‘ბაიონის’ მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე უკვე ინგლისშია და ბორჯღალოსნებთან ერთად „შემოდგომის ერთა თასის“ მომავალი თამაშებისთვის ემზადება.
29 წლის ბორჯღალოსანმა წლის დასაწყისში აქილევსზე ურთულესი ტრავმა მიიღო, რის გამოც რვა თვე გაუცდა და ‘მონპელიემაც’ კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა. მან ცოტა ხნის წინ დაასრულა რეაბილიტაცია, ტოპ 14-ის ‘ბაიონს’ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შეუერთდა და უკვე სამი თამაშის ჩატარებაც მოასწრო.
„8-თვიანი პაუზის შემდეგ, ჯერჯერობით საუკეთესო ფორმისგან შორს ვარ, თუმცა კვირიდან კვირამდე პროგრესი აშკარად იგრძნობა. დიდ დროს ვუთმობ ფიზიკურ მომზადებას“ – ამბობს მიქაუტაძე, რომლისთვისაც „შემოდგომის ერთა თასზე“ თამაში, მსოფლიო თასზე მონაწილეობის ტოლფასია:
„ეს ტურნირი ქართული რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ზედიზედ მეორე წელია მსოფლიო თასს ვთამაშობთ. ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ყველა კომპონენტის განვითარებისთვის და რაც მთავარია, თამაშიდან თამაშამდე გავაკეთოთ სწორი ანალიზი, რათა პროგრესის გზაზე სწორი მიმართულებით ვიაროთ“.
„მომენტების გამოყენება უნდა ვისწავლოთ“სანამ მიქაუტაძე რეაბილიტაციას დაასრულებდა და ნაკრებს შეუერთდებოდა, ბორჯღალოსნებმა ორი თამაში გამართეს – შოტლანდიასთან გასახურებელი მატჩი და რვა ერზე ინგლისთან. კოტე გუნდის პროგრესით კმაყოფილია და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ დონეზე მომენტების რეალიზება ვისწავლოთ:
„გუნდში მრავლად არიან ახალი მოთამაშეები, რომელთაც პანდემიიდან გამომდინარე, არა მხოლოდ მაღალი დონის შეხვედრები, არამედ საერთოდ სათამაშო პრაქტიკა და შეთამაშება აკლია“.
„მიუხედავად ინგლისის ნაკრებთან დაფიქსირებული შედეგისა, გუნდს დაცვაში აშკარა პროგრესი ეტყობოდა. გაკეთდა 100-ზე მეტი ბოჭვა და მხოლოდ 10 გაფუჭდა. უკეთსობა იყო დისციპლინის მხრივაც, წინა მატჩთან შედარებით ნაკლები ჯარიმა ავიღეთ და ბურთსაც მეტხანს ვაკონტროლებდით“.
„მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის მეტოქეებთან თამაშისას ჩვენი მომენტების მაქსიმალურად გამოყენება ვისწავლოთ. რაგბი-ევროპის ჩემპიონატზე, თუ კონკრეტული მომენტის რეალიზებას ვერ ვახერხებთ, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ვიცით, რომ შანსი კიდევ გვექნება, მაგრამ ტიერ1-ის გუნდებთან სხვა სიტუაციაა. აქ ბურთს მეტი გაფრთხილება ჭირდება. ინგლისთან და მისი დონის გუნდებთან თამაშისას უნდა ვეცადოთ, რომ დაცვაში ნაკლები დრო გავატაროთ, რადგან ისინი შეცდომებს ნაკლებად გპატიობენ“.
„უნდა დავივიწყოთ ვის ვეთამაშებით“„შემოდგომის ერთა თასის“ მეორე ტურში ბორჯღალოსნები უელსს ჰლანეჰლიში, 21 ნოემბერს ეთამაშებიან. აქამდე „დრაკონებს“ ორჯერ შვხვდით – 2017 წელს „მილენიუმზე“ (6:13) და 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიაში (14:43).
აღსანიშნავია, რომ უელსელებს 2020 წლის პირველ მატჩში, პირველ თებერვალს იტალიასთან მოგების შემდეგ, ზედიზედ ექვსი მარცხი დაუგროვდა. კოტეს აზრით, ეს მეტოქის მოტივაციას ამაღლებს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი თამაშის ხარისხის გაუმჯობესება:
„ბოლო დროინდელი შედეგების მიუხედავად, უელსი ძალიან ძლიერი ნაკრებია და სწორედ იმიტომ, რომ ამდენი ხანია არ მოუგია, ჩვენთან გაათმაგებული მოტივაციით ითამაშებს“ – აღნიშნავს მიქაუტაძე და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი თამაშის გაუმჯობესება:
„თუ პროგრესი გვინდა, უნდა დავივიწყოთ ვის ვეთამაშებით და კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, ჩვენ რას გავაკეთებთ. განვლილი თამაშების ანალიზის შედეგად უნდა გამოვასწოროთ ჩვენი სუსტი მხარეები. მნიშვნელოვანია მეტი თვითდაჯერებულობა, მეტი თვითკრიტიკა ინდივიდუალურად და საკუთარ თავზე მუშაობა“.
RUGBY.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია