შიდა რაგბი

15:53 | 8.03.2020 | ნანახია 825 - ჯერ

დიდი 10 | "იუნკერები" 16:25 "აკადემია"

თბილისის ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის მე-14 ტურში ‘იუნკერებს’ 25:16 სძლია და 2020 წელს პირველი გამარჯვება იზეიმა.

„მხატვრებს“ განვლილ სამ მატჩში ერთი ფრე და ორი მარცხი მოუგროვდათ, რის გამოც პოზიციები დათმეს, თუმცა ამ მოგების შემდეგ, მოწინავეთა შორის დარჩნენ და დარჩენილ ოთხ ტურში უკეთესი საფლეიოფო პოზიციისთვის იბრძოლებენ. ‘იუნკერებმა’ ქულა ვერ აიღეს და 20 ქულით მე-8 ადგილზე რჩებიან. მათ უძლიერესთა შორის დასარჩენად ჯერ კიდევ ბრძოლა მოუწევთ.

„ავჭალაზე“ თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველ 20 წუთში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ‘აკადემიას’ ჰქონდა, მაგრამ ჯარიმა გაუცუდდა. მერე ‘იუნკერებმა’ სინბინით რამაზ ხარაზიშვილი დაკარგეს და რიცხობრივი უპირატესობა მეტოქემ კარგად გამოიყენა. 12-ფაზიანი, ხელდახელ შეტევა დაახლოებით წუთნახევარი გაგრძელდა, გიორგი ჭუაძემ სამჯერ მოიგო მანძილი, დასკვნით ფაზაში კი გიორგი მიქანაძემ მარჯვენა ფრთაზე მიხეილ ახობაძე გაიყვანა და მანაც ალამთან ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

შეხვდერა მაღალ ტემპში გაგრძელდა და 32-ე წუთზე 80-მეტრიანი კონტრშეტევა ‘აკადემიას’ მეორე ლელოთი დასრულდა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ ბოლო ფაზაში წინთამაში დააფიქსირა. შესვენებამდე სტრუმრებმა გიორგი მიქანაძის ჯარიმით კიდევ 3 ქულა აიღეს და ტაიმი 8:0 მოიგეს.

მეორე ტაიმიც მაღალ ტემპში დაიწყო და მაყურებელმა საინტერესო შეტევები იხილა, 48-ე წუთზე კი ლამაზი ლელო გავიდა. გიორგი ჭუაძემ საკუთარი 22-ის წინ მიიღო ბურთი და ხაზი გაჭრა, მაღალ სისწრაფეში ფეხით ითამაშა, ოვალს თავადვე დაეუფლა და ინდივიდუალური ლელო გაიტანა, ხოლო მიქანაძემ გარდასახა. განახლდა თუ არა შეხვედრა, უკვე ‘იუნკერებმა’ შეუტია ხელდახელ და ლამაზი იერიში რამაზ ხარაზიშვილის ლელოთი დასრულდა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

ტაიმის შუაში მიქანაძემ და ხარაზიშვილმა ჯარიმები გაცვალეს, 73-ე წუთზე რამაზმა კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა და სხვაობა 7 ქულამდე დავიდა – 11:18. მატჩის მიწურულს კიდევ ორი ლელო გავიდა. ჯერ ‘აკადემიამ’ დერეფნიდან მორკინალებით შეუტია, დაახლოებით 10 მეტრი მოიგო და ირაკლი ლუარსაბიშვილის ლელო კოტე ახობაძემ გარდასახა. პასუხად ‘იუნკერებმა’ ხელდახელ შეუტია და გაწითლებულ დროზე თორნიკე ფერსაშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ ხარაზიშვილს გარდასახვა გაუცუდდა და ‘იუნკერები’ ბონუსის გარეშე დარჩა – 16:25.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080819