შიდა რაგბი

12:30 | 15.12.2019 | ნანახია 904 - ჯერ

დიდი 10 | "ყოჩები" 12:22 "ბათუმი"

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ მოუგებელი მატჩების სერია 10-მდე გაზარდა და ახალ წელს 13 ქულით, დიდი 10-ის ბოლო ადგილზე ხვდება.

მე-11 ტურში ქვემოქართლელები ქვეყნის ჩემპიონს, ‘ბათუმს’ მასპინძლობდნენ და ანგარიში თემო სოხაძემ ჯარიმით გახსნა, თუმცა პასუხად სტუმრებმა ბურთი ფრთაზე გაშალეს და ნიკა ნინიძემ ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო ბექა ურჯუკაშვილმა გარდასახა.

სოხაძემ მე-14 წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ურჯუკაშვილს საპასუხო დარტყმა დაახლოებით 25 მეტრიდან 25-ე წუთზე გაუცუდდა. სამ წუთში ზღვისპირელებმა კიდევ ერთხელ გაშალეს შეტევა მარჯვენა ფრთაზე, დურმიშხან ჯაბნიძე მბოჭავმა ვერ შეაჩერა და ლელო ალამთან გავიდა, გარდასახვა კი მიზანს ასცდა - 6:12.

პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში გატანილი ჯარიმა-არეკნით, სოხაძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მალევე ურჯუკაშვილმა ჯარიმით უპასუხა და ‘ბათუმმა’ ლიდერობა დაიბრუნა. სოხაძეს კარის წინ 22 მეტრიდან ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი მე-60 და 78-ე წუთებზე ჰქონდა, თუმცა დარტყმები გაუცუდდა. 71-ე წუთზე კარის წინ 40 მეტრიდან ჯარიმა ურჯუკაშვილმაც ვერ გაიტანა, თუმცა მან შეცდომა ბოლო წუთზე გამოასწორა - ის ანზორ სიჭინავას კონტრშეტევას მიყვა, ლელო გაიტანა და გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 22:12.

‘ბათუმმა’ წელი 37 ქულით დაასრულა, მინიმუმ ხვალამდე პირველ ადგილზეა და კონკურენტის, რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრას ელოდება.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092678