7 მარტს, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში პორტუგალიასთან გასამართ მატჩში, ბორჯღალოსანთა რიგებს კიდევ ორი მორაგბე შეემატება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ (19 საათზე) გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და ორი მათგანი დებიუტანტია.
მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია (ქვედა ფოტოზე), რომელმაც თავი 2017-2018 წლებში უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებში მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშით დაგვამახსოვრა, გაფართოებულ რაზმში ბელგიასთან მატჩის წინაც იყო. მაშინ 21 წლის მორაგბე საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა, ახლა კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.
მარქაფაშია ქუთაისის ‘აიასა’ და უმცროსი ბორჯღალოსნების შუამარბი ლაშა ლომიძე, რომელსაც ეროვნულ გუნდში ასევე დებიუტი ექნება. მას 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე თამაში წელსაც უწევს და ცოტა ხნის წინ საფრანგეთში მასპინძელთა ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, მერე კი ეროვნულ გუნდს შეუერთდა და 23-კაციან განაცხადში მოხვდა.
ცვლილებები ძირითადში
ორი კვირის წინ ბელგიასთან 78:6 მოგებული მატჩის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად რამდენიმე მორაგბე შეცვალა.
სრულადაა განახლებული შერკინების პირველი ხაზი და თამაშს გიორგი თეთრაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა იწყებენ. თეთრაშვილი 2018 წლის შემდეგ პირველადაა ძირითადში. მან ბელგიასთან შეცვლაზე ითამაშა.
დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა მეორეხაზელმა ლაშა ჯაიანმა, რომელსაც ბორჯღალოსნებში დებიუტი ორი კვირის წინ, ბელგიასთან ჰქონდა. მას დავით გიგაური შეუწყვილდება, რომელიც ესპანეთთან და ბელგიასთან მარქაფაში იყო, ახლა კი სასტარტო შემადგენლობაშია.
მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ, ასევე ფლანკერმა გიორგი თხილაიშვილმა. მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელიც ძირითადში ბრუნდება.
შეცვლილია ღერძი და 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს გიორგი ბეგაძე, ხოლო მგეზავად ლაშა ხმალაძე იწყებს. ბეგაძე წელს სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა. ორი კვირის წინ მან ბელგიასთან მეორე ტაიმში ითამაშა და პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა. ხმალაძემ მგეზავად თამაში ბოლოს 2019 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიის ნაკრებთან დაიწყო.
ცენტრში გამოცდილი მორაგბეები – ლაშა მალაღურაძე და დავით კაჭარავა შეწყვილდებიან. მალაღურაძესთვის ეს 99-ე კეპი იქნება და თუ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში რუსეთის წინააღმდეგაც ითამაშა, მეოთხე ქართველი ცენტურიონი გახდება, ხოლო კაჭარავა საფრანგეთში 122-ე კეპს მოიხვეჭს.
ფრთებზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუას და ახალბედა დემე თაფლაძეს ვიხილავთ. 20-წლამდელთა კაპიტან თაფლაძეს, ეროვნულ გუნდში დებიუტი ორი კვირის წინ ბელგიასთან ჰქონდა და მაშინ ცენტრში ითამაშა, ახლა კი ფრთაზე გადაინაცვლა. ფულბეკი წინა შეხვედრის მსგავსად სოსო მათიაშვილია.
დებიუტანტების გარდა, მარქაფაში არიან კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე, გამოცდილი მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი, ასევე გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020. IV ტური. 7 მარტი
პარიზი (საფრანგეთი). სტად ჟან ბუენი. 19 საათი (საქ. დრო)
პორტუგალია – საქართველო
საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 9. გიორგი ბეგაძე (ჯიქი);
შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. დავით გიგაური (კოლომიე), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, კაპ.).
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემ), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 23. ლაშა ლომიძე (აია).
შემადგენლობა კეპებისა და კლუბების მითითებითrugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია