შიდა რაგბი

23:30 | 22.11.2019 | ნანახია 556 - ჯერ

დიდი 10 | "ხარები" 17:10 "ბათუმი"

რუსთავის ‘ხარებმა’ ‘ბათუმს’ დიდი 10-ის IX ტურში 17:10 სძლია და გასული სეზონის ფინალურ მატჩში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

ტური რუსთავში, ცენტრალური მატჩით გაიხსნა. მასპინძლებმა შეტევაში მეტოქეზე მეტი დრო გაატარეს და ერთით მეტი ლელო გაიტანეს. ორივე გუნდი თამაშს ხელდახელ ცდილობდა და ფაზებს აბამდა, თუმცა დღეს დაცვა ხშირ შემთხვევაში შეტევაზე უკეთესი იყო.

თამაში ‘ხარების’ შეტევებით დაიწყო და მე-10 წუთზე ანგარიშის გახსნის შანსი ვაჟა ხუციშვილს ჰქონდა, მაგრამ მისი 40 მეტრიდან დარტყმული ძელმა აისხლიტა. რუსთაველები უმეტეს დროს შეტევაში კი ატარებდნენ, მაგრამ ორჯერ ‘ბათუმმა’ შეუტია და ლელოსთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზებში შეცდომები დაუშვა.

ტაიმის ერთადერთი ლელო 34-ე წუთზე გავიდა: ლექსო მელიქიშვილმა ხაზი ცენტრის სიახლოვეს გაჭრა და 22-მეტრიანში შევიდა, რაქიდან ხუციშვილმა თავად შეუტია და შებოჭილმა ოფლოუდი ირაკლი ჩომახაშვილს ამოუგდო, რომელმაც ლელო ძელებსშუა გაიტანა და ხუციშვილმა გარდასახა და 7:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ბათუმმა’ ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენა და სანდრო ქოიავას ლელო კობა ბუჯიაშვილმა გარდასახა. თანაბარი ანგარიში მხოლოდ 5 წუთს შენარჩუნდა, მერე ბაქარ ზედგინიძე მარჯვენა ფრთაზე ორ მბოჭავს გაექცა, მესამე ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და ლელო ძელებსშუა გარდასახა, ხოლო ხუციშვილმა გარდასახა - 14:7.

თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, მაგრამ დაცვა შეტევას კვლავ ჯობნიდა. რადგან წინსვლა არ იყო, 67-ე წუთზე გიორგი ბასილაიამ არეკნი დაჰკრა, ბურთმა ძელებსშუა გაიარა და ანგარიში 17:7 გახდა. ეს 3 ქულა კობა ბუჯიაშვილმა ჯარიმით 73-ე წუთზე გაქვითა, მაგრამ ‘ბათუმს’ შედეგიანი შეტევა აღარ ჰქონია და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა, ‘ხარებმა’ კი 17:10 მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში გადაინაცვლა.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095412