ლეგიონერები

15:50 | 26.10.2020 | ნანახია 920 - ჯერ

ლეგიონერები | ორი ლელო პრო დე2-ში

მიუხედავად იმისა, რომ 23 ოქტომბერს ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშეს, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის კლუბებში იმდენი ქართველი ლეგიონერები დარჩა, რომ მინიმუმ ერთმა ჩვენებურმა მე-7 ტურის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ტური ‘მონ-დე-მარსანისა’ და ‘ნევერის’ შეხვედრით გაიხსნა. ‘ნევერი’ სტუმრად თამაშობდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 26:16, ამაში კი საკუთარი წვლილი თორნიკე მატარაძემ შეიტანა, რომელმაც თავი ზედიზედ მეორე ტურში გამოიჩინა. ის თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო 77-ე წუთზე კოლექტიური შეტევა ლელოთი დაასრულა და სტუმრებს გამარჯვება დაუბევა. სტუმართა შორის 48-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ, ხოლო მასპინძელთა შორის 54-ე წუთზე გამოჩნდა ლაშა მაჭარაშვილი.

მიმდინარე სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა ‘ანგულემის’ ბურჯმა ლუკა გოგინავამ. მისმა გუნდმა ‘კარკასონს’ უმასპინძლა და 8:21 დამარცხდა. მასპინძელთა მარქაფაში სამი ქართველი იყო: ზაურ თევდორაშვილს თამაშში ჩართვა 26-ე წუთზე მოუწია, შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, ხოლო გოგინავამ დასკვნითი 20 წუთი ითამაშა და ლელო მატჩის მიწურულს გაიტანა.

ფრედ, 25:25 დასრულდა ‘ვალანს რომანისა’ და ‘ბეზიეს’ შეხვედრა. ‘ვალანსის’ რიგებში პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა მირიან ბურდულმა.

‘ოიონამ’ ‘ორიაკს’ უმასპინძლა და ბონუსით, 46:17 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 50 წუთი ითამაშა ირაკლი მირცხულავამ. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში, ფრთაზე დაიწყო თამაში გიორგი გოგოლაძემ, თუმცა მე-8 წუთზე მოედნის დატოვება მოუწია; მეორე ტაიმში სრულად ითამაშა 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ; თამაშში 43-ე წუთიდან ჩაერთო ჯემალ შათირიშვილი, თუმცა თამაში ვერც მან დაასრულა და 68-ე წუთზე შეცვალეს.

პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა და პირველ ადგილზეა ‘პერპინიანი’. ამჯერად მათ ‘მონტობანი’ მიიღეს და 27:6 დაამარცხეს, თანაც სამი უპასუხო ლელო გაიტანეს და ბონუსიც აიღეს. მასპინძელთა ძირითადში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა.

მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა ნიკა ღვალაძემ. მისი ‘გრენობლი’ ‘ვანს’ ეწვია და 14:19 დამარცხდა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა.

ტურში მეორე ფრე ‘პროვანსისა’ და ‘რუანის’ შეხვედრაში დაფიქსირდა – 22:22. სტუმართა რიგებში პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა კარლენ ასიეშვილმა.

RUGBY.GE


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:49 | 27.10.2020
qomagi (248)

მაისაშვილის ერთ-ერთი დიდი შეცდომა იყო და არის შერკინებაში დუდუ ქუბრიაშვილის, კარლენ ასიეშვილისა და ზურა ჟვანიას, ხაზში კი ლაშა მალაღურაძის არ გამოძახება. როდესაც შოტლანდიას, ინგლისს, უელსს, ირლანდიას ეთამაშები და ყველა გამადიდებელი შუშით გაკვირდება და მიზეზს ეძებს 6 ერს კიდევ 100 წლით დაგაშოროს, ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არ არის და მწვრთნელი გამოცდილ მორაგბეებს უნდა დაეყრდნოს. ასეთ გუნდებთან თამაშისას შერკინება და მოლი იყო ჩვენი კოზირი და დაცვაში კარგი თამაში. შოტლანდიამ კი ტრაქტორივით გადაგვირბინა და ყველა ამ კომპონენტში გვათრია.

0.207684