საქართველო XV 4 იანვრიდან ქუთაისში, აია არენაზე მეორე შეკრებაზე შევიდა და არგენტინული ტურნესთვის მზადებას განაგრძობს.
მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის 30 მორაგბე, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრებიან. საზარდულის ტრავმის გამო გუნდს დააკლდა აკაკი ტაბუცაძე, რომლის მკურნალობასაც 2-3 კვირა დაჭირდება. მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, მეტოქის ძალის გათვალისწინებით აქცენტი, გამოცდილ ბურჯებზე გააკეთა, ნიკა აბულაძე და შოთა გოგისვანიძე შანსს სხვა დროს მიიღებენ.
ჩვენს გუნდს არგენტინაში გამოცდილი ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი უკაპიტნებს. 32 წლის მორაგბეს სხვადასხვა დროს ‘კასტრში’, ‘ბრივში’, ‘კარდიფსა’ და ‘აჟენში’ უთამაშია. ბორჯღალოსნებში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა, 2018 წლამდე 27 კეპი მოიხვეჭა და 7 ლელო გაიტანა. მან 2015 წლის მსოფლიო თასზე ერთი შეხვედრა ჩაატარა, 2018 წელს კი ბრიტანულ ‘ბარბაროსებში’ მიიწვიეს და არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ვიცე კაპიტანი მესამეხაზელი გურამ შენგელია იქნება, რომელსაც ეროვნული გუნდის კვართით 2-ჯერ უთამაშია.
გუშინ, 6 იანვარს, საქართველო XV-მა საკონტროლო თამაში გამართა ქუთაისის ‘აიასა’ და ‘არესის’ გაერთიანებულ გუნდთან.
„4 იანვრიდან ვარჯიში განვაახლეთ. მოკლე დროში გუნდის შეთამაშება ძნელია, თუმცა წინ მივიწევთ და ეს ძალიან კარგია. გვსურდა გვენახა როგორ იმუშავებდა ჩვენი სათამაშო მონახაზი და ვეთამაშეთ ქუთაისური გუნდების ნაკრებს. მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი, თუმცა არის ნიუანსები, რომლებზეც დარჩენილ დღეებში ვიმუშავებთ“ – ამბობს ხამაშურიძე.
შობა დღეს მორაგბეებს აღდგენა ჰქონდათ, შეკრებაზე კი 9 იანვრამდე რჩებიან. საქართველო XVარგენტინაში 12 იანვარს მიემგზავრება და დანიშნულების ადგილამდე ჩასასვლელად მთელი ორი დღე ჭირდება. ზე-რაგბის შარშანდელ ფინალისტ ‘ხაგუარესთან’ პირველი მატჩი 17 იანვარს მარ-დელ-პლატაში გაიმართება და მასში ორივე გუნდის მხრიდან 30-30 მორაგბე მიიღებს მონაწილეობას.
24 იანვარს საქართველო XV-ისა და ‘ხაგუარესის’ მატჩი ბუენოს აირესში გაიმართება და აქ გუნდებს განაცხადში 26-26 მორაგბე ეყოლებათ.
„ყველამ კარგად იცის რა ძალის გუნდია ‘ხაგუარესი’. მასთან ნებისმიერ ევროპულ კლუბს გაუჭირდება თამაში. ისინი ზე-რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადებიან და მანამდე ჩვენთან შეხვედრა გადაწყვიტეს, რაც დიდი პატივია. ვეცდებით ბოლომდე დავიხარჯოთ, ხელდახელ რაგბი ვითამაშოთ და გამოცდილება შევიძინოთ“ – აცხადებს ხამაშურიძე.
საქართველო XV
შერკინება: ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1-3), ბექა გვარამია (აკადემია, 1), გიორგი ხუროშვილი (არმაზი, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), რევაზ წიკლაური (აია, 3), ნიკა პატარაია (‘სტიაუა’, რუმინეთი 3), ანტონ ფეიქრიშვილი (3), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), სანდრო ქოიავა (ბათუმი, 4-5), თორნიკე ზოიძე (აკადემია 4-5, 6-7-8), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი, 4-5, 6-7), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5, 6-7), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები, 6-7-8), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი, 6-7), დაჩი კოპაძე (ჯიქი, 6-7), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი, 6-7), გურამ შენგელია (აია, 6-7-8);
ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები, 9), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 9), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი 10), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), გიორგი ბაბუნაშვილი (აია 10-15), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი 12-13), ნიკა გიგაური (არმაზი 12-13), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი, 12-13), გიორგი ნათელაშვილი (ხარები, 12-13), ანზორ სიჭინავა (ბათუმი, 11-14), ლევან ნარიმანიძე (ხარები, 11-14), ირაკლი სვანიძე (ჯიქი 15).
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია