ბორჯღალოსნები

3:30 | 24.10.2020 | ნანახია 2912 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ამდენ შეცდომას არ ველოდით"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შოტლანდიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ (7:48) კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, ასეთი მატჩები კარგია იმის დასანახად თუ რა სხვაობაა რაგბი ევროპისა და პირველი დონის ნაკრებებს შორის.

მაისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შედეგი ლოგიკური იყო და მისმა გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, დაიჩაგრა მოლშიც, რისი მიზეზებიც დაასახელა.

„რა თქმა უნდა კმაყოფილები ვერ ვიქნებით. დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ამდენს არ ველოდით. დებიუტშივე დავუშვით შეცდომები, რომლებმაც თამაშის მართვის სადავეები ხელიდან გამოგვაცალა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მცირე ხნით შევძელით ის, რომ თამაში ჩვენი კარნახით წასულიყო, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ბევრჯერ დავჯარიმდით, ბურთს და ტერიტორიას თითქმის ვერ ვაკონტროლებდით და ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

მეტოქე აშკარად დომინირებდა მოლში, რასაც ორი მიზეზი აქვს. მოსამზადებელ ეტაპზე სრული შემადგენლობით სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და ამ კომპონენტს სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ. გარდა ამისა, შემადგენლობაში ცვლილებებია, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით მეორე ხაზში და ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ მოლი ჩვენი სუსტი მხარეა. სამუშაო ნამდვილად გვაქვს და მიმაჩნია, რომ მომავალ მატჩებში ბევრად უკეთ ვითამაშებთ. ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის", - ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველო და შოტლანდია ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ და ყველა თამაში სქოთების გამარჯვებით დასრულდა. "ბორჯღალოსნები" მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს, შემოდგომის ერთა თასზე ინგლისის ნაკრებთან გამართავენ.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:50 | 27.10.2020
qomagi (248)

მაისაშვილის ერთ-ერთი დიდი შეცდომა იყო და არის შერკინებაში დუდუ ქუბრიაშვილის, კარლენ ასიეშვილისა და ზურა ჟვანიას, ხაზში კი ლაშა მალაღურაძის არ გამოძახება. როდესაც შოტლანდიას, ინგლისს, უელსს, ირლანდიას ეთამაშები და ყველა გამადიდებელი შუშით გაკვირდება და მიზეზს ეძებს 6 ერს კიდევ 100 წლით დაგაშოროს, ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არ არის და მწვრთნელი გამოცდილ მორაგბეებს უნდა დაეყრდნოს. ასეთ გუნდებთან თამაშისას შერკინება და მოლი იყო ჩვენი კოზირი და დაცვაში კარგი თამაში. შოტლანდიამ კი ტრაქტორივით გადაგვირბინა და ყველა ამ კომპონენტში გვათრია.

18:44 | 26.10.2020
krasni (587)

ერთი არგენტინაში რომ გაუშვეს მეორე ნაკრები და მეორე კიდევ ბორჯღალოსნები შოტლანდიაში. ასეთ უსუსურობებზე პასუხს უნდა აგებდნენ მწვრთნელები და ფედერაცია თავის შემადგენლობით.

18:06 | 25.10.2020
qomagi (248)

მადლობა შოტლანდიას, რომ ეიფორიიდან ძირს დაგვანარცხა და რეალობა დაგვანახა. აი უკვე 20 წელია, რაც რაგბს ვგულშემატკივრობ და ჩვენების არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია და ბორჯღალოსნების ასეთი საშინელი თამაში არ მახსენდება. ეს იყო სრული კატასტროფა, მითი რომ ქართველები შერკინებასა და მოლში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი ვართ, დაინგრა. გასაგებია, რომ ნაკრები 7 თვე ერთად არ შეკრებილა და არ უთამაშია, მაგრამ არც შოტლანდია იყო ბევრად უკეთეს პირობებში. მწვრთნელი თამაშამდე რომ ამბობ, რომ შოტლანდია უფრო უკეთ მოემზადა და შევეცდებით ჩვენი ძალაც დავანახოთო, ე.ი. თავიდანვე წასაგებად გადიხარ, ოღონდ იმ იმედით, რომ ანგარიში კატასტროფული არ იქნება. ჰოდა, სწორედ ამიტომ დასრულდა ამ კატასტროფული ანგარიშით თამაში. რაგბის ფედერაციაში კიდევ სკამების გადანაწილებაზე მიდის ომი, სროლა და ა.შ. და საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდებიან, პასუხისმგებელიც არავინ არის და ნაკრები ამ მომენტში ჰკიდიათ. თუ შემოდგომის თასზე ბრიტების სხვა გუნდებთანაც ასე შევრცხვით, მაისაშვილიც უნდა წავიდეს და ფედერაციის ყველა პასუხისმგებელი პირი.
კიდევ ერთი გულისტკივილი ქართველი ვაი გულშემატკივრის გამო: მესი სჯობია თუ რონალდო და ბარსა თუ ლივერპული, ასეთ სტატიებზე ხოცავენ ერთმანეთს და 1000 კომენტარია და რაგბის სტატიებზე მაქსიმუმ 10 თუ მოგროვდება. სამაგიეროდ, რუსეთის საგინებლად მთელი საქართველო მიდის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე.

15:12 | 24.10.2020
krasni (587)

მაისურაძეს თავის სამწვრთნელო შემადგენლობით უნდა მიცემოდა შანსი.

14:06 | 24.10.2020
თენგაბი (11)

არ ვარ ამ თამაშის სპეციალისტი, რაგბიც კი არასოდეს მითამაშია, ამიტომ, შეიძლება კვალიფიციური შენიშვნები არ გამომივიდეს, მხოლოდ ხარვეზებს ჩამოვთვლი და არა მისი უტყუარ გამოსწორების გზებს.
1) ფიზიკაში აშკარა სხვაობაა, ასე დაუძლურებული საქართველოს ნაკრები, განსაკუთრებით თამაშის ბოლოს, მე არ მინახია.
2) სისწრაფეში ჩამორჩენა. აღვადგინოთ უნდა ქართული მძლეოსნობის სკოლა რომ ელემენტარული სირბილს ვასწავლოთ ფეხბურთელებს და მორაგბეებს.
3) შეუთანხმებელი მოქმედება არა მარტო რგოლებს შორის, არამედ თვით მოთამაშეებს შორის.
4) თუ არ ვცდები კვესელაძე იყო, თამაშის ბოლოსკენ, ბურთმა ლამის შუაგულში გაურა, ავარჯიშეთ და აუხსენით - რაგბის ბურთი ოვალური ფორმის გამო მოძრაობისას შეიძლება ხან ერთ მხარეს გადაიხაროს, ან მოპირდაპირე მხარეს, ამიტომ ფეხბურთელივით არ უნდა წახვიდე ბურთზე, ხოლო რაგბისტს ხელები მუდმივ მზადყოფნაში და ოდნავ დაწეული უნდა ჰქონდეს, რომ რეაგირება მეყსეულად გააკეთოს.
5) მწვრთნელებმა უფრო მეტი ტაქტიკური სქემები უნდა გაარჩიონ გუნდთან ერთად, რომ რაგბისტებმა მოედანზე უკეთ იაზროვნონ და უკეთესი გადაწყვეტილება მიიღონ.

0.916497