გასულ კვირაში საქართველოში 4-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა „მსოფლიო რაგბის“ განვითარების მენეჯერი ევროპაში ალბერტო რუიზ ლუკა დე ტენა.
ის ამ თანამდებობაზე 5 თვის წინ დაინიშნა, ინტენსიურად თანამშრომლობს რაგბი ევროპასთან და სურდა, რომ ადგილზე გაცნობოდა ქართულ რაგბში არსებულ მდგომარეობას. გარდა ამისა, მის მიზანს წარმოადგენდა პირველი დონის სემინარის გამართვა მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის მიმართულებით, რათა რაგბის კავშირის მენეჯერთა მუშაობა უფრო ეფექტური გახდეს.
რა მოეწონა და რა რჩევებს გვაძლევს „მსოფლიო რაგბის“ მაღალჩინოსანი, ამაზე თავად ალბერტო რუიზ ლუკა დე ტენა მოგვიყვება:
ჩემი ფუნქცია ევროპული ქვეყნების რაგბის კავშირების ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერაა და ეს ვიზიტი - მოდით ასე დავარქვათ - გაცნობითი ხასიათისაა. ესაა ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი, საშუალება გავიცნო თანამშრომლები, გავიგო როგორ მუშაობთ, რას აკეთებთ, სად ხართ და რას გინდათ მიაღწიოთ. ასევე ვისწავლო თქვენგან, შევიტყო რისი მოცემა შემიძლია. ვიზიტის ბოლო ორ დღეს მქონდა კონკრეტული საქმე: ჩავატარეთ ლიდერობისა და მენეჯმენტის კურსი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო რაგბის ადმინისტრატორთა აკადემიის ნაწილს. ამ კურსს ეწოდება „ლიდერობის და მენეჯმენტის პრინციპები“, ის იძლევა საბაზო ცოდნას ამ ორი კონცეფციის თობაზე და განკუთვნილია სპორტული ადმინისტრატორებისთვის.
- როგორ შეაფასებთ საქართველოს რაგბის კავშირის მუშაობას და რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
- ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ცოტათი ადრეა ქართული რაგბის სიღრმისეული ანალიზის დადება და მე ვთვლი, რომ ქართული რაგბი საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს, რადგანაც ესაა ქვეყანა ხანგრძლივი სარაგბო ისტორიით და მრავალფეროვანი სარაგბო აქტივობებით, რისი შესწავლაც 1-2 დღეში შეუძლებელია - აქ საჭიროა დრო, სიყვარული, სწორად გააზრება და ადამიანების გაცნობა. არ შემიძლია არ ვთქვა: აქ ჩამოსვლისას რამდენიმე სიურპრიზი დამხვდა და სწორედ ეს იყო ჩემი ვიზიტის მიზანი, რადგან ადგილზე ხედავ ისეთ რამეებს, რაც შორი მანძილიდან არ ჩანს.
ერთი ფაქტორია ადამიანები - ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილება მივიღე, როდესაც შევედი ოფისში და დავინახე მრავალრიცხოვანი პროფესიონალი პერსონალი, რომელიც მუშაობს რაგბის სხვადასხვა ასპექტებზე - ფინანსებზე, მარკეტინგზე, პროექტების მართვაზე, კომუნიკაციაზე, მედიაზე, შეჯიბრებებზე, წვრთნა-განსწავლაზე, განვითარებაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენს წარმატებას უზრუნველყოფს პროფესიონალი თანამშრომლების გუნდი.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც კარგად ჩანს არის ინფრასტრუქტურა. თქვენ გაგაჩნიათ პროფესიული ოფისი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გაქვთ 12 ბაზა ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნებით; ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს წარმოადგენს სპორტის განვითარების საძირკველს; სხვა ქვეყნების რაგბის კავშირებს გააჩნიათ 1, 2, 3 ბაზა, მაგრამ არა 12. 12 ბაზა - ეს ძალიან შთამბეჭდავია.
ასევე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს რუკამ, რომელიც მონიშნული იყო შავი და წითელი წერტილებით. შავი წერტილებით მონიშნულია კერები, სადაც რაგბი უკვე იყო შეტანილი 8 წლის წინ, ხოლო წითელი წერტილებით კერები, სადაც რაგბი გაჩნდა უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში. წითელი და შავი წერტილებიც ბევრია, რაც ნიშნავს იმას, რომ ნამუშევარი გაქვთ როგორც შავი წერტილების შენარჩუნებაზე, ისე ახალი კერების შექმნაზე. ესაა ის ფაქტორები, რომლებიც ყველაზე მეტად მომეწონა.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ შეამჩნიო ის გარემოება, რომ საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასებზე ასპარეზობს. ეს ძალიან კარგია! ჩემის აზრით, სწორედ ესაა ის ლოკომოტივი, რომელიც ქართულ რაგბს წინსვლისკენ უბიძგებს. აუცილებლად უნდა ავღნიშნო ისიც, რომ მე, როგორც სტუმარს, დიდ სიხარულს მანიჭებს თქვენი სტუმართმოყვარეობა, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ.
- როგორც მენეჯერი და ადმინისტრატორი, რა რჩევას მისცემდით საქართველოს რაგბის კავშირს, რათა ის კიდევ უფრო უკეთესი გახდეს?
- როგორც უკვე გითხარით, უფრო ვრცელი პასუხის გასაცემად შემდგომი დიაგნოსტიკაა საჭირო, მაგრამ ჩემთვის აშკარაა, რომ თქვენ გაქვთ საჭირო კომპონენტები - კლუბები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ამა თუ იმ დონეზე განვითარებულია ასაკობრივი რაგბი, რაც თამაშის სტაბილური წინსვლის საფუძველს წარმოადგენს - ანუ გყავთ კლუბები, სადაც განვითარებულია არა მარტო კაცთა, არამედ ბავშვთა და მოზარდთა რაგბიც - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაგბის მომავალი როგორც კაცებზე, ისე ქალებზეა დამოკიდებული; ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია შვიდქალა ჩემპიონატის და შვიდქალა ნაკრების არსებობა, ხოლო სამომავლო პერსპექტივებს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო 15-ქალაშიც ძლიერი იქნება.
სხვა ფაქტორებს რაც შეეხება, როგორც უკვე გითხარით, თქვენ გაგაჩნიათ 12 სარაგბო ბაზა და როგორც გავიგე, ახალი ბაზებიც შენდება. ეს პლატფორმა მეტად მნიშვნელოვანია რაგბის შემდგომი განვითარებისთვის. რაგბის განვითარება ყოველი ჩვენთაგანისგან მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას. როგორც წესი, ჩვენ მორაგბეებს ვთხოვთ, რომ იარონ სატრენაჟორო დარბაზში, დაარეგულირონ ძილი, მიიღონ სითხე, ივარჯიშონ. მაგრამ მენეჯერებმაც და ადმინისტრატორებმაც იგივე უნდა გააკეთონ - უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე და განვითარდნენ; ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას და ყველა სარაგბო ორგანიზაციას - ჩვენ უნდა ვიმუშავოთ მენეჯმენტის გაძლიერებაზე, რადგანაც რაგბი განვითარდება სწორედ იმ დონეზე, რა დონეზეც განვითარდება მენეჯმენტი. სწორედ მენეჯმენტი მართავს მსაჯებს და მწვრთნელებს, ექიმებს და ფიზ.მომზადების სპეციალისტებს, ყველას, ვინც მოთამაშეებს ემსახურება. მე ვხედავ, რომ თქვენ გაქვთ სურვილი განვითარდეთ, შეეჭიდოთ ახალ გამოწვევებს - სწორედ ესაა ძლიერი მენეჯმენტის ელემენტები. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის თავია, და მე მინდა გავაგრძელო დაკვირვება, რათა უფრო საფუძვლიანი შთაბეჭდილება შევიქმნა.
- რამდენად მნიშვნელოვანია მენეჯმენტის კურსები, რომელიც „მსოფლიო რაგბისა“ და საქართველოს რაგბის კავშირის ინიციტივით საქართველოში ჩატარდა?
- ლიდერობა და მენეჯმენტი ყველგან, ყოველი დღის ყოველ საათში საჭირო და მნიშვნელოვანია - ოჯახში, სამსახურში და რაც მთავარია რაგბში. ლიდერობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შენი ჩამოყალიბებული ხედვა სხვისთვის მისაღები და მნიშვნელოვანი გახადო, სწორი გზით იარო. ამ მიმართულებით მაღალი დონის სწავლება-სემინარის გავლა მონაწილეებს, რომლებიც ბუნებრივად უკვე არიან ლიდერები, დაეხმარება თავიანთი შესაძლებლობების კონსოლიდაციაში, ხოლო ისინი ვინც თავს ასეთებათ არ მიიჩნევენ, ვეტყვი, რომ ლიდერებად არ იბადებიან, არამედ ლიდერები ხდებიან.
როგორც მოედანზე გვჭირდება ლიდერები, ასევე აუცილებელია მათი არსებობა მოედანს მიღმა. მინდორზე ლიდერი 80 წუთის განმავლობაში ხარ, ხოლო მინდორს გარეთ ეს არასდრის სრულდება. ლიდერობა არ ნიშნავს ერთი ადამიანის მუშაობას, არამედ დიდი ჯგუფის, გუნდის მუშაობას, რომლებსაც თავ-თავიანთი როლები და პასუხისმგებლობები აქვთ.
რას წარმოადგენს ეს სწავლება - ვიცით, რომ მწვრთნელებისთვის, სამედიცინო სტაფისა და მსაჯებისთვის იმართება პირველი, მეორე და მესამე (ხანდახან მეოთხეც) დონის ტრეინინგები და მათი დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი ცოდნა, სერთიფიკატი და დაშვება ეძლევათ. ეს სემინარიც ამ პრინციპისაა. პირველი რა თქმა უნდა პირველი დონისაა და ფაქტობრივად წარმოადგენს გაცნობას იმ მიმართულებასთან, რასაც ლიდერობა და მენეჯმენტ-ადმინისტრირება ჰქვია. ეს კურსი არა მხოლოდ მათთვისაა, ვინც უკვე ადმინისტრაციულ საქმიანობას ეწევა, არამედ მათთვისაც, ვინც კონკრეტული მიმართულების სპეციალისტია და ამ მიმართულებაში ადმინისტრირების როლი უნდა დაეკისროს.
RUGBY.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია