ამბები

22:25 | 28.05.2014 | ნანახია 4068 - ჯერ

მზარდი საქართველო VS ინგლისის საგრაფოები XV

ივნისის დასაწყისში “მზარდი საქართველო”, რომელიც ქვეყნის A ნაკრების ნაცვლად შეიქმნა და მასში მოთამაშე მორაგბეთა ასაკი შეზღუდული იქნება, თავის პირველ მატჩებს რუსთავის სარაგბო სტადიონზე გამართავს.

საქართველოს ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები ეწვევა და 4 და 8 ივნისს ლევან მაისაშვილის შეგირდების წინაშე წარსდგება. ეს კარგი საშუალება იქნება ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგისთვის ახალგაზრდების საქმეში ნახვისა. მეორეს მხრივ, რისთავი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს საერთაშორისო მატჩებს და ამან ამ ქალაქში რაგბის პოპულარუზაციას უნდა შეუწყოს ხელი. სულ ბოლოს კი, საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, თბილისის თასის დაწყებამდე, რაგბის გულშემატკივრებს განწყობის შესაქმნელად კარგი საშუალება მიეცემათ. თამაშები 19 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი სიმბოლურად 1 ლარია და შესაბამისად, სტადიონზე მოხვედრა ყველა მსურველს შეეძლება.

საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს შორის ურთიერთობა შარშან დაიწყო, როდესაც საქართველოს ინგლისის საგრაფოთა ნაკრების 20-წლამდელთა გუნდი ეწვია და ქართველი 19-წლამდელების წინააღმდეგ ითამაშა. წლეულს ქართველი 19-წლამდელები საპასუხო ვიზიტით ინგლისში გაემგზავრნენ და ორი შეხვედრა გამართეს საგრაფოთა 20-წლამდელებთან. 21 მაისს მასპინძლებმა 36:10 იმარჯვეს, ხოლო 24 მაისს ქართველმა 19-წლამდელებმა მეტოქე 23:22 დაამარცხეს.

საქართველოსა და ინგლისის საგრაფოთა რაგბის კავშირების თანამშრომლობა გრძელდება და 2 ივნისს საქართველოში ახლა უკვე ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები ჩამოდის.

“ინგლისის საგრაფოებთან ჩვენი თანამშრომლობა შარშან დაიწყო, როდესაც მათი 20-წლამდელთა გუნდი ჩამოვიდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან სათამაშოდ. რაგბის ქომაგებმა ორი უმაღლესი ხარისხის მატჩი იხილეს. ამის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოებს შორის გაფორმდა სამწლიანი შეთანხმება – 19-წლამდელები, საპასუხო ვიზიტით გაემგზავრნენ ინგლისში; წლეულს, ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები ჩამოვა საქართველოში 4 და 8 ივნისს “მზარდ საქართველოსთან” სათამაშოდ და უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ გაისად კვლავ გვესტუმრება ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები.

ინგლისის საგრაფოთა ნაკრებებთან საერთაშორისო სპარინგების გამართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ასაკობრივი და მზარდი საქართველოს ნაკრებისთვის, ასევე ქართული რაგბის განვითარებისთვის. ასეთი დონის მატჩებით, ჩვენი მორაგბეები იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალ ოფიციალურ ტურნირებში და საერთაშორისო ტესტებში” - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ხურციძემ.

თითო მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს. შესაძლებელია ერთდროულად ორივე მატჩის ბილეთის შეძენა. ბილეთების გაყიდვა 2 ივნისიდან, ორშაბათიდან დაიწყება. ბილეთები გაიყიდება რუსთავის სარაგბო სტადიონზე და საქართველოს რაგბის კავშირში ყოველდღე 12 საათიდან 18 საათის ჩათვლით. სათამაშო დღეს, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ რუსთავის სარაგბო სტადიონზე.

26-კაციან, გაფართოებულ შემადგენლობაში, რომელმაც მომავალი თამაშებისთვის მზადება დღეიდან დაიწყო, 6 ლეგიონერია. შემადგენლობაში ყველაზე მეტი მორაგბე საქართველოს ჩემპიონ “ლელოდანაა”.

 

მზარდი საქართველო: თორნიკე ლომიძე (“ოში”, საფრანგეთი), ნიკა პატარაია (“ლელო”, თბილისი), ზაზა ნავროზაშვილი (“ბორდო”, საფრანგეთი), დავით ხიდეშელი (“ყოჩები”, ბოლნისი), გიორგი ლომთაძე (“ლელო”, თბილისი), სანდრო ქოიავა (“ლელო”, თბილისი), გიორგი ჭყოიძე (“ლელო”, თბილისი), ელგუჯა სურგულაძე (“ლელო”, თბილისი), გურამ კავთიძე (“ლიონი”/“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გიორგი მჭედლიშვილი (“ჯიქები”, თბილისი), გურამ შენგელია (“ჯიქები”, თბილისი), გიორგი ბაბუნაშვილი (“აია”, ქუთაისი), რეზი ჯინჭველაშვილი (“აია”, ქუთაისი), ალექსანდრე მინდიაშვილი (“ლელო”, თბილისი), გიორგი ტალახაძე (“ლელო”, თბილისი), თორნიკე ცერცვაძე (“ლელო”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (“ყოჩები”, ბოლნისი), გიგა გაგოშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“არმია”, თბილისი), გიორგი აფციაური (“არმია”, თბილისი), მურაზ გიორგაძე (“არმაზი”, თბილისი), ვასილ ლობჟანიძე (“არმაზი”, თბილისი), საბა ნიკოლავა (“არმაზი”, თბილისი), მიხეილ გაჩეჩილაძე (“აჟეტმო”, საფრანგეთი), ბაჩუკი გუჯარაიძე (“სენ ნაზერი”, საფრანგეთი).

მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, დიდიე ბესი

ფიზ.მომზადება: ირაკლი ჭყონია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085689