საერთაშორისო

15:20 | 27.10.2019 | ნანახია 3268 - ჯერ

"ბოკე" ფინალშია

რაგბის მსოფლიო თასზე ორივე ფინალისტი ცნობილია. ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის სამხრეთ აფრიკის ნაკრები დაუპირისპირდება.

„ბოკემ“ მეორე ნახევარფინალურ წყვილში უელსს მეტად დაძაბულ ბრძოლაში აჯობა საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე გატანილი ჯარიმით. უნდა ითქვას, რომ თამაში არცთუ სანახაობრივი გამოდგა და ორივე გუნდი რისკზე წასვლას ერიდებოდა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან სასწორზე ფინალის საგზური იდო. პირველ ტაიმში გუნდებმა ქულების მოპოვება მხოლოდ ჯარიმის მეშვეობით მოახერხეს.

პოლარდის სამ ჯარიმას, ბიგარმა ორჯერ უპასუხა და შესვენებაზე სამხრეთ აფრიკა მცირე უპირატესობით გავიდა. ბიგარმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე მესამე ჯარიმა დაარტყა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე პირველი ლელო ვიხილეთ. უელსის ნაკრების დაცვის ხაზი ჩავარდა და ალენდემ დაამიწა ბურთი ჩათვლის მოედანში, ხოლო პოლარდი გარდასახვის დროს ზუსტი იყო - 16:9.

ვინაიდან აფრიკელებმა უპირატესობა მოიპოვეს, უელსელები იძულებულნი გახდნენ შეტევაში თამამად წასულიყვნენ და 20 ფაზიანი შეტევის შემდეგ შერკინება მოითხოვეს, რაც ადამსის ლელოთი დასრულდა და ჰელფენმა გარდასხვაც გაიტანა. ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრა და ეს 66-ე წუთზე ხდებოდა. დარჩენილ დროში სამხრეთ აფრიკას უფრო მეტად გაუმართლა, პოლარდის ჯარიმამ ფინალისტის ვინაობა გაარკვია.

ამრიგად, სამხრეთ აფრიკა 2 ნოემბერს, ფინალში ინგლისს შეერკინება და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგებას მესამედ ეცდება, ხოლო უელსმა ვერ მოახერხა გადამწყვეტ შეხვედრამდე მისვლა და ახლა ნუგეშად, 1 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან ბრინჯაოს მედლისთვის გარჯა მოუწევს.

უელსი - სამხრეთ აფრიკა 16:19 (6:9)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:40 | 27.10.2019
ოვალური კორბენი (276)

არადა უკვე მეგონა, რომ ფინიში უელსის იქნებოდა. იქნებ არც ღირდა 16:16-ზე არეკნის შესრულება, მაგრამ ძალიან მძიმე და ჩახურული თამაში იყო და ლელოზე აქცენტი არანაკლები "არიოლ-რეშკა" იქნებოდა, ვიდრე შორიდან მიწიდან ასხლეტით დაბრახუნება ))
წესით ინგლისმა უნდა მოიგოს ფინალში. გუშინ "შავები" ისე გააფარჩაკეს, ნაღდად ფავორიტებად მოიაზრებიან. მაგრამ ამ "ბოკესაც" რომ ყოველ 12 წელიწადში ჩემპიონობა "უწევს", მაგას რა ვუყოთ ?
მაინც ევროპამ უნდა გადმოძალოს.

0.274039