ბორჯღალოსნები

20:06 | 21.02.2020 | ნანახია 1558 - ჯერ

ვასილ ლობჟანიძე - ყველაზე ახალგაზრდა 50-ე კეპით

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, 1 თებერვალს რუმინეთთან გამართულ მატჩში, ბორჯღალოსანმა ვასილ ლობჟანიძემ 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

ეს ფაქტი არ გამორჩა „მსოფლიო რაგბის“ ოფიციალურ გვერდს და ქართველ ცხრიანთან ინტერვიუ ჩაწერა:

„ვასილ ლობჟანიძე არის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც მსოფლიო თასზე ითამაშა, ახლა კი, ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც 50-ე საერთაშორისო თამაში ჩაატარა.

მან ეს პატივი ჯორჯ ნორთისგან 1 თებერვალს გადაიბარა, როდესაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველომ რუმინეთის ნაკრები „დინამო არენაზე“ 41:13 დაამარცხა. ამ დროს ის 23 წლის 110 დღის იყო.

„როდესაც ეროვნული ნაკრების კვართით თამაშის შესაძლებლობა გეძლევა, ეს უკვე უდიდესი პატივია, ხოლო 23 წლის ასაკში 50-ე კეპის მოხვეჭა, წარმოუდგენელი შეგრძნება“ – ამბობს ლობჟანიძე, რომელიც ისეთი უდიდესი ვარსკვლავების კამპანიაში მოხვდა, როგორებიც იტალიური რაგბის სუპერ-ვარსკვლავი სერჯიო პარისე, ასევე მსოფლიო თასის გამარჯვებულები ჯო როფი და ჯონი უილკინსონი არიან:

„როდესაც ისეთი მორაგბეების გვერდით ხვდები, რომელთაც ტელევიზორში უყურებდი, ისინი იყვნენ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავის დროზე რაგბი შეიყვარე, ეძებდი მათ თამაშებს ინტერნეტში, რა თქმა უნდა წარმოუდგენელი შეგრძნება გეუფლება“.

დასაწყისი

ლობჟანიძის საერთაშორისო კარიერა 2015 წლის თებერვალში, გერმანიასთან 64:8 მოგებული შეხვედრით დაიწყო. მას შემდეგ მან საქართველოს ნაკრების 56 ტესტ-მატჩიდან 51-ში მიიღო მონაწილეობა.

პირველი ტესტიდან 7 თვის შემდეგ მას დებიუტი ჰქონდა მსოფლიო თასზე ტონგასთან. იმ დღეს, გლოსთერში, ის ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა – 18 წლისა და 340 დღის.

„2015 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას, სრულად ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. 18 წლის ასაკში უცებ მოვხვდი წარმოუდგენელ სამყაროში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ნაკრებისთვის. მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ტოპ 14-ის ‘ბრივთან’ კონტრაქტი გავაფორმე და მას შემდეგ 4 წელია აქ ვარ“ – ამბობს ლობჟანიძე და განაგრძობს, რომ საკლუბო რაგბში უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება, მას საერთაშორისო თამაშებში ეხმარება:

„პირველი ორი სეზონი ‘ბრივში’ ხშირად თამაში არ მიწევდა. არ ვიცოდი ფრანგული ენა, რაც ჩემი პოზიციის მოთამაშისთვის მნიშვნელოვანია. ბოლო ორი სეზონია საკმარისი სათამაშო დრო მეძლევა, ვიძენ გამოცდილებას და მერე ამ გამოცდილებას გუნდთან ერთად ნაკრებშიც ვიყენებ“.

შთამბეჭდავი 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, როდესაც საქართველომ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პირველად ისტორიაში მოიპოვა მომდევნო მსოფლიო თასის საგზური, იაპონიაში გამართული ტურნირი შედარებით წარუმატებელი აღმოჩნდა. ავსტრალიის, უელსისა და ფიჯის ნაკრებები მილთონ ჰეიგის შეგირდებისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცნენ და მხოლოდ ურუგვაი დაამარცხეს:

„განვლილი მსოფლიო თასის შეფასება რთულია… დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ და ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. ამ ჩემპიონატით კმაყოფილი არავინ დარჩენილა“.

ფორმის დაბრუნება

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთო და ტიტულის დაცვა ორი მოგებით დაიწყო – რუმინეთთან და ესპანეთთან. ლობჟანიძესთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ტიტული უბრალოდ კი არ მოიგოს, ეს ლამაზ სტილში მოახერხოს:

„ვფიქრობ, საკმაოდ დამაჯერებლად გამოვდივართ და განვლილ ორი შეხვედრაში სანახაობრივი რაგბი ვაჩვენეთ, განსაკუთრებით რუმინეთთან. სწორედ ეს გვსურდა მსოფლიო თასზე და სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. ესპანეთთან ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა. მეორე ნახევარში მოვეშვით და ტემპი ვერ შევინარჩუნეთ. უმეტესად დაცვაში გვიწევდა თამაში და ბევრი ჯარიმა მივიღეთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ტურნირის გრანდ სლემით მოგება, არამედ სანახაობრივი რაგბის ჩვენებაა“.

მუდმივი პროგრესი – ესაა ის, რისკენაც ლობჟანიძე მიილტვის და იმედოვნებს, რომ მომდევნო მსოფლიო თასს, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს, საუკეთესო ფორმაში შეხვდება:

„უკვე ვფიქრობ 2023 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც 26-27 წლის ვიქნები და შესაძლოა, ეს იყოს ჩემი კარიერის უმაღლესი მწვერვალი. ჩემი აზრით, ამ პერიოდში გამოჩნდებიან ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებიც მომავალში თავის სიტყვას იტყვიან და ეს აისახება როგორც თამაშის ხარისხზე, ასევე შედეგებზე“ – ამბობს ლობჟანიძე, რომელიც ამ პერიოდისთვის მე-100 კეპს მიუახლოვდება“.

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:16 | 22.02.2020
valeri8848 (31)

თუ ნაკრების თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე არ იზრუნეთ ეგ კეპები გაიკეთეთ ერთ ადგილზე

0.089521