ინტერვიუს მეორე ნაწილში ბორჯღალოსანი მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი ‘მონპელიეში’ გატარებული 10 წლის შესახებ გვიყვება. ის იხსენებს განსაკუთრებით გამორჩეულ სეზონებს და საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც ამ კლუბში განსაკუთრებით უყვართ ქართველი მორაგბეები.
29 წლის მორაგბემ ბორჯღალოსნების კვართით პირველად 8 წლის წინ ითამაშა, მას შემდეგ 61 კეპი (2 ლელო) მოიხვეჭა და 5-ჯერ უკაპიტნა ქვეყნის უპირველეს ნაკრებს. ნარიაშვილი იხსენებს ნაკრების თამაშებით მიღებულ დაუვიწყარ ემოციებს და ფიქრობს, რომ გუნდი პროგრესის გზაზეა, თუმცა მეტი წარმატებებისთვის კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი.
რამდენად დიდია სპორტსმენის განვითარებაში მწვრთნელის როლი?
ძალიან დიდი! მწვრთნელს შეუძლია საშუალო დონის მოთამაშეს მისცეს თავისი თავის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება და შეუძლია უდიდესი მოთამაშე „გაანადგუროს“. ჩემს მაგალითზე ვიტყვი. 2012 წელს ფაბიენ გალტიემ მითხრა, რომ ჩემთან 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, რადგან ხანგრძლივ ვადაზე აკეთებდა გათვლას. ამან იმ მომენტში ძალიან დიდი სტიმული მომცა. არის შემთხვევები როდესაც ნიჭიერი მორაგბის მიმართებაში პირიქით ხდება. მაშინ გალტიეს უკმაყოფილება რომ გამოეხატა და ვერ გამეგრძელებინა ჩემი თამაში ტოპ 14-ში, არ ვიცი როგორ აეწყობოდა ჩემი კარიერა.
მწვრთნელის ფაქტორი ძალიან დიდია ნებისმიერ გუნდში. მას უნდა შეეძლოს ინდივიდუალურად, თითოეულ მოთამაშესთან გამონახოს სასაუბრო ენა, რაც ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაა. არიან მწვრთნელები, რომლებიც ამას ითვალისწინებენ და არიან მწვრთნელები, რომლებსაც ეს საერთოდ არ აინტერესებთ და მოთამაშეს უწევს მასზე აწყობა. იდეალური შემთხვევაა, როდესაც მოთამაშეც და მწვრთნელიც ითვალისწინებს გუნდის ინტერესს და აქედან გამომდინარე, ცდილობენ გაუგონ ერთმანეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა წარმატებული იყოს მოთამაშე, ის ვალდებულია საკუთარ სურვილებზე მაღლა მწვრთნელისა და გუნდის ინტერესი დააყენოს.
10 წელია მონპელიეში ხართ. რომელ სეზონს გამოარჩევდით?
პირველი სეზონი დასამახსოვრებელი იყო, როდესაც რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დავასრულეთ და სამწუხაროდ, ნახევარფინალი წავაგეთ ‘კასტრთან’. ეს იყო ჩემთვის პირველი დიდი, სრულფასოვანი სეზონი. ამას მოყვა გუნდისთვის ერთწლიანი ჩავარდნა, შეგვეცვალა მწვრთნელი. მერე გვყავდა სამხრეთ აფრიკელი მთავარი მწვრთნელი ჯეკ ვაითი, რომელთან ერთადაც მოვახერხეთ ჩელენჯ ქაფის მოგება, ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ ტოპ 14-შიც და სამწუხაროდ, კვლავ ნახევარფინალი წავაგეთ, ამჯერა ‘ტულონთან’, რომელიც მამუკა გორგოძესთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად, საუკეთესო ფორმაში იყო.
ჩემთვის ყველაზე გამორჩეული სეზონი, ალბათ, მაინც 2017/2018 წლების იყო. ამ სეზონში გავედით ფინალში და ‘კასტრთან’ წავაგეთ… ეს თამაში ჯერ კიდევ ვერ დამვიწყებია. ტოპ 14-ში ფინალში გასვლა ურთულესია. 26 მატჩის შემდეგ ფლეი ოფი, გადიხარ ფინალში, რისთვისაც მთელი სეზონი ემზადებოდი. რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დავასრულეთ, ნახევარფინალი ‘ლიონს’ ლიონშივე მარტივად მოვუგეთ, ვიყავით უდავო ფავორიტები ფინალში და დღემდე ვერ გამიგია რის გამო დავმარცხდით.
‘მონპელიეში’ ბევრი ქართველი მორაგბე თამაშობდა, თამაშობს და მომავალშიც ითამაშებს. რატომაა ეს გუნდი ასე ძალიან დაინტერესებული ქართველებით?
იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იციან ქართველი მოთამაშეების მონდომება, საქმისადმი დამოკიდებულება. მანამდე არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ მე ამ ნდობას მამუკა გორგოძეს ვუკავშირებ. მან იმდენი გააკეთა ამ გუნდისთვის და ისე დაანახა ქართველი მოთამაშეების სახე, რომ ჩვენს მიმართ ძალიან დიდი ნდობა გაუჩნდათ. მას ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა ‘მონპელიეს’ მიმართ, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, რომ სხვა ქართველებს უფლებაც არ გვაქვს სხვანაირად მოვიქცეთ. რა თქმა უნდა, ვინც აქ ჩამოსულა ყველას უმაღლეს დონეზე არ უთამაშია, მაგრამ უდიდესი მონდომება და საქმისადმი დამოკიდებულება ყველასგან ნათლად ჩანდა. დღესაც ასეა და ეს ყველაფერი სწორად დაინახეს ‘მონპელიეში’.
როგორია პროფესიონალი სპორტსმენის ცხოვრება ამ საყოველთაო უმოქმედობის პერიოდში?
თავიდან ალბათ ყველა სპორტსმენისთვის კარგი იყო. ჩემმა გუნდელებმა, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, ყველამ მოახერხა ძალების აღდგენა და დასვენება. შაბათ-კვირას გასამართ მატჩებს, წინ უძღვის ძალიან დატვირთული მოსამზადებელი კვირა და ასე გრძელდება წლების მანძილზე. როგორც მე, ასევე ყველას, არასდროს გვქონია სეზონის ბოლოს 4 კვირაზე მეტი დასვენების შესაძლებლობა და ესეც იმ პირობით, რომ ინდივიდუალურად უნდა ივარჯიშო და არ გაქვს იმის ფუფუნება, გუნდში სრულებით დასვენებული დაბრუნდე.
ამ პირობებში თავიდან დრო დასვენებას დავუთმე, აღვიდგინე ძალები, რის შემდეგაც შევიძინე სახლის პირობებისთვის მისაღები და საჭირო სავარჯიშოდ ინვენტარი და ყოველ დღე ფიზიკური ვარჯიშებით ვცდილობ ფორმის შენარჩუნებას. ამდენი ფიტნესზე ბოლო 6-7 წელია არ მივარჯიშია. ჩემი აზრით, თუ სწორედ გამოვიყენებთ ამ დროს, ძალიან კარგი უნდა იყოს სამომავლოდ. მივყვები პროგრამას, რომელიც ფიზმომზადების მწვრთნელებმა მოგვაწოდეს.
ფსიქოლოგიურად რთულია ამ პირობებში ყოფნა?
მორაგბისთვის და ზოგადად სპორტსმენისთვის მოედნის მიღმა დარჩენაზე რთული არაფერია, მაგრამ ამ საკითხს გაგებით ვეკიდები. ახლა აუცილებელია იზოლაცია, რათა რაც შეიძლება სწრაფად, ყველაფერი მწყობრში ჩადგეს. ნახევარი მსოფლიო ამ პირობებშია, რთულია, მაგრამ შეგუება გვიწევს. ვცდილობ იმით დავკმაყოფილდე, რისი შესაძლებლობაც გვაქვს.
სიტუაციას სხვა კუთხით თუ შევხედავთ, ამდენი წლის განმავლობაში პირველად მომეცა შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად, დიდი დრო გამეტარებინა ჩემს ოჯახთან ერთად. არ მეჩქარება ვარჯიშზე, თამაშზე, შეკრებაზე. ალექსანდრე 2015 წლის 8 ივნისს შეგვეძინა და მალე მსოფლიო თასისთვის შეკრებაზე გავემგზავრე. დაახლოებით 1 თვეში ის 5 წლის ხდება და ამ პერიოდში სულ სადღაც მივდიოდი. ახლა კი დღეებს ოჯახთან ერთად ვატარებ და ვცდილობ წლების დანაკლისი ავინაზღაურო.
ქართველები მონპელიეში მრავლად ხართ. თუ გაქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა?
მხოლოდ ტელეფონით. სამწუხაროდ, ერთმანეთს ვერ ვნახულობთ, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ვცდილობთ გაგებით მოვეკიდოთ სიტუაციას. დღეს პირველ რიგში ერთმანეთისგან იზოლირებულად ყოფნა მოგვეთხოვება და ინდივიდუალურად თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ასე მოვიქცეთ, 100%-ით შევასრულოთ სახელმწიფოს და ექიმების მითითებები. ის, რომ ერთმანეთი მოგვენატრა და სახლში ყოფნა რთულია, წესების დარღვევის უფლებას არ გვაძლევს. ველოდებით 11 მაისს, იმედია ნაწილობრივ მაინც მოიხსნება შეზღუდვები და აუცილებლად განვაახლებთ ურთიერთობებს.
ბორჯღალოსნებში თქვენი დებიუტი 2012 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ შედგა…
დიახ და სამწუხაროდ დავმარცხდით, თუმცა იმ წელს მაინც მოვახერხეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება.
რა შეგრძნებაა, როდესაც ქვეყნის უპირველესი გუნდის სახელით თამაშობ?
პირველი თამაშიდან დღემდე, შეგრძნება უცვლელია – პასუხისმგებლობა, ბედნიერება, სიამაყე, რომ იმ მომენტში ხარ შენი ქვეყნის წარმომადგენელი მოედანზე, იცავ სამშობლოს ღირსებას და გაქვს შესაძლებლობა, გამარჯვებით გაახარო გულშემატკივარი. როდესაც მოედანზე გავდივართ ვიცით, რომ ერთადერთი რამ მოგვეთხოვება – 100%-ით დახარჯვა და თუნდაც გამარჯვება ვერ მოვახერხოთ, გულშემატკივარი ამითაც ბედნიერია. ზოგ შემთხვევაში ეს ნაკლებად გამოგვდის, ზოგჯერ ყველაფერი კარგად მიდის. ყველაზე მეტად გვახარებს და გვაბედნიერებს გულშემატკივრის ემოციის ნახვა მოგებული თამაშის შემდეგ და ამით თითოეული მოთამაშე ორმაგად ვხარობთ.
61 შეხვედრა ნაკრებში, ორი მსოფლიო თასი, რომელია შენთვის გამორჩეული თამაშები?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ცოტა უკან უნდა დავბრუნდე. როდესაც რაგბის თამაში დავიწყე, 2003 წლის მსოფლიო თასის მატჩებს ვადევნებდი თვალს და მახსოვს ჩვენი ნაკრების სადებიუტო მონაწილეობა მსოფლიო თასზე. ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო ეს მსოფლიო თასი. ყოველთვის მახსენდება საქართველო-სამოას მატჩი, რომელშიც ჩვენმა ნაკრებმა ძალიან მოინდომა, ბოლომდე დაიხარჯა, მაგრამ სამწუხაროდ დიდი ანგარიშით დავმარცხდით (9:46).
ამ პერიოდში ვერც წარმოვიდგენდი თუ ერთ დღეს საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი და მით უმეტეს, სამოას ნაკრების წინააღმდეგ. ზუსტად 11 წლის შემდეგ, 2013 წლის 23 ნოემბერს, თბილისში გვქონდა თამაში სამოას წინააღმდეგ და ჩვენი გულშემატკივრების წინაშე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, იმ დროისთვის მსოფლიოს რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფი გუნდი. ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში. ჩემდაუნებურად, გამარჯვებული თამაშის შემდეგ, ყველაზე მეტი ემოცია სწორედ ამ თამაშის შემდეგ გამოვხატე. მოთამაშეების გარდა არავის ეგონა თუ ჩვენ ამ შეხვედრაში გამარჯვებას შევძლებდით. მგონია, რომ იმ დღეს გულშემატკივარიც ჩვენგან მხოლოდ თავდადებულ თამაშს ელოდა და მსოფლიო რაგბშიც დაუჯერებლად ჩანდა საქართველოს ნაკრების გამარჯვება. მაშინდელი სამოას ნაკრები მართლა ძალიან ძლიერი იყო, თითოეული მათგანი უძლიერეს გუნდში თამაშობდა და თეორიულად, ეს მართლაც შეუძლებელი იყო.
ასევე არასდროს დამავიწყდება 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგას ნაკრებთან გამარჯვება. ეს ორივე შეხვედრა განსაკუთრებულ ემოციებთანაა დამოკიდებული. გამორჩეული იყო 2017 წელს „მილენიუმზე“ უელსთან შეხვედრა. ამ თამაშის შემდეგ ყველაზე მეტად დამწყდა გული, რადგან ძალიან ახლოს ვიყავით საუკეთესო ათეულის გუნდთან დადებითი შედეგის დაფიქსირებასთან. როდესაც ასეთ ნაკრებთან ასე ახლოს ხარ მიზანთან და სასურველ შედეგს ვერ აღწევ, ძალიან ძნელია. უელსთან დამარცხება ემოციურად რთული იყო, სამოასა და ტონგასთან მოგებებმა კი შინაგანი ბედნიერების გრძნობა მომანიჭა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ სამოას კიდევ 3-ჯერ ვეთამაშეთ ორი მოვიგეთ, ერთი კი ფრედ დავასრულეთ.
რამდენად განვითარდა საქართველოს ნაკრები უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში?
საქართველოს ნაკრებს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პროგრესი აქვს. 2019 წლის მსოფლიო თასი წარმატებულად რომ ვერ ჩაითვლება ეს საიდუმლო არავისთვისაა. ამას მორაგბეებიც ვაღიარებთ და 100%-ით ვიღებთ პასუხისმგებლობას. სათამაშო ხარისხიც შეიძლებოდა ბევრად უკეთესი ყოფილიყო… მაგრამ თუ გავიხსენებთ მანამდე პერიოდს და ობიექტურად შევაფასებთ სიტუაციას, ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ის წარუმატებლად შეფასდეს. 2017 წლამდე ძალიან დიდი წინსვლა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მორაგბე აკლდა, 2016 წლის ზაფხულის ტურნე (ფიჯიზე) გუნდმა დაუმარცხებლად ჩაატარა – ორი მოგებით და ერთი ფრით. გული მწყდება, რომ ისეთმა ადამიანებმა, რომლებმაც ამ თამაშების მოგებას არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭეს, მსოფლიო თასის შემდეგ აქტიური საუბარი დაიწყეს ნაკრების წარუმატებლობაზე. ისინი არსად ჩანდნენ მნიშვნელოვანი გამარჯვებების შემდეგ, ავსტრალიის, ფიჯის და უელსის ნაკრებთან წაგებების შემდეგ კი, ყველაზე მეტს საუბრობდნენ, როგორ შეიძლებოდა მოგვეგო ავსტრალიასთან და ფიჯისთან. ეს იყო ჩემთვის გულდასაწყვეტი და ძალიან გასაკვირი.
ვიყოთ ობიექტურები, როდესაც საქართველოში ვერ ტარდება სრულფასოვანი ჩემპიონატი, გუნდებს არ აქვთ მოთამაშეთა ინდივიდუალურად მომზადების შესაძლებლობა, და ამ ჩემპიონატიდან შერჩეულ ბიჭებთან ერთად გიწევს უელსისა და ფიჯის დონის ნაკრებებთან (რომლის თითოეული მორაგბე უმაღლესი დონის ჩემპიონატშია) თამაში, წარმატებაზე ფიქრი ძალიან რთულია. გავიმეორებ, მსოფლიო თასზე ამ გუნდებთან შეგვეძლო ბევრად უკეთ გვეთამაშა და ეს ახლაც შეგვიძლია, მაგრამ მეტი წარმატებებისთვის მეტია საჭირო.
იმისთვის, რომ ქართული რაგბი განვითარების ახალ ეტაპზე ავიდეს, აუცილებლად უნდა შეიქმნას გუნდი, რომელიც რეგულარულად მიიღებს მონაწილეობას მაღალი დონის ჩემპიონატში. საქართველოში ძალიან ბევრი მაგარი მორაგბე იზრდება, მაგრამ თუ ისინი ვერ ახერხებენ ევროპულ გუნდში გადასვლას, ვეღარ ვითარდებიან. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ასეთი გუნდის შექმნა და რომელიმე ჩემპიონატში ჩართვა, ეს ალბათ ძალიან რთულია, მაგრამ თუ გვინდა გრანდებთან მოგებებზე ვიფიქროთ, აუცილებლად უნდა გამოინახოს რაიმე გზა. ასეთ პროფესიონალურ გუნდში მოხვდებიან ის ბიჭები, რომლებიც ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან, მათ ვარჯიშის მეტი სხვა საფიქრალი არ ექნებათ და ნაკრებსაც უფრო მომზადებული შეუერთდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია