‘ბათუმმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ „ავჭალაზე“ 21:7 აჯობა, შინ 4 ქულით ბრუნდება და სატურნირო ცხრილში, მინიმუმ ხვალამდე, 22 ქულით მეორე ადგილზე აღზევდა.
ზღვისპირელები მთელი 80 წუთი ინიციატივას ფლობდნენ და უპირატესობას ეტაპობრივად ზრდიდნენ. ანგარიში ბექა ურჯუკაშვილმა ჯარიმით დებიუტშივე გახსნა. ტაიმის შუაში მას გასატანი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა, 35-ე წუთზე კი მატჩის პირველი ლელო გავიდა. სტუმრებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ორჯერ დააყენეს, პირველ ჯერზე მას ლევან დარასელია სინბინით შეეწირა, მერე კი ხვიჩა ბუჯიაშვილმა ლელო გაიტანა და ურჯუკაშვილმა გარდასახა 10:0.
ბექამ მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. მძიმე მატჩის 65-ე წუთზე, ‘ლოკომოტივმა’ ლელოს გატანა ასევე მოლის შემდეგ მოახერხა. 5 ქულა ნიკა ჩიღვინაძეს, ხოლო გარდასახვა ტატო ჯავახიშვილის ანგარიშზეა. მას ურჯუკაშვილმა ჯარიმით მალევე უპასუხა, მერე დავით ტრაპაიძემ ლელო გაიტანა და ‘ბათუმმა’ 21:7 იმარჯვა.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია