შიდა რაგბი

18:26 | 5.08.2020 | ნანახია 1065 - ჯერ

რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შემსრულებლის პრესკონფერენცია

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ, დღეს ამ რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა.

„გუშინ შედგა გამგეობის სხდომა, სადაც წესდების თანახმად, გოჩა სვანიძის განცხადება ცნობად მივიღეთ. გამგეობამ კენჭისყრით რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ამირჩია, ყრილობამდე, ანუ პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება“.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავიწყოთ რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ჩემპიონატები – დიდი 10, პირველი და რეგიონალ ლიგა, ასევე ჭაბუკთა ლიგები და ბავშვთა ფესტივალები, მაგრამ ფინანსების გარეშე ამ მდგომარეობიდან დაძვრა რთული იქნება. ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. მათგან დიდ თანადგომას ვგრძნობთ და სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უნდა გადაწყდეს დაფინანსების საკითხი, რომელთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია მიწოდებული გვაქვს, ხოლო ჩემპიონატები სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს განახლდება“ – თქვა გორგასლიძემ და განმარტა, რომ დიდი 10-ის შეწყვეტის, ან განახლების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ:

„დიდ 10-თან დაკავშირებით მედიაში გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გვაქვს 2-3 ვარიანტი, რომელთაგან უკეთესს იმის მიხედვით ავარჩევთ, რა ოდენობის დაფინანსებაც გვექნება“.

გიორგი გორგასლიძესთან ერთად, რაგბის კავშირის მართვაში ჩართული იქნება საკონსულტაციო საბჭო, რომელის შემადგენლობა და რაოდენობა ჯერ არაა დადგენილი, თუმცა ცნობილია, რომ რაგბის კავშირის გარდა ამ ორგანოში აუცილებლად შევლენ სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებიც, რაც ამ უწყებასთან კომუნიკაციას გააიოლებს.

გორგასლიძეს კითხეს, შეიცვლება თუ არა არჩევნებისთვის გუნდების ხმების კვოტები, რაც წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იყო, რაზეც მან უპასუხა:

„ხმების კვოტებთან დაკავშირებით მე მხოლოდ ჩემი აზრი შემიძლია მოგახსენოთ და ის სავარაუდოდ ისეთივე იქნება, როგორიც იყო. ეს ყველაფერი წესდებითაა გაწერილი და ჩემი აზრით, არც ყველა პრეტენზიაა სამართლიანი. ჩემი მიზანია რაგბის კავშირი არჩევნებამდე აპოლიტიკურად მივიყვანო, ვგულისხმობ პრეზიდენტობის კანდიდატებს და არჩევნებს. ის ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე უნდა ჩატარდეს, ცივი გონებით და კონსტრუქციულად მივიდეთ არჩევნებამდე“.

კითხვა დაისვა ნოემბერ-დეკემბერში გასამართ ეგრედ წოდებულ რვა ერზეც.

„პანდემიის გამო მსოფლიო რაგბსაც გაუჭირდა და შემოსავლების მისაღებად ის ერთჯერად, 8-გუნდიანი კომერციული ტურნირის ჩატარებას გეგმავს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირს საუბარი არავისთან ქონია“.

პრესკონფერენციაზე გორგასლიძემ ერთი სასიხარულო ამბავიც გააჟღერა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ 24-25 ოქტომბერს ბორჯღალოსნები შოტლანდიის ნაკრებს შეხვდებიან:

„ხშირად გვსაყვედურობენ, რომ რაგბის კავშირი ამა თუ იმ თამაშის ჩატარებას უცხოურ მედიაზე გვიან აანონსებს, მაგრამ ჩვენ თამაშებს ოფიციალურად ვერ გამოვაცხადებთ, სანამ ყველა დეტალი ბოლომდე არ იქნება შეთანხმებული. თითქმის გადაწყვეტილია, რომ 24, ან 25 ოქტომბერს შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით. ეს თანხებთანაა დაკავშირებული გვაქვს პირობა მთავრობიდან, რომ დაგვეხმარებიან. მადლობა შოტლანდიელებს მიწვევისთვის. სიტყვიერი შეთანხმება უკვე გვაქვს, ფაქტობრივად ერთი კომუნიკაცია დარჩა და ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება“.

„რაც შეეხება რუსეთთან თამაშს. რაგბი ევროპამ მისი ჩატარება 31 ოქტომბერს ჩანიშნა, თუმცა დადასტურებული არ არის. ამ დღეს ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები იმართება და რუსეთთან თამაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენ მასპინძლები ვართ, ჯერ ამ თამაშზე დასტური არ მიგვიცია და თუ მოხდება თარიღის შეცვლა და თანაც ისე, რომ შეხვედრა მსოფლიო რაგბის სანაკრებო ფანჯარაში ჩაჯდება, რათა უძლიერესი შემადგენლობის შეკრება შევძლოთ, დიდი სიამოვნებით ვითამაშებთ“.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083818