7-კაცა

19:25 | 30.11.2019 | ნანახია 1538 - ჯერ

ევროპული 7-კაცა 12 წლის შემდეგ საქართველოში ბრუნდება

2020 წლის ივნისში საქართველო, კერძოდ ქუთაისი, 7-კაცა და 7-ქალა რაგბში ევროპის გრან პრის ეტაპებს უმასპინძლებს.

2013 წლამდე ტურნირს ევროპის 7-კაცას ჩემპიონატი ეწოდებოდა, ახლა კი ის სამ დონედ იმართება - ევროპის გრან-პრი, ალაფა და კონფერენც დივიზიონი. 2011 წლამდე, მთელი ევროპის მასშტაბით რამდენიმე შესარჩევი ტურნირი ტარდებოდა და 12 საუკეთესო გამარჯვებულს დასკვნით ეტაპზე არკვევდა. მას შემდეგ უმაღლეს დონეზე, ანუ გრან პრიზე ოთხი ეტაპი იმართება, სადაც 12-ივე გუნდი, თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით ქულებს იღებს და გამარჯვებული, სხვადასხვა ადგილოსნები და „ალაფაზე“ დაქვეითებული გუნდები მათი ჯამის მიხედვით ვლინდება. ორ ეტაპად იმართება 7-ქალას გრან პრი და გამარჯვებული აქაც ქულათა ჯამით ირკვევა.

2008 წლის ჩათვლით, ევროპის 7-კაცა ჩემპიონატის ერთ ეტაპს საქართველო მასპინძლობდა.

გავიდა 12 წელი და ევროპული 7-კაცა უკვე გრან პრის ერთ-ერთი ეტაპის სახით ჩვენს ქვეყანაში ბრუნდება, თანაც როგორც კაცთა, ასევე ქალთა ტურნირის სახით და მათ „აია არენა“ 13-14 ივნისს უმასპინძლებს.

7-კაცასა და 7-ქალას გრან პრის ეტაპების მასპინძლობის უფლების მოპოვებას, როგორც სპორტული, ასევე ტურისტული თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესს უწოდებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე:

„მინდა მივულოცო ქართული რაგბის ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით ქუთაისელებს ამ ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირის მასპინძლობის უფლების მოპოვება. ქვეყნისთვის, მისი ტურისტული პოტენციალის ამაღლებისთვის ეს ძალიან კარგია. ქუთაისის აეროპორტიდან იაფი და პირდაპირი ფრენები ხორციელდება ევროპის არაერთ ქალაქში. ტურნირზე ჩამოსული სპორტსმენები და გულშემატკივრები არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ მარტვილის და ოკაცეს კანიონებს დაათვალიერებენ, გაეცნობიან წყალტუბოს პოტენციალს, რომელიც სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება“.

„რაც შეეხება სუფთა სპორტულ მხარეს, როგორც კაცებში, ასევე ქალებში, საქართველოში ძალიან კარგი ნაკრებები ჩამოდიან და ეს 7-კაცას პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მართალია ჩვენი 7-კაცა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოხვდა, მაგრამ სამომავლოდ იმედს არ ვკარგავთ და აუცილებლად ჩამოვაყალიბებთ ისეთ კარგ გუნდს, რომელიც მიზნის მიღწევას მოახერხებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ქალთა რაგბის განვითარებას და ასეთი მაღალი დონის ტურნირების მასპინძლობა ამაში აუცილებლად დაგვეხმარება“.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075838