თბილისის ‘ლოკომოტივი’ ბოლნისის ‘ყოჩებთან’ მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 23 ქულას აგებდა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში 24 უპასუხო ქულის აღება მოახერხა და სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა.
დიდი 10-ის VIII ტური „რაგბი პლატოზე“ აუტსაიდერების დაპირისპირებით გაგრძელდა. ლელოუხვი და და დრამატული მატჩის დებიუტში ლაშა გედეხაურმა და თემურ სოხაძემ ჯარიმები გაცვალეს. მე-11 წუთზე გედეხაურს ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა თამაშის განახლებიდან რამდენიმე წამში ‘ყოჩებმა’ შეცდომა დაუშვა, რითაც ზურაბ ძნელაძემ ისარგებლა და მატჩის პირველი ლელო გაიტანა. გედეხაურს ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა.
ტაიმის შუაში ბოლნისელებმა წნეხი გააძლიერეს, მეტოქე 5-მეტრიან ზოლში რამდენჯერმე დააჯარიმეს, სწრაფი გათამაშების შემდეგ სოხაძემ ვაჟა მამულაშვილს ოფლოუდი გაუხერხა და ძელებსშუა შეუშვა, სოხაძემ კი გარდასახვით მასპინძლები 10:8 დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი გეგენავამ საკუთარი გუნდი ლელოსგან თავგანწირული თამაშით იხსნა, მერე კი ‘ყოჩებმა’ სამი ლელოს გატანა მოახერხა. 43-ე წუთზე ელგუჯა კიკვაძემ საკუთარ 22-თან დერეფნის შემდეგ მიიღო ბურთი, ცრუმოძრაობის შემდეგ ხაზი სუფთად გაჭრა და 80-მეტრიანი რეიდი ლამაზი ლელოთი დაასრულა.
გავიდა რამდენიმე წუთი და ‘ლოკომოტივი’ შეცდა, ბურთი ნიკა ჩხიკვაძემ აიტაცა და მცველის მცდელობის მიუხედავად, ლელომდე 40 მეტრი ირბინა. 56-ე წუთზე ნიკა ბიწაძე დარჩა მცველთან ერთი-ერთზე, გაექცა და მესამე ლელო მიითვალა. სოხაძემ სამივე გარდასახა, ანგარიში 31:8 გახდა და მატჩმაც თითქოს ინტერესი დაკარგა.
‘ყოჩებმა’ გამარჯვება ნაადრევად ირწმუნა და მოეშვა, ‘ლოკომოტივმა’ კი სწორედ ამ დროს მოუმატა და პრაქტიკულად წაგებული თამაში შემოატრიალა. ძნელაძემ რაქიდან მოულოდნელად მოკლე ფრთაზე შეუტია და სანამ მცველები გონს მოეგებოდნენ წითელ ზოლს უწია, ლელოში კი ბურთი ფარნავაზზ გასვიანს შეაყოლა. 65-ე წუთზე ზვიად მაისურაძემ ტავისი ნახევრიდან შეუტია და რამდენიმე მეტრი მოიგო, თან ფრთაზე უპირატესობა შექმნა, გედეხაურს გადაცემა არ დაუგვიანა და მანაც ლელომდე ირბინა.
75-ე წუთზე თბილისელებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენეს და ის ლელოთი ირაკლი ქვათაძემ დაასრულა. გედეხაურმა სამივე გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, ბოლო შეტევისას კი ‘ლოკომოტივმა’ ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც გედეხაურმა 3 ქულად გარდასახა და საკუთარ გუნდს 32:31 მოაგებინა.
შედეგად, რკინიგზელები 14 ქულით მე-7 ადგილზე აღზევდნენ, ‘ყოჩებს’ კი ბონუსი ერგო და 12 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია