ქუთაისის ‘აიამ’ მარნეულის ‘არმაზს’ 6 ლელო გაუტანა, 36:7 დაამარცხა და ბონუსიც ჩაიწერა.
„აია არენაზე“ თამაში მასპინძლების იერიშებით დაიწყო და 10 წუთში ანგარიში გაიხსნა. ფორვარდების რამდენიმე მიძალება მცველებმა დიდი ძალისხმევით შეაჩერეს, თუმცა რამაზ რუხაძემ ლელოს ხაზის გადაკვეთა მაინც მოახერხა. გარდასახვა არაზუსტი იყო, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ტაიმი 5:0 დასრულდა.
მასპინძელთა სათამაშო უპირატესობა ქულებში მეორე ტაიმის დასაწყისში აისახა. 15 წუთში ‘აიამ’ სამი ლელო გაიტანა და 22:0 დაწინაურდა. თამაშის განახლებიდან 2 წუთში, ქუთაისელებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტიეს, მის ჩაქცევას მორკინალების ორი მიძალება მოყვა და მიხეილ ბაბუნაშვილმა ხაზი გადაკვეთა. 51-ე წუთზე ირაკლი გაბისონიამ შერკინებიდან თავად შეუტია და 5-მეტრიან წყვეტილამდე იარა, ბურთი გელა შალამბერიძემ აიტაცა და დაუცველ ლელოში შევიდა.
3 წუთში აიამ მაღალ ტემპში შეუტია და ფაზები აკინძა, ხაზი ორჯერ გაიჭრა, ‘არმაზის’ დაცვა მოირღვა და გიორგი ბაბუნაშვილმა თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა. ამჯერად მან გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. დასკვნით 10 წუთში ქომაგმა კიდევ 3 ლელო იხილა. უპირატესობა ჯერ მასპინძლებმა გაზარდეს, მათ ხელდახელ მაღალ ტემპში შეუტიეს და ზვიად ორმოცაძის ლელო ბაბუნაშვილმა გარდასახა.
შეხვედრის მიწურულს თამაში აირია და აქ სტუმრებმა იხეირეს. გუნდებმა ჯერ უშედეგო, 80-80-მეტრიანი კონტრშეტევები გაცვალეს, შემდეგ ჯერზე კი ლუკა დვალიშვილმა ‘არმაზის’ ერთადერთი ლელო გაიტანა და თავადვე გარდასახა. გაწითლებულ დროზე ბოლო სიტყვა კვლავ ‘აიამ’ თქვა. მასპინძლებმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს და ბექა შვანგირაძემ ლელო გაიტანა, ხოლო ბაბუნაშვილმა საბოლოო შედეგი გარდასახვით დააფიქსირა – 36:7.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია