საერთაშორისო

15:59 | 7.02.2020 | ნანახია 2855 - ჯერ

ხუთი ცვლილება და ერთი დებიუტი

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში მადრიდში, უნივერსიტეტის ცენტრალურ სტადიონზე ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

პირველ ტურში რუმინეთთან 41:13 გამარჯვების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილებაა – სამი ხაზში და ორი შერკინებაში.

შეხვედრა 9 თებერვალს, საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება და ბორჯღალოსნების კვართით დებიუტი ექნება აკაკი ტაბუცაძეს, რომელიც ფრთაზე თამაშს ტრავმირებული მირიან მოდებაძის ნაცვლად იწყებს. 22 წლის ტაბუცაძეს უმცროს ბორჯღალოსნებსა და 7-კაცას ნაკრებში უთამაშია. ის რამდენჯერმე იყო გამოძახებული ეროვნულ გუნდში, თუმცა ტრავმების გამო აქამდე თამაში არ მოუწია, ახლა კი პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.

კიდევ ერთი ტრავმირებული მორაგბის, გიორგი კვესელაძის ნაცვლად, ცენტრში თამაშს იწყებს თამაზ მჭედლიძე, რომელიც დავით კაჭარავას შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე მარქაფიდან დაწინაურდა სოსო მათიაშვილი, ხოლო ლაშა ხმალაძემ თადარიგში გადაინაცვლა. უცვლელი დარჩა ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა გამოცდილმა სანდრო თოდუამ.

შერკინების პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნეს გუნდის კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, ასევე კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, ხოლო მარცხენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა იქნება, რომელსაც რუმინელთა წინააღმდეგ არ უთამაშია. მარქაფაში გადაინაცვლა ბექა გიგაშვილმა.

მეორე ხაზში, კოტე მიქაუტაძის ნაცვლად (რომელიც 4 თებერვალს მამა გახდა და საფრანგეთში დაბრუნდა), მარქაფიდან შალვა სუთიაშვილი დაწინაურდა და ის ნოდარ ჭეიშვილს შეუწყვილდება. უცვლელია მესამე ხაზი – ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე.

რუმინეთთან მატჩის მსგავსად, მარქაფაში არიან კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, 9 ნომერი გელა აფრასიძე და შუამარბი ლაშა მალაღურაძე. თადარიგში ერთი ახალი სახეა – მეორეხაზელი დავით გიგაური. მან ბორჯღალოსნების კვართით შარშან სამი შეხვედრა ჩაატარა და ერთი ლელო გაიტანა.

ბორჯღალოსნებს ესპანელი „ლომები“ 16-ჯერ ყავთ დამარცხებული, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 3 მატჩი მეტოქემ მოიგო. წლევანდელი რაგბი ევროპის პირველ ტურში, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ რუსეთის ნაკრები სტუმრად, სოჭში ბონუსით, 31:12 დაამარცხა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020, II ტური. 9 თებერვალი

უნივერსიტეტის სტადიონი. 15:45 სთ. მადრიდი.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. თამაზ მჭედლიძე (რუანი), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. დავით გიგაური (კოლომიე), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 23. ლაშა ხმალაძეს (ბათუმი).

შემადგენლობა კეპების და ქულების მითითებით სატურნირო მდგომარეობა და ცხრილი

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:03 | 08.02.2020
dato2121 (13)

ისე კარგია ნაკრებისთვის რომ იხარჯება ადამიანი ბოლომდე მაგრამ წასვლის დროც მოდის ზოგჯერ და დაუთმე ახალგაზრდას ვინმეს რომ ამოწურავ შენ თავს...

0.07513