ბორჯღალოსნები

10:23 | 22.11.2020 | ნანახია 1777 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "საწყენია, რომ თამაშის მსვლელობა ანგარიშში არ აისახა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რვა ერის მეორე ტურში უელსთან (0:18) მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა უკეთ ითამაშა, ვიდრე ინგლისთან და თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს.

„საწყენია, რომ თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს. შეგვეძლო შეტევაში უკეთ გვეთამაშა და ქულები აგვეღო, რასაც სამწუხაროდ ისევ ვერ ვახერხებთ. იმედგაცრუებული ვარ შერკინებაში ბევრი ჯარიმით. დაცვის და შეტევის მოლი უკეთესი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დავკარგეთ ბურთი. მთლიანობაში უკეთესი შეტევები გვქონდა, მაგრამ ცუდ ამინდში ბურთი ცურავდა და გვქონდა ტექნიკური წუნი. შეიძლებოდა ჯარიმების გატანაც, მაგრამ ანგარიში 18:6 თუ იქნებოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. მორაგბეები თავდაჯერებულები იყვნენ და ლელოზე თამაში არჩიეს, რასაც პრობლემად არ ვთვლი.

ინგლისი უელსზე უკეთესი გუნდია, თუმცა ჩვენ შეტევაშიც და დაცვაშიც ახლა უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები, სადაც ბევრჯერ დავჯარიმდით და ბურთი დავკარგეთ. უკეთესობა გვაქვს თამაშის მართვაში, თუმცა ეს ჯერ კვლავ პრობლემად რჩება. ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან ბურთის და ტერიტორიის კონტროლი მნიშვნელოვანია, რაც პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ.

წინ გვაქვს ირლანდიასთან შეხვედრა, რომელიც ექვსი ერის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს. ორშაბათამდე გვეცოდინება რა მდგომარეობაა ტრავმების მხრივ და მზადებაც ამის მიხედვით დაიგეგმება. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და მივიღოთ გამოცდილება", - თქვა მაისაშვილმა.

თედო აბჟანდაძე: „სისტემა მუშაობს და უნდა გავაუმჯობესოთ“

"მოედანზე თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდით, ვიდრე ინგლისთან და 75-ე წუთამდე თამაშში დავრჩით, მაგრამ რამდენჯერმე ვერ შევძელით ქულების აღება. ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა და ბურთს ვკარგავდით. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც ჯარიმის გატანა შეიძლებოდა, მაგრამ მორკინალები მოლში თავს კარგად გრძნობდნენ და ლელოზე თამაში ვარჩიეთ. სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომის გამო ბურთი აქაც დავკარგეთ.

ჩვენი მიზანი იყო, ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა ხელით, მაგრამ პირველ ტაიმში ეს ვერ შევძელით. ამით იყო განპირობებული ფეხით ბევრი თამაში. შესვენების შემდეგ პოზიციურად უკეთ ვიყავით და გავთამამდით.

თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და უფრო თამამები ვართ შეტევაში. ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. დღეს გამოჩნდა, რომ სისტემა მუშაობს, უპირატესობის ხაზსაც ვკვეთდით, მაგრამ მერე შეცდომებს ვუშვებდით. ვფიქრობ, ამ სისტემაში უნდა დავრჩეთ და გავაუმჯობესოთ", - აღნიშნა აბჟანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რვა ერში მესამე შეხვედრას 28 ნოემბერს, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:07 | 24.11.2020
qomagi (248)

ჟვანიაზე მეც დიდი ხანია ვკითხულობ, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს. ჩვენს უნიათო ჟურნალისტებს ან ეზარებათ ჰკითხონ თვითონ ჟვანიას და სანაკრებო შტაბს და ან არ უნდათ მწვრთნელების გაღიზიანება ამ შეკითხვით. ისე მიზეზი მგონი მაისაშვილი-ჟვანიას ურთიერთობებში უნდა იყოს, ჰეიგის დროსაც ხომ მაისაშვილი იყო მთელი 8 წელი მისი მარჯვენა ხელი და მარტო ჰეიგიც არ წყვეტდა კანდიდატების შერჩევის ამბავს.

10:18 | 24.11.2020
deme2222 (46)

ჟვანიამ დაასრულა რაგბი? ნაკრებში ისევ რატომ არ იძახებენ რაუბედურებაა!!!

20:25 | 23.11.2020
qomagi (248)

ჯამში ინგლისთან თამაშს სჯობდა და უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ უელსი ჯერ ერთი, რომ წელს ძირითადი შემადგენლობითაც კი ბევრად სუსტია ინგლისზე, მეორე ინგლისმა უფრო დაგვაფასა და ძირითადი შემადგენლობით გვეთამაშა და მესამე, უელსმა საბავშვო ბაღით და ორი მასწავლებლით - ტიპურიკითა და უილიამსით მოგვიგო. როგორც ჩვენ გაგვყავს ლამის მესამე შემადგენლობა ბელგიის დონის გუნდებთან, ისეთივე შემადგენლობა დაგვიყენა უელსმა.
ამ ფონზე სამარცხვინო იყო ჩვენი შერკინება, გვათრიეს რასაც ჰქვია, ჩვენების ასე დაჩაგვრა შერკინებაში, რაც ამ ბოლო 3 თამაშში მოხდა, მე ჯერ არ მახსოვს. ფაქტია, რომ ჩვენი მთავარი იარაღი - შერკინება და მოლი აღარ გვაქვს.
სასწრაფოდ არის საჭირო ახალი მაღალი დონის სპეციალისტი, რომ ტოპ გუნდებთან ასეთ შეხვედრებში მართლაც რომ გავიზარდოთ და უახლოეს პერსპექტივაში 10-დან 2-3 თამაშის მოგება მაინც რომ შევძლოთ. სხვანაირად ვერ განვვითარდებით და სტაგნაცია დაგვეწყება.

0.088011