შიდა რაგბი

19:41 | 29.02.2020 | ნანახია 759 - ჯერ

დიდი 10 | "ლელო-სარასენსი" 20:19 "ხარები"

‘ლელო-სარასენსმა’ დიდ დიღომში რუსთავის ‘ხარები’ დაძაბულ ბრძოლაში 20:19 დაამარცხა და მინიმუმ ორი დღით სატურნირო ცხრილის თავში აღზევდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გუნდებმა 3-3 ლელო გაიტანეს და 7-ჯერ შეიცვალა ლიდერი, საბოლოო სიტყვა კი, მასპინძლებმა თქვეს.

დებიუტში გუნდებმა თითო-თითო ხელდახელ შეტევა გაცვალეს, ‘ხარები’ დაჯარიმდა და ირაკლი ყიასაშვილმა ანგარიში გახსნა. მალე სოსო მათიაშვილს ლამაზი, ინდივიდუალური ლელოს გატანის შანსი ჰქონდა, მან ცენტრის სიახლოვეს გაჭრა ხაზი, ბურთი ფეხით მეტოქის 22-ში გადაიკიდა, მაგრამ 5-მეტრიან წყვეტილთან მისი დამორჩილება ვეღარ შეძლო.

სტუმრებმა დაწინაურება 25-ე წუთზე შეძლეს, როდესაც დერეფნიდან მოლი დააყენეს და ის ლელოთი ნიკა კევლიშვილმა დაასრულა, ხოლო დავით თაბუკაშვილმა გარდასახა. ‘ლელო-სარასენსმა’ 31-ე წუთზე უპასუხა, ამჯერად მასპინძლებმა ააგორეს მოლი და თენგიზ ზამთარაძემ ლელო გაიტანა. ყიასაშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა – 8:7.

ტაიმის ბოლოს ‘ხარებმა’ უკვე 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია მოკლე ფრთაზე, სადაც ბაქარ ზედგინიძე მარტო დარჩა და სტუმრებს ტაიმი 4 ქულის სხვაობით მოაგებინა.

50-ე წუთზე ლამაზი ლელო უკვე ‘ლელო-სარასენსმა’ გაიტანა. შეტევა მათიაშვილმა ცენტრში დაიწყო, მერე ხაზი მარჯვენა ფრთაზე გაიჭრა და ბექა მამუკაშვილი ზედ ლელოსთან შეაჩერეს, ახლა ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და სივრცეში მათიაშვილი ბოლო მცველს გაექცა. ტაიმის შუაში ლამაზი ლელოთი უკვე რუსთაველებმა უპასუხეს, მათ დერეფნიდან შორეულ ფრთაზე გაშალეს შეტევა, ბექა ბებიაშვილმა ბურთი ფეხით შეაცურა, მას ფეხი თაბუკაშვილმაც წაკრა და მარცხენა ალამთან დაამიწა, მერე კი გარდასახა და ‘ხარები’ 19:13 დაწინაურდა.

მალე ‘ლელო-სარასენსმა’ სინბინით მათიაშვილი დაკარგა, 4 წუთში კი მის გზას რუსთაველი გიორგი ნარიმანიძე გაუყვა. შედეგად, მასპინძლებმა შეძლეს მეტოქის ნახევარზე გადასვლა, დერეფნიდან მესამე ჯერზე კარგი მოლი დააყენეს და ზამთარაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა და საკუთარ გუნდს 20:19 მოაგებინა.

შედეგად, ‘ლელო-სარასენსი’ 44 ქულით პირველ ადგილზე აღზევდა, ‘ხარებს’ პრემია ერგო და 41 ქულით მესამეა, ხოლო მათ შორის ‘ბათუმი’ იმყოფება, რომელიც 1 მარტს გორში ‘ჯიქს’ ეთამაშება.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08193