იაპონიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, აზიის ხუთი ერის თასი მოიგო და 2015 წლის ინგლისის მსოფლიო თასზე თამაში დაიბევა.
აზიის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ტურში, მათ ტოკიოში 40 ათასი მაყურებლის წინაშე მთავარი მოცილე ჰონკონგი 49:8 დაამარცხეს, პირველი ადგილი დაიკავეს და B ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, სამოასთან, შოტლანდიასა და აშშ-სთან ითამაშებენ.
რთული დასაწყისის მიუხედავად, იაპონელებმა მეტოქეს გაშლილი რაგბი შესთავაზეს და პირველ ტაიმშივე ოთხი ლელო გაიტანეს. ჰონკონგი უბრძოლველად არ დანებდა, მაგრამ ობიექტურად ძლიერ გუნდთან არაფერი გამოუვიდათ, აზიაში მეორე ადგილზე გავიდნენ და რეპეშაჟში გადაერთვებიან, სადაც მათი პირველი მეტოქე ურუგვაის ნაკრები იქნება.
გასულ შაბათს ერთა თასის მესამეადგილოსანმა რუსეთმა, ევროპის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ჰამბურგში გერმანია 31:20 დაამარცხა და საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ჩაერთვება. ეს იყო ბოლო მატჩი, რომელიც “დათვებმა” უელსელი კინგსლი ჯონსის ხელმძღვანელობით გამართეს და ამიერიდან, რუსეთის ნაკრებს საფრანგეთი მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ფილიპ სან-ანდრეს ძმა რაფეილი გაწვრთნის.
გერმანელებმა რუსებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და იოლად არ დანებდნენ, მაგრამ ჯამში კლასით მაღალმა გუნდმა იმარჯვა. ახლა რუსები რეპეშაჟის პირველ ეტაპზე აფრიკის შესარჩევი ეტაპის მეორეადგილოსან ეთამაშებიან. აფრიკაში ნამიბიის, ზიმბაბვეს, კენიისა და მადაგასკარს შორის პირველ ადგილზე გასული გუნდი, მსოფლიო თასზე ჯგუფში საქართველოსთან მოხვდება, ხოლო მეორე ადგილოსანი რეპეშაჟში ჩაერთვება. აფრიკის დასკვნითი შესარჩევი ეტაპის მატჩები 28 ივნისიდან 6 ივლისამდე მადაგასკარში გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია