შიდა რაგბი

22:42 | 6.03.2020 | ნანახია 1109 - ჯერ

დიდი 10 | ხარები 20:24 აია

ქუთაისის ‘აიამ’ რუსთავში ‘ხარებს’ გაწითლებულ დროზე გამარჯვების ლელო გაუტანა და უშუალო კონკურენტი დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად 24:20 დაამარცხა.

ქუთაისელებმა 2020 წელს ჩატარებული მესამე თამაშიც მოიგეს, გამარჯვებების სერია 4-მდე გაზარდეს და მინიმუმ კვირამდე მეორე ადგილზე აღზევდნენ. ‘ხარებმა’ ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო, რის გამოც კონკურენტებს ჩამორჩა და მეოთხე პოზიციამდე დაეშვა.

მე-14 ტურის პირველი მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და მისი ბედი დასკვნით წუთებში გადაწყდა. ანგარიში სტუმრებმა მე-4 წუთზე, გიორგი ბაბუნაშვილის ჯარიმით გახსნეს და ლიდერობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ, თუმცა მერე ორი ლელო გაუშვეს. ‘ხარებმა’ 27-ე წუთზე დერეფნიდან მოლი დააყენა, 5 მეტრი სწრაფად დაფარა და გიორგი ხაბაშვილმა მასპინძლები ლელოთი დააწინაურა. შესვენებამდე 2 წუთით ადრე, ზურა ქავთარაძე ფრთაზე ორ მბოჭავს გაექცა და მარცხენა ალამთან მეორე ლელო გაიტანა. გარდასახვები არაზუსტი იყო და ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი 30 წუთის დაწყებული იყო და ‘ხარებმა’ მესამე ლელო გაიტანა. შეცვლაზე შესულმა ლევან ნარიმანიძემ 10-მეტრიან წყვეტილთან მიიღო ბურთი, აჩქარებით ხაზი გაჭრა, გზად ორ მბოჭავს გაექცა და ანგარიში 15:3 გახადა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო და ‘აიამ’ მეტოქეს დაკარგული ქულები არ აპატია.

ქუთაისელებმა თავისი პირველი ლელო 47-ე წუთზე, მარჯვენა ფრთაზე აგორებული მოლით გაიტანეს. დერეფნიდან კარგად გათამაშებული კომბინაცია ირაკლი გაბისონიამ დაასრულა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. 73-ე წუთზე მასპინძლებმა საკუთარი 22-იდან ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანეს და ხელდახელ სწრაფი შეტევა მიიღეს, თემურ კოხოძემ სისწრაფეს მოუმატა, ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა, ხოლო ბაბუნაშვილმა გარდასახვით ‘აია’ 17:15 დააწინაურა.

თამაშის დასრულებამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა, როდესაც რუსთაველებმა კარის წინ შეუტიეს და სამი პასის შემდეგ ქავთარაძემ დუბლი შეასრულა. ‘ხარები’ 20:17 დაწინაურდა, თუმცა მეოთხე გარდასახვაც არაზუსტი იყო და გაწითლებულ დროზე ‘აიამ’ შეუტია. პირველ 5-მეტრიან მოლს სინბინით ჟორა მღებრიშვილი შეეწირა, მეორე ჯერზე კი საბა ერემეიშვილმა გამარჯვების ლელო გაიტანა, ხოლო ოთარ ძაგნიძემ გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 24:20.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085151