერთა თასის“ მეორე რაუნდში, „ბ“ ჯგუფის ფაქტობრივ ფინალში, საფრანგეთმა შოტლანდიას 22:15 სძლია. ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავლად იყვნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები:

„ამ ბიჭებს ყველაფერში ეტყობათ პროფესიონალიზმი და მათგან მსაჯების მიმართ დიდი პატივისცემა იგრძნობოდა. ეს ხდება მოედანზე და მის მიღმაც. ასეთ დონეზე ბევრი რამ სწორედ მოედანს მიღმა ხდება. მნიშვნელოვანია, რომ მსაჯმა თუ მოთამაშემ, საუკეთესოდ წარადგინო შენი ქვეყანა და საკუთარი თავი“.

ამაშუკელს „მარიფილდზე“ 28 ნოემბერსაც უნდა ემსაჯა, მაგრამ ფიჯის ნაკრებში კოვიდ-ინფექციის აფეთქების გამო, შოტლანდიასთან მატჩი გაუქმდა:

„გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ეს იქნებოდა კიდევ ერთი შესანიშნავი გამოცდილება, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია და ასეთი დაუგეგმავი ცვლილებებიც გვექნება. სამწუხაროდ, მატჩის დასრულების შემდეგ მალევე მომიწია მსაჯებთან დამშვიდობება. მათ ქართული ღვინო დავუტოვე, რომელიც ძალიან მოეწონათ. ამით არაფერი სრულდება და დარწმუნებული ვარ ასეთი დონის თამაშები მომავალშიც იქნება“.

ორი მატჩი ჩელენჯ ქაფზე

სულ მალე ნიკა ამაშუკელს ორი მაღალი დონის შეხვედრა ელის, ამჯერად საკლუბო დონეზე. ის უკვე ორი წელია ჩელენჯ ქაფის შეხვედრებს მსაჯობს და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია.

ქართველ რეფერის 11 დეკემბერს „ქართული დერბის“ მსაჯობა მოუწევს. შალვა მამუკაშვილის ‘ლესთერ თაიგერსი’ ქართველების ‘ბრივს’ მასპინძლობს, რომლის შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, თედო აბჟანდაძე, ბადრი ალხაზაშვილი, სოსო ბეკოშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ვანო კარკაძე და ირაკლი ცხადაძე თამაშობენ.

ერთ კვირაში, 19 დეკემბერს, ამაშუკელი ინგლისურ-უელსურ დაპირისპირებას იმსაჯებს, რომელშიც ‘ვუსთერი’ ‘ოსპრეიზს’ მასპინძლობს:

„ჩელენჯ ქაფზე შესანიშნავი გუნდები თამაშობენ და მივიღე დანიშვნა ორ შესანიშნავ შეხვედრაზე. ძალიან მალე ვიმსაჯებ შალვა მამუკაშვილის ‘ლესთერისა’ და სანახევროდ ქართული ‘ბრივის’ შეხვედრას, რომელშიც ჩვენთვის საყვარელი მორაგბეები თამაშობენ. მათთან მოედანზე შეხვედრა სასიამოვნო იქნება. ‘ლესთერის’ მატჩი ერთხელ უკვე ვიმსაჯე და კლუბის წარმომადგენლებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ერთ კვირაში ინგლისურ-უელსური დაპირისპირება მელის და გახარებული ვარ ასეთი დონის თამაშები ქართველ მსაჯს რომ ანდეს. სამწუხაროა, რომ კოვიდ-რეგულაციების გამო, ინგლისში მარტო მომიწევს წასვლა და კიდეებიდან თანამემამულეები ვერ დამეხმარებიან“.

RUGBY.GE


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:49 | 27.11.2020
qomagi (248)

წარმატებები ნიკას!!! ძალიან კარგია, როდესაც ქართველ მსაჯს და თან ასეთ ასაკში ანდობენ უმაღლესი დონის თამაშს. პლუს ჩელენჯ ქაფზე მუდმივი პრაქტიკა. იმედია მალე სხვა ქართველი მსაჯებიც შეუერთდებიან ნიკას ამ დიდ საქმეში და ქართული მსაჯთა კორპუსიც იტყვის თავის სიტყვას მსოფლიო რაგბში, რაც ძალიან წაადგება ჩვენს ნაკრებსაც.

0.087049