საერთაშორისო

20:00 | 15.02.2020 | ნანახია 2474 - ჯერ

"ბორჯღალოსნები" | დებიუტანტები გაფართოებულ რაზმში

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, 22 თებერვალს ქუთაისში, „აია არენაზე“ ბელგიის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის, 29 მორაგბე გამოიძახა.

„შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე, ორშაბათს შეკრებაზე 17 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშე შევა, რომელთაგან სამი დებიუტანტია. მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი, რომელსაც უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად 2017-2018 წლების მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ასევე საქართველო XV-ში უთამაშია, ნაკრების შეკრებაზე ჯერ კიდევ მსოფლიო თასამდე იყო და გაფართოებულ რაზმში რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მოხვდა, თუმცა მოედანზე ჯერ არ გასულა.

გაფართოებულ შემადგენლობაში წლის დასაწყისშივე უხმეს შუამარბ დემე თაფლაძეს, მაგრამ მისი სანაკრებო დებიუტი ჯერ არ შემდგარა. თაფლაძე უმცროსი ბორჯღალოსნების ღირსებას 2018-2019 წლებში იცავდა და ამ გუნდთან ერთად, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩენმპიონატზე წელს მესამედ ითამაშებს.

ეროვნული გუნდის შეკრებაზე პირველად იქნება მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია, რომელიც ორი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა – 2017-2018 წლებში და მას შემდეგ ფრანგულ ‘ბიარიცს’ შეუერთდა. 2018 წლის ბოლო მატჩში თორნიკემ ფეხი მოიტეხა, რის გამოც დიდი დრო გაუცდა, ახლა კი გუნდის ესპუარებში ლიდერად იქცა და თავის გამოჩენის შანსი სავარაუდოდ ნაკრებშიც ექნება.

გამოძახებულთა შორისაა ‘ბორდოს’ 22 წლის ბურჯი ლაშა ტაბიძე, რომელმაც 2017 წელს ოთხი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და ერთხელ სასტარტო შემადგენლობაშიც იყო, თუმცა მას შემდეგ ბორჯღალოსნების კვართით აღარ უთამაშია.

რუმინეთთან და ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, მაისაშვილმა რამდენიმე ლიდერს ბელგიასთან მატჩისთვის აღარ დაუძახა, რაც ახალგაზრდებს თავის გამოჩენის კარგ შესაძლებლობას აძლევს. შემადგენლობასთან დაკავშირებით ის ამბობს:

„თორნიკე ჯალაღონიამ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და მას შემდეგ ჩვენი თვალთახედვის არეშია. სამწუხაროდ, მას ტრავმა ჰქონდა, ახლა კი გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩამოვიყვანოთ და შევხედოთ. გაფართოებულ შემადგენლობაში ის ნამდვილად იმსახურებს ადგილს და თუ შესაძლებლობა იქნება, საქმეშიც აუცილებლად ვნახავთ“.

„დემე თაფლაძემ ჩვენთან ერთად გაიარა სრული შეკრება. ის ძალიან კარგი ბიჭია და მის პოზიციაზე სიღრმეები გვჭირდება. ლაშა ჯაიანი ჭკვიანი მოთამაშეა და ასევე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად წარმოაჩინა თავი. მისი მონაცემების მორაგბეებით განებივრებულები არ ვართ და მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ, რათა დაიმკვიდროს ადგილი ეროვნულ გუნდში“.

„საფრანგეთიდან რამდენიმე პირველხაზელს არ დავუძახეთ, რათა მივცეთ შესაძლებლობა იმ მორაგბეებს, რომელთაც აქამდე მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ. გამოძახებულია ლაშა ტაბიძე, რომელსაც აქვს ეროვნულ გუნდში ნათამაშები, თუმცა ბოლო წლებში ამის შანსი არ მისცემია და გვსურს ვნახოთ ამ ეტაპზე რა შეუძლია. სხვა მხრივ სიახლეები არ გვაქვს. დაგვაკლდა ოთარ გიორგაძე, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს და ვასილ ლობჟანიძე, რომელსაც კლუბში მეტი მაღალი დონის თამაშის ჩატარების შესაძლებლობა ექნება“.

„აია არენაზე“ თამაში 15 საათზე იწყება და მაისაშვილი ქუთაისელი და ჩასული ქომაგისგან ტრადიციულ მხარდაჭერას ელის. თავის მხრივ, ის იმედოვნებს, რომ ბორჯღალოსნები ყველა კომპონენტში დომინანტები იქნებიან და ქომაგს ლამაზ თამაშს შესთავაზებს:

„ბელგია-რუსეთის თამაშს მადრიდში ვუყურე და რუსებმა დაუშვეს ის შეცდომები, რა შეცდომებსაც გუნდები მეტოქის დაუფასებლობის გამო უშვებენ. დაახლოებით ის მოხდა, რაც ჩვენ დაგვემართა ესპანეთთან მეორე ტაიმში, თუმცა ჩვენს შევძელით უპირატესობის შენარჩუნება. ნებისმიერ მეტოქეს, თუ მისცემ თამაშის მართვის შესაძლებლობას, ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდები. მაგრამ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბელგიამ შესაძლოა რაიმე სახის პრობლემები შეგვიქმნას. ჩვენი მიზანია, რომ ყველა კომპონენტში ვიყოთ დომინანტები. უკვე მესამე თამაშს ვატარებთ და უკეთ ვაჩვენოთ ის, რაც ჩვენი აზრით შეგვიძლია. ამას როგორ შევასრულებთ, მოედანზე გამოჩნდება“.

„რაც შეეხება ქუთაისში თამაშს, იქ ყოველთვის ფანტასტიური გარემოა, რადგან რაგბი ძალიან უყვართ და დარწმუნებული ვარ ტრიბუნები ბოლომდე შეივსება. კარგია ის ტრადიცია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი და ქუთაისელ ქომაგს, რომელიც შესაძლოა ყოველთვის ვერ ახერხებს თბილისში თამაშზე ჩამოსვლას, ეძლევა შანსი ნაკრების თამაშს უშუალოდ ტრიბუნიდან უყუროს. მე მათგან დიდ მხარდაჭერას და შესანიშნავ ატმოსფეროს ველოდები“.

გაფართოებული შემადგენლობა ბელგიასთან

შერკინება: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი,2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3), ლაშა ტაბიძე (ბორდო,3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემ, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8).

ხაზი: გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), თამაზ მჭედლიძე (რუანი, 11, 12, 13, 14), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).

შემადგენლობა კეპებისა და კლუბების მითითებით

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:52 | 16.02.2020
dede (87)

როგორც იქნა ჯალაღონია გამოჩნდა) აბა მიდი თოკო

0.186613