ბორჯღალოსნები

19:24 | 11.11.2020 | ნანახია 804 - ჯერ

საქართველო „რვა ერზე“ და შარიქაძე მეგობრების წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც კარიერის საწყის ეტაპზე ჰართპურის კოლეჯის გუნდის წევრი იყო და 2012 წელს ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, „შემოდგომის ერთა თასზე“ მეგობრების წინააღმდეგ ითამაშებს.

9 ნოემბრის ონლაინ-პრესკონფერენციის დროს, The Telegraph-ის, The Times-ისა და The Guardian-ის ჟურნალისტებმა, 27 წლის კაპიტანს ‘ჰართპურში’ გატარებული პერიოდი გაახასენეს.

შარიქაძის წინასწარმატყველება

რვა წლის წინ ‘ჰართპურის’ საჩემპიონო გუნდში შარიქაძის მხარდამხარ ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც ინგლისის ნაკრების მორაგბეები, ელის გენჯი და ჯონი ჰილი, ასევე უელსელი როს მორიარტი და იტალიელი კალუმ ბრეილი არიან. „თვიქენჰემზე“ გამართულ ფინალურ მატჩში, მაშინ ‘ჰართპურიმ’ ‘ჰენლი კოლეჯი’ 34:21 დაამარცხა, ახლა კი, შარიქაძე ამ დიდებულ არენაზე საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში ბრუნდება და გენჯისა და ჰილის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

გენჯი ინგლისის ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობს და 19 კეპი მოიხვეჭა. მან ორჯერ ითამაშა 2019 წლის მსოფლიო თასზე, ჰილის სანაკრებო დებიუტი კი რამდენიმე დღის წინ, იტალიის ნაკრებთან შედგა. შარიქაძემ გაიხსენა ის დრო, როდესაც ჰილს დიდი რაგბის თამაში უწინასწარმეტყველა:

„მათთან რამდენიმე შესანიშნავი წელი გავატარე და ბევრი რამ ვისწავლე. ჯონს ალბათ არ ემახსოვრება, თუმცა მე კარგად მახსოვს დღე, როდესაც ის რატომღაც იმედგაცრუებული იყო და ამბობდა, რომ უმაღლეს დონეზე ვერასდროს ითამაშებდა. მე მას შევხედე და ვუთხარი – „ნუ განიცდი, მოვა დრო და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთსო გახდები“. ახლა ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს დაიმსახურა. გენჯთან და ჰილთან მოედანზე შეხვედრა საინტერესო იქნება“.

„ბევრმა ადამიანმა იშრომა, რათა ჩვენ აქ გვეთამაშა“

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, „თვიქენჰემზე“ გასამართ პირველ, ისტორიულ მატჩს „ყველაზე დიდ შესაძლებლობას“ უწოდებს, შარიქაძე კი ამბობს, რომ თუ მატჩიდან მატჩამდე იქნება გაუმჯობესება, მაშინ ამ ტურნირში მონაწილეობა წარმატებულად ჩაითვლება:

„ძალიან ბევრმა ადამიანმა იშრომა იმისთვის, რომ ჩვენ მსგავსი დონის ტურნირში მიგვეღო მონაწილეობა. წინა თაობების მორაგბეები, რაგბის კავშირის თანამშრომლები, წლების განმავლობაში შრომობდნენ, რათა ეს შესაძლებლობა მიგვეღო. გულშემატკივრები ჩვენგან კარგ თამაშს ელოდებიან და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. უნდა ვაჩვენოთ, რომ მომავალშიც ვიმსახურებთ ამას.“

„გულშემატკივრებს მოსწონთ ჩვენი თავდადება, ბოლომდე ბრძოლა და ისინი კარგი თამაშის მოლოდინში არიან. კარგად გვესმის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ და გამარჯვება ურთულესი იქნება, თუმცა გვსურს, რომ მათ წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო ვერსიით წარვსდგეთ. და როდესაც ტურნირი დასრულდება, თუ იმაზე უკეთესი გუნდი ვიქნებით, ვიდრე მის დაწყებამდე ვიყავით, ვიტყვით, რომ წარმატებული „რვა ერი“ გვქონდა. ჩვენ გვაქვს მოტივაცია და დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ“.

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:12 | 12.11.2020
qomagi (237)

წარმატებები ჩვენს მორაგბეებს!!! მოედანზე მხოლოდ გამარჯვების ჟინით და მოტივაციით გადით ნებისმიერ გუნდთან და მძიმე ბრძოლებში გამოიჭედება მომავლის შედეგი!!!

0.096703