მსოფლიო რაგბმა შემოდგომის ტესტებისთვის, ასევე ექვსი ერის გადადებული და „შემოდგომის ერთა თასის“ მატჩებისთვის მსაჯები დანიშნა.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშებიან და მთავარი მსაჯი ფრანგი ალექს რუისი იქნება, რომელსაც კიდეებიდან მეთ რეინალი (საფრანგეთი) და ბენ ვაითჰაუსი (უელსი) დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი რუმინული წარმოშობის იტალიელი მარიუს მიტრეა იქნება.
ბორჯღალოსნები მოედნის სამივე მსაჯს კარგად იცნობენ. რუისს საერთაშორისო დებიუტი 15-კაცა რაგბში 2014 წელს თბილისში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩში (36:10) ჰქონდა; 2015 წელს მან ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონატში მადრიდში, საქართველოსა და ესპანეთი ნაკრებების შეხვედრა (26:13) იმსაჯა, ხოლო 2016 წელს თბილისში საქართველოსა და სამოას ტესტ-მატჩი განსაჯა (20:16).
რუისის პირველი თანამსაჯი ასევე ფრანგი მეტიუ რეინალია, რომელმაც 2012 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა განსაჯა (46:0); 2015 წლის თბილისის თასზე საქართველო – ირლანდია „ა“ (12:45); 2017 წელს კარდიფში საქართველოსა და უელსის ნაკრებების ტესტ-მატჩი (6:13); 2018 წელს კი ასევე ტესტ-მატჩი საქართველოსა და ტონგას შორის (20:9).
მეორე თანამსაჯი უელსელი ბენ უაითჰაუსია, რომელიც 2016 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში და ესპანეთთან მატჩი (38:7) იმსაჯა; მომდევნო წელს კანადასთან 54:22 მოგებული ტესტი და ვიდეო-რეფერის დახმარებით, სოსო მათიაშვილის საოცარი ლელო ჩათვალა; 2017 წელს კი, ბელგიასთნ სტუმრად 31:6 მოგებული თამაში განსაჯა.
ნაიჯელ ოუენსის 99-ე ტესტი!
„შემოდგომის ერთა თასის“ პირველ რაუნდში, 14 ნოემბერს, ბორჯღალოსნები „თვიქენჰემზე“ ინგლისის ნაკრებთან ისტორიულ ტესტ-მატჩს გამართავენ და მას უელსელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
რეფერი ლეგენდარული ნაიჯელ ოუენსია, რომელიც 99-ე ტესტს იმსაჯებს, ორ კვირაში კი მე-100 კეპს მოიხვეჭს (საფრანგეთი – იტალია) და გახდება პირველი „ცენტურიონი“ მსაჯი.
აღსანიშნავია, რომ ოუენსის საერთაშორისო კარიერა 17 წლის წინ სწორედ ბორჯღალოსნების მატჩით დაიწყო – დებიუტი ლისაბონში, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრაში (30:34) შედგა. უელსელმა ორჯერ გვიმსაჯა მსოფლიო თასზე – 2007 წელს არგენტინასთან (3:33) და 2015 წელს ტონგასთან (17:10); ოუენსი იყო რეფერი 2018 წელს, ტოიოტაში იაპონიასთან გამართულ ტესტ-მატჩში (0:28).
მას კიდეებიდან ქრეიგ ევანსი და დენ ჯოუნზი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ბენ უაითჰაუსი იქნება. ევანსმა 2017 და 2020 წლებში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან მოგებულ მატჩებში (20:10 და 23:10), ასევე 2018 წელს გერმანიასთან (64:0) გვიმსაჯა.
ლუკ პირსი „პარკ ი სკარლეტსზე“
მეორე რაუნდში ბორჯღალოსნები უელსს „პარკ ი სკარლეტსზე“ 21 ნოემბერს ეთამაშებიან. რეფერი ინგლისელი ლუკ პირსი იქნება, რომელიც ორჯერ იყო თბილისში და საქართველოს ნაკრების თამაშს მეხუთედ იმსაჯებს.
ჩვენს ქვეყანას ის 2014 წელს ორჯერ ეწვია და ჯერ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთთან 22:9 მოგებული მატჩი განსაჯა, მერე კი „თბილისის თასზე“ არგენტინის „ა“ ნაკრებთან შეხვედრა (16:26). 2017 წელს ქართველებისა და არგენტინელების თამაში კიდევ ერთხელ იმსაჯა, ამჯერად ტესტ-მატჩი ხუხუიში (29:45), ხოლო 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსთან გამართული შეხვედრა (14:43).
კიდეებიდან მას ირლანდიელები – ენდრიუ ბრეისი და ფრენკ მერფი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ასევე ირლანდიელი ჯო ნევილია. ბრეისი საერთაშორისო სარბიელზე 2016 წელს გამოჩნდა, მომდევნო წლიდან კი კაცთა ნაკრები გუნდების მსაჯობა ანდეს და დებიუტი ინგლისისა და „ბარბაროსების“ მატჩში ჰქონდა, მერე კი ქალგარიში, ავდარში, საქართველოსა და კანადის ნაკრებების შეხვედრა განსაჯა (13:0).
რეინალი „ავივაზე“
„შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, ბორჯღალოსნები „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიას ეთამაშებიან და რეფერი ფრანგი მეთ რეინალი იქნება, რომელიც მანამდე, შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში ასისტენტი იქნება. ზემოთ ვახსენეთ, რომ აქამდე მას საქართველოს ნაკრების თამაში ოთხჯერ უმსაჯია.
რეინალს ასისტენტობას ასევე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლუკ პირსი და იტალიელი ანდრეა პიარდი გაუწევენ, ხოლო ვიდეო-რეფერი ასევე იტალიელი მიტრეა იქნება.
ვინ იქნება ბორჯღალოსნების მეტოქე „შემოდგომის ერთა თასის“ დასკვნით მატჩში, ჯგუფური ეტაპის დასრულების შმდეგ გაირკვევა. შესაბამისად, ამ დროს გახდება ცნობილი ვინ მოემსახურება 5 დეკემბერს გასამართ შეხვედრას.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია