ამბები

10:07 | 5.06.2014 | ნანახია 3988 - ჯერ

ინგლისური გაკვეთილები

საქართველოს მორაგბეთა “მზარდი” ნაკრები ინგლისის საგრაფოთა ნაკრებთან 23:48 დამარცხდა და სამწუხაროდ, ეს ანგარიში სრულად ასახავს იმ მოვლენებს, რაც გუშინ რუსთავის სარაგბო სტადიონზე განვითარდა.

მარცხი ნებისმიერ შემთხვევაში საწყენია, თუმცა, ქართველთა ამ ფორმაციის გუნდისთვის მთავარი საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობით გამოცდილების მიღება და ეროვნულ გუნდთან მიახლოებული მოთამაშეებისთვის დონის ამაღლების საშუალებაა და ამ კუთხით, ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ თამაში, უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯია. მას შემდეგ, რაც საქართველოს A ნაკრები ოფიციალურად დაარსდა და ის ლევან მაისაშვილმა ჩაიბარა, ეს ამ გუნდის პირველი წაგებაა, მაგრამ წინაა მეორე შეხვედრა, რომელიც რუსთავის სარაგბო სტადიონზე 8 ივნისს გაიმართება და იქ მას და მის შეგირდებს რევანშის აღების შანსი ექნებათ.

გუშინ რუსთავში მეტოქემ დაიმსახურებულად გაიმარჯვა. ისინი დომნირებდნენ შერკინებაში, დერეფანში, ბურთს ჩვენზე უკეთ აკონტროლებდნენ და საგრძნობლად უკეთ ფლობდნენ რაგბის თამაშის ხელოვნებას. რა თქმა უნდა, ეს არ იყო უმაღლესი დონის გუნდი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია, მაგრამ კონკრეტულად 4 ივნისი მათი იყო და ეს შედეგზეც აისახა. ამრიგად, რუსთავის ახალმა სარაგბო სტადიონმა და ამ ქალაქის მაცხოვრებლებმა, ჯერაც ვერ იზეიმეს საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება, მაგრამ წინაა სერიის მეორე შეხვედრა და სწორი დასკვნების შემთხვევაში, ამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება.

მატჩი ინგლისელთა შეტევებით კი დაიწყო, მაგრამ გიორგი ჯიმშელაძემ მეტოქე კარგად რომ შებოჭა, რეზი ჯინჭველაშვილმა შანსით ისარგებლა და კონტრშეტევაზე დაახლოებით 60 მეტრი ირბინა, ხოლო საბა ნიკოლავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. სტუმრებს პასუხისთვის ოთხი წუთი დაჭირდათ. მათი ზეწოლის შედეგად ინგლისმა ჩათვლის მოედნიდან 20 მეტრში აუტის უფლება მოიპოვა, მოლს იერიშის ფლანგზე გაშლა მოყვა და ფეხით შეცურებულ ბურთს ლელო მოყვა, ხოლო ზუსტმა გარდასახვამ წონასწორობა აღადგინა.

სათამაშო ინიციატივა მეტოქისა იყო და როგორც ამხანაგურ მტჩებში ხდება, მათ ჯარიმები კარში არ დაარტყეს, ლელოზე ითამაშეს და მსაჯს ისღა დარჩენოდა, ხშირი ჯარიმის ფონზე გურამ კავთიძე გაესინბინებინა. კაცნაკლულმა ქართველებმა თავი კარგად დაიცვეს, კონტრშეტევაზე ჯარიმა გამოიმუშავეს და ნიკოლავამ “მომავლის საქართველო” დააწინაურა. პასუხად სტუმრებმა ჯარიმით წონსწორობა აღადგინეს და ნიკოლავამ შესვენებამდე ორიოდე წუთით ადრე, ჯარიმით მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა, მაგრამ მერე სტუმრებმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს და ლელო გაიტანეს. მიუხედავად არაზუსტი გარდასახვისა, ინგლისელებმა ტაიმი 15:13 მოიგეს.

მეორე ნახევრის დასაწყისში პრესინგმა შედეგი გამოიღო და ნიკოლავამ საქართველო კიდევ ერთხელ დააწინაურა, მაგრამ უკვე ბოლომდე გამოიკვეთა მეტოქის უპირატესობა და მალევე ფლანგზე მორიგი ლელო გავიდა. სტუმრებს 15 წუთი დასჭირდათ უპირატესობის გასაზრდელად და მათ ფლანგზე უპირატესობის გამოყენებით კიდევ ერთი ლელო მიითვალეს, მაგრამ 63-ე წუთზე ლაშა ლომიძემ რაქიდან ბურთი რომ აიტაცა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, გარდასახვით მატჩის გადარჩენის იმედი გაჩნა (23:34).

სამწუხაროდ, ამ მუხტმა არ იმუშავა და დარჩენილ დროში ინგლისმა კიდევ ორი ლელო მიითვალა. სულ ბოლოს ქართველებმა ძალისმიერი იერიშით სხვაობის შემცირება ცადეს, მაგრამ უკვე ჩათვლის მოედანში შესულებს ბურთი წინ დაუვარდათ და 23:48 დამარცხდნენ. ახლა წინაა სერიის მეორე შეხვედრა ოთხ დღეში და ლევან მაისაშვილს გარკვეული ცვლიბებების განხორციელება მოუწევს, რათა ინგლისელთა ძლიერი გუნდის წინააღმდეგონა დაძლიოს და სერიაში წონასწორობა აღადგინოდ.

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

4 ივნისი. რუსთავი. ახალი. 3 ათასი მაყურებელი

მზარდი საქართველო - ინგლისის საგრაფოებს ნაკრები 23:48 (13:15)

მზარდი საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. ლევან გოგოლაშვილი, 13. გიორგი ჯიმშელაძე, 12. თორნიკე ცერცვაძე, 11. მურაზ გიორგაძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. ალექსანდრე მინდიაშვილი; 1. გურამ კავთიძე, 2. გიორგი ლომთაძე, 3. ნიკოლოზ პატარაია, 4. ბაჩუკი გუჯარაიძე, 5. ლაშა ლომიძე, 6. მიშა გაჩეჩილაძე, 7. ელგუჯა სურგულაძე (კაპ), 8. გურამ შენგელია.

სათადარიგოები: 16. დავით ხიდეშელი, 17. თორნიკე ლომიძე, 18. ზაზა ნავროზაშვილი, 19. სანდრო ქოიავა, 20. ვასილ ლობჟანიძე, 21. გიორგი ტალახაძე, 22. მამუკა ნინიძე, 23. გიორგი მჭედლიშვილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.294179