ბორჯღალოსნები

23:12 | 21.11.2020 | ნანახია 2091 - ჯერ

რვა ერი - ზედიზედ მეორე მარცხი ნულზე

შემოდგომის ერთა თასზე, იგივე რვა ერზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა და ისევ უქულოდ დამარცხდა. ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა ინგლისთან 0:40 წააგო, ხოლო ამჯერად, უელსის ნაკრებთან შედარებით საპატიო ანგარიშით იწვნია მარცხი - 0:18.

დასანანია, რომ ზედიზედ ორ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებმა“ კინკილა ქულაც ვერ მოიპოვეს. შეტევაში არც უელსის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში ყოფილა სახეირო არაფერი და თამაშის ნული ქულით დასრულებაც ლოგიკურია. საპასუხოდ, დაცვაში უფრო გამართულად ითამაშა ნაკრებმა და მხოლოდ ორი ლელო გაუშვა. პირველი ტაიმის შუაწელს და მატჩის მიწურულს.

ორ ლელოს ორი ჯარიმა და ერთი გარდასხვაც დაემატა და საბოლოოდ 0:18. ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორი ტურის თავზე 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. მეორე ტურის მეორე მატჩი ინგლისის ნაკრებმა ირლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 18:7 აჯობა.

მესამე ტურში „ბორჯღალოსნები“ 28 ნოემბერს, ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რითაც ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას დაასრულებენ. შედგება თუ არა შემოდგმის ერთა თასზე მეოთხე თამაში ფიჯის წინააღმდეგ, ეს ჯერ უცნობია, რადგან მეტოქის ბანაკში კორონავირუსის ეპიდემიაა გავრცელებული და ყველაფერი ამ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

უელსი - საქართველო 18:0 (10:0)

ქულები: შიდი (9, ჯ), ზამიტი (25, ლ), შიდი (26, გ), შიდი (51, ჯ), ვები (75, ლ)

უელსი: ვ. ჯონსი (სმითი 67), დი (პერი 70), ლი (ბრაუნი 62), ბოლი, დევისი (ჰილი 62), ბოთემი, ტიპურიჩი (ჯ.დევისი 55), უეინრაიტი, ჰარდი (ვები 55), შიდი, ზამიტი, ჯ. უილიამსი, ტომპკინსი, მაკნიკჰოლი (ჰოლმსი 42), ლ. უილიამსი (ლოიდი 58)

საქართველო: ნარიაშვილი (გოგიჩაშვილი 54), ბრეგვაძე (ჭყოიძე 62), გიგაშვილი (ყაულაშვილი 54), ქერდიყოშვილი, მიქაუტაძე (ჯაიანი 37), გიორგაძე (თხილაიშვილი 55), საღინაძე, გორგაძე, ლობჟანიძე (აფრასიძე 55), აბჟანდაძე, თოდუა (თაფლაძე 77), შარიქაძე, კვესელაძე, ტაბუცაძე (მჭედლიძე 77), ხმალაძე


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:27 | 23.11.2020
qomagi (248)

ჯამში ინგლისთან თამაშს სჯობდა და უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ უელსი ჯერ ერთი, რომ წელს ძირითადი შემადგენლობითაც კი ბევრად სუსტია ინგლისზე, მეორე ინგლისმა უფრო დაგვაფასა და ძირითადი შემადგენლობით გვეთამაშა და მესამე, უელსმა საბავშვო ბაღით და ორი მასწავლებლით - ტიპურიკითა და უილიამსით მოგვიგო. როგორც ჩვენ გაგვყავს ლამის მესამე შემადგენლობა ბელგიის დონის გუნდებთან, ისეთივე შემადგენლობა დაგვიყენა უელსმა.
ამ ფონზე სამარცხვინო იყო ჩვენი შერკინება, გვათრიეს რასაც ჰქვია, ჩვენების ასე დაჩაგვრა შერკინებაში, რაც ამ ბოლო 3 თამაშში მოხდა, მე ჯერ არ მახსოვს. ფაქტია, რომ ჩვენი მთავარი იარაღი - შერკინება და მოლი აღარ გვაქვს.
სასწრაფოდ არის საჭირო ახალი მაღალი დონის სპეციალისტი, რომ ტოპ გუნდებთან ასეთ შეხვედრებში მართლაც რომ გავიზარდოთ და უახლოეს პერსპექტივაში 10-დან 2-3 თამაშის მოგება მაინც რომ შევძლოთ. სხვანაირად ვერ განვვითარდებით და სტაგნაცია დაგვეწყება.

21:02 | 22.11.2020
GENESIS (49)

თითქოს, ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ყველას ეჭვი გვაქვს, რომ მიზეზთა გამო, უძლიერესების კრებული ეს არ არის და პოტენცია მეტია. განსაკუთრებით, ბურჯებით მდიდარი ქვეყნის პირობებში, აქცენტის, სულ ერთი და იგივე წყვილებზე გაკეთება, და სხვების, იგნორირება, მაშინაც, როდესაც ამ წყვილებს შესაძლოა არ მისდიოდეთ თამაში, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია..
საერთოდ, შესაძლოა. ამ კონკრეტულ შეხვედრას არ ეხებოდეს, მაგრამ, ზოგადად, დებიუტანტების ეროვნულში სარეკლამო დაყენებების, ჩვენში ერთობ დანერგილი პრაქტიკაც, არასწორი მგონია.. ახალგაზრდამ ოფლით და კლუბებში დაუზოგავი შრომით უნდა მოიპოვოს სანუკვარი მაისური..
ალბათ შესაძლებელია, ყველაფერი დალაგდეს, თუ, ერთხელ და საბოლოოდ, სარაგბო თემის ყველა გავლენიანი ჯგუფი გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს და მემორანდუმივით გააფორმებს შეჯერებულ აქტს, სადაც ყველა აღიარებს ეროვნული ნაკრების მოღვაწეობასა და სელექციაში აბსოლუტურ ჩაურევლობას. დაინიშნება, სრულად დამოუკიდებელი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც ჰეიგისგან განსხვავებით, არ იქნება, გავლენიანი ან ხელფასის გადამხდელი ჯგუფების დავალებების უპირობო შემსრულებელი. ეყოლება სელექციის ერთი უცხოელი ასისტენტი, რომელიც დააკვირდება ეროვნულ ჩემპიონატს და ლეგიონერებს და „ზემოდან რეკომენდაციების“ გარეშე, წარუდგენს მწვრთნელს პერიოდულ ანგარიშს მორაგბეებზე. კი ბატონო, იყვნენ, ქართველი ასისტენტები, ფიზიკურ მომზადებასა და სხვა სარაგბო კომპონენტებში, მაგრამ, არამც და არამც სელექციაში..

23:39 | 21.11.2020
dinamo222 (692)

სირცხვილია ასე ნულზე თამაშები ! ერთი ჯარიმა მაინც გაეტანათ @ როცა ძლიერები ვიყავით მაშინ არ გაგვიკარეს ახლოს და ეხლა დრო იხელთეს და გვანადგურებენ @@

0.111462