შიდა რაგბი

23:00 | 29.02.2020 | ნანახია 1025 - ჯერ

დიდი 10 | "ლოკომოტივი" 7:54 "იუნკერები"

აუტსაიდერთა ჯახში ‘იუნკერებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივი’ „ავჭალაზე“ 54:7 დაამარცხა და უძლიერესთა შორის დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სტუმრებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს, ბონუსიც აიღეს და 20 ქულით მე-7 ადგილზე აღზევდნენ. ‘ლოკომოტივს’ 15 ქულა დარჩა და ბოლო საფეხურზე რჩება, თუმცა წინ კიდევ 5 ტურია და დაკარგული არაფერია.

მატჩის დებიუტში ანგარიში რამაზ ხარაზიშვილმა 37 მეტრიდან გატანილი ჯარიმით გახსნა. ‘იუნკერები’ ხელდახელ, მაღალ ტემპში უტევდა, რამაც მასპინძელთა დაცვა არია და მე-15 წუთზე პირველი ლელო გავიდა. ერთი შეხედვით არაზუსტი პასის შემდეგ, ბრძოლას მხოლოდ ნიკოლოზ მარჯანიშვილი არ გამოეთიშა, ხაზი სუფთად გაჭრა და ძელებამდე უპრობლემოდ ირბინა, ხარაზიშვილმა კი გარდასახა.

მატჩის დებიუტში მოპოვებული უპირატესობის მიუხედავად, ‘იუნკერებმა’ არ გარისკა და ტაიმის შუაში ხარაზიშვილმა მონაგარს კიდევ ორი ჯარიმით 6 ქულა შემატა. გუნდის კაპიტანი ამას არ დასჯერდა, მომდევნო შეტევისას მარჯვენა ფრთაზე გრძელ გადაცემას დაელოდა და ალამთან ლელო გაიტანა, რთული პოზიციიდან კი გარდასახა.

ორ-ორი წუთის ინტერვალით კიდევ ორი ლელო გავიდა. ჯერ კონტრშეტევისას, ფეხით გადაკიდებული ბურთი მცველებმა ვერ აიღეს და შეტევა ზერო პეტრიაშვილმა დაასრულა, მერე კი კონტრშეტევისას ვახო კავთიძემ გაჭრა ხაზი და თავის ყოფილ გუნდს ლელო გაუტანა. ხარაზიშვილმა ორივე გარდასახა და ტაიმი 37:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ‘ლოკომოტივის’ ლამაზი ლელოთი დაიწყო. ცენტრში ხაზის გაჭრის შემდეგ, სწრაფი იერიში ნიკა წივწივაძემ დაასრულა და გიორგი ტალახაძემ გარდასახა. ‘ლოკომოტივი’ მეორე ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საპასუხოდ კონტრშეტევა და ბონდო ლომიძის ლელო მიიღო, რის შემდეგაც ძველი სხვაობა აღდგა. დარჩენილ დროში კიდევ ორი ლელო გავიდა და ორივე ‘იუნკერების’ ანგარიშზეა. გიორგი ჟღენტმა ლელოთი მოლი დაასრულა, ხოლო გიორგი შუკაკიძემ ხელდახელ შეტევა მარჯვენა ალამთან დაასრულა – 54:7 დებიუტანტის სასარგებლოდ.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08122