ამბები

11:00 | 23.05.2020 | ნანახია 434 - ჯერ

მსოფლიო რაგბის ვებინარი მწვრთნელებისთვის - მაისაშვილისა და მაისურაძის შეფასება

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის ფონზე, „მსოფლიო რაგბმა“ 11 მაისიდან მაღალი მიღწევების ვირტუალური აკადემია აამუშავა, რომელიც 7 მიმართულებას მოიცავს და რომელშიც 14 ქართველი სპეციალისტი ჩაერთო.

ვებინარში მთავარი მწვრთნელებისთვის, საქართველოდან ლევან მაისაშვილი (ბორჯღალოსნები) და ილია მაისურაძე (უმცროსი ბორჯღალოსნები) მონაწილეობენ. 14 სექტემბრის ჩათვლით, მათ 10 ონლაინ-ჩართვა ექნებათ და პარალელურად, მოუწევთ დავალებების შესრულება.

მწვრთნელთა ვირტუალურ აკადემიაში ეგრეთწოდებული ტიერ2-ის 17 ქვეყნის ნაკრებების მწვრთნელია გაერთიანებული, სემინარებს კი მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული სპეციალისტები ატარებენ.

პირველი ონლაინ-სემინარი სკოტ ვაისმენტალმა და დევიდ ჰეთფილდმა გამართეს. ვაისმენტალს შეტევის მწვრთნელობის 21-წლიანი გამოცდილება აქვს. მას უმუშავია სამოასა და იაპონიის ნაკრებებში, 2016 წელს იყო ავსტრალია XV-ის მთავარი მწვრთნელი ფრანგი ბარბაროსების წინააღმდეგ, 2019 წლის მსოფლიო თასზე იყო ინგლისის ეროვნული ნაკრების შეტევის მწვრთნელი, 2020 წლიდან კი, ავსტრალიის ნაკრების შეტევის კონსულტანტია. ის ედი ჯოუნსის კადრად აღიქმება. ჰედფილდი მსოფლიო რაგბის ფსიქოლოგია.

დაცვის სემინარს ‘სარასენსისა’ და ინგლისის ნაკრების ყოფილი, ამჯამად ‘ჰარლიქუინსის’ მწვრთნელი პოლ გასტარდი ჩაატარებს; რაქის სემინარს ავსტრალიელი ლორი ფიშერი, რომელიც წლებია ‘ბრამბისის’ შერკინების მწვრთნელია, 2014-2017 წლებში კი ‘გლოსთერის’ მთავარი მწვრთნელი იყო; შეტევის სემინარი ექნება ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ედი ჯოუნსს, რომელსაც დიდი წარდგენა არ ჭირდება; დერეფანზე – ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი 2015-2020 წლებში და ამჯამად ‘ლესთერ თაიგერსის’ მთავარი მწვრთნელი სტივ ბორტვიკი; შერკინებაზე – „ოლ ბლექსის“ შერკინების მკვრელი მიკ კრონი; ასევე მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების კონსულტანტი კელვინ მორისი.

ასეთი დონის სპეციალისტებისგან გამოცდილების გაზიარებით კმაყოფილი არიან ვირტუალურ აკადემიაში ჩართული ქართველი მწვრთნელები:

ლევან მაისაშვილი: „ამ ტიპის სემინარები აქამდეც ტარდებოდა და მასზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშში გვიწევდა ჩასვლა. პანდემიის ფონზე, მსოფლიო რაგბმა ონლაინ გადაწყვიტა მისი ჩატარება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი და უდაოდ საინტერესოა. უკვე გვქონდა პირველი სემინარი. გადმოგვიგზავნეს მასალა, რომელსაც გავეცანით, რის შემდეგაც გვქონდა 1-საათიანი ჩართვა და განხილვა. ვისაუბრეთ სამწვრთნელო სპეციფიკაზე. ხდება თემის გაშლა და სემინარში ჩართული ყველა მონაწილე მის ირგვლივ გამოთქვას საკუთარ მოსაზრებას“.

„მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დონის მწვრთნელს მუდმივად სჭირდება აზრების გაზიარება, ცოდნის გაღრმავება. ამ დისკუსიებში ბევრი საინტერესო აზრი იბადება და ყველა იღებს ბენეფიტს, მით უმეტეს, რომ ამ ვებინარებში მსოფლიო მასშტაბით წონადი მწვრთნელები არიან ჩართული და საინტერესო თემებია. ინგლისის ნაკრებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ყველა მწვრთნელს ვიცნობ და ყველასთან მქონია შეხება, გარდა მიკ კრონისა და ლორი ფიშერისა. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მაქვს პოლ გასტარდთან, რომელიც ‘სარასენსის’ დაცვის სისტემას უზრუნველყოფდა“.

ილია მაისურაძე: „ძალიან კარგია მსოფლიო რაგბმა ამ ვითარებაში ასეთი გამოსავალი რომ მოიფიქრა. საინტერესო წამყვანები არიან. სკოტ ვაისმენტალის სემინარზე აქამდეც ვყოფილვარ და საინტერესო პიროვნებაა. პირველი დღე უფრო გაცნობითი ხასიათის იყო და მივიღეთ დავალებებიც, მეორე ჩართვა კი 25 მაისს გვექნება. ცოდნის მიღება და პროფესიონალი მწვრთნელების გამოცდილების გაზიარება ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს, რომ სემინარებს ინტერაქტიური სახე აქვს“.

„სემინარში ჩართულია რაგბის ფსიქოლოგი, რომელიც მწვრთნელებთან მუშაობს. მიღებულ ცოდნას არა მხოლოდ 20-წლამდელთა ნაკრებში ჩემი გუნდის მწვრთნელებს, არამედ ყველას გავუზიარებ, ვისაც ამისი სურვილი ექნება. დარწმუნებული ვარ ამ პერიოდში ბევრ სიახლეს გავიგებ, რაც მომავალში ქართულ რაგბს გამოადგება“.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097667