საქართველოს მორაგბეთა A ნაკრების მემკვიდრე - “მზარდი საქართველო”, 4 ივნისს, 19:00 საათზე, რუსთავის სარაგბო სტადიონზე სადებიუტო მატჩს გამართავს.
გუნდების შორის, სახელის გარდა სხვაობა ისაა, რომ A ნაკრებში, განურჩევლად ასაკისა, ყველა ის მორაგბე ხვდებოდა, რომლებიც ეროვნული გუნდის სტანდარტებს აკმაყოფილებდა, აქ კი, აქცენტი 25 წლამდე მორაგბეებზე კეთდება და დასაშვებია ორი-სამი გადაცდომა. ანუ, “მზარდი” ნაკრებები, რომლებიც ბოლო დროს თითქმის ყველა წამყვან სარაგბო ქვეყანაში დაინერგა, ამიერიდან საქართველოსაც ეყოლება და აქცენტი უმეტესად ახალგაზრდებზე გაკეთდება.
“მზარდი”, გნებავთ “მომავლის” საქართველოს მეტოქე ინგლისის საგრაფოთა ნაკრები იქნება. ამ ქვეყნის საგრაფოების 20-წლამდე ასაკის გუნდთან ურთიერთობის აწყობის შემდეგ, რომელსაც შარშან და წელს ქართველი 19-წლამდელები ეთამაშნენ, ჯერი უფროსებზე მიდგა და ეს ურთიერთობა გაისადაც გაგრძელდება. ქართველთა მწვრთნელის - ლევან მაისაშვილის მიზანია, რომ ტალანტები მოიძიოს, თუმცა, ამავდროულად, მას A ნაკრების წარმატებული სერიის შენარჩუნებაც სურს - მის გაწვრთნილ A ნაკრებს თამაში არ წაუგია და ამ სერიის შენარჩუნებას 4 და 8 ივნისს გასამართ მატჩებშიც ეცდება.
რუსთავში მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 1 ლარია და აქედან გამომდინარე, წესით 5 ათასიანი ტრიბუნა პირთამდე უნდა შეივსოს. ინგლისის რაგინდარა ნაკრები, უკვე იმის წინაპირობაა, რომ მეტოქე ბოლომდე იბრძოლებს და მაყურებელიც თვალსასეირო შეხვედრას იხილავს. სერიის მეორე შეხვედრა 8 ივნისს, კვლავ რუსთავში 18:00 საათზე დაიწყება, თუმცა, ხვალ ასე ვთქვათ გაცნობის დღეა და ორივე გუნდს სიურპრიზები ელის.
ხვალინდელ შეხვედრას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება 2003 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებული, ინგლისის ნაკრების ვეტერანი მორაგბე, ამჟამად ინგლისის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი - ჯეისონ ლეონარდი.
საქართველოს კაცთა მეორე ნაკრებმა, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე კაპიტნის ვარჯიში გამართა, რომლის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა “მზარდი საქართველოს” სამატჩო რაზმი დაასახელა. სამწუხაროდ, შეკრებაზე ტრავმები მიიღეს გიორგი აფციაურმა და გიორგი ბაბუნაშვილმა - ორივე მოთამაშეს ფეხზე კუნთი გაუწყდა. აფციაურმა იდენტური ტრავმა მსოფლიო ახალგაზრდულ “ალაფაზე” პირველივე ვარჯიშზეც მიიღო, რის გამოც მას ტურნირის გამოტოვება მოუწია.
ლევან მაისაშვილი: “7-დღიანი შეკრება გვქონდა, რომელიც მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ვფიქრობ, გუნდს შეთამაშება აკლია, მაგრამ ამის კომპენსირების იმედს მოთამაშეთა მონდომება მაძლევს. მომავალი ორივე შეხვედრა ერთადერთ მიზანს, გავითარებას ემსახურება. ყოფილი A ნაკრებისათვის სახელწოდებაც – “მზარდი საქართველო” იმიტომ შეირჩა, რომ აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე და განვითარებაზე კეთდება.
სამწუხაროდ, ტრავმების გამო გიორგი აფციაური და გიორგი ბაბუნაშვილი ვერ დაგვეხმარებიან. ამ დანაკლისს თუ არ ჩავთვლით, შემადგენლობის მხრივ კარგი მდგომარეობაა. საკმაოდ კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდით წარვდგებით, რომელთაგან ბევრს ასაკობრივ, თუ ყოფილ A ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვთ.
ინგლისის საგრაფოთა ნაკრები საკმაოდ ძლიერი და დასაფასებელი მეტოქეა, მაგრამ ჩვენი ნაკრები შესაბამისი თავდაჯერებულობით გავა მოედანზე და ვიმედოვნებთ, A ნაკრების მემკვიდრეობას, ანუ გამარჯვებებს, მზარდი საქართველო განაგრძობს.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
4 ივნისი. რუსთავი. ახალი. 19:00 საათი
მზარდი საქართველო - ინგლისის საგრაფოების ნაკრები
მზარდი საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. ლევან გოგოლაშვილი, 13. გიორგი ჯიმშელაძე, 12. თორნიკე ცერცვაძე, 11. მურაზ გიორგაძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. ალექსანდრე მინდიაშვილი; 1. გურამ კავთიძე, 2. გიორგი ლომთაძე, 3. ნიკოლოზ პატარაია, 4. ბაჩუკი გუჯარაიძე, 5. ლაშა ლომიძე, 6. მიშა გაჩეჩილაძე, 7. ელგუჯა სურგულაძე (კაპ), 8. გურამ შენგელია.
სათადარიგოები: 16. დავით ხიდეშელი, 17. თორნიკე ლომიძე, 18. ზაზა ნავროზაშვილი, 19. სანდრო ქოიავა, 20. ვასილ ლობჟანიძე, 21. გიორგი ტალახაძე, 22. მამუკა ნინიძე, 23. გიორგი მჭედლიშვილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია