შიდა რაგბი

11:16 | 26.10.2019 | ნანახია 668 - ჯერ

დიდი 10 | ხარები 17:21 ლოკომოტივი

დიდი 10-ის მეექვსე ტურის სადებიუტო შეხვედრაში, თბილისის ‘ლოკომოტივმა’ ‘ხარები’ რუსთავში 21:17 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწია. მასპინძლებმა მხოლოდ ბონუსი აიღეს და ხვალამდე პირველ ადგილზე აღზევდნენ.

თამაში სტუმრების იერიშებით დაიწყო, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. კონტრშეტევაზე დათო თაბუკაშვილზე ბოჭვა გაფუჭდა და მას ლელომდე ვეღარავინ დაეწია. მე-16 წუთზე ‘ხარებმა’ მეორე ლელო გაიტანა. დერეფნის შემდეგ მოლში მცველები მრავლად ჩაერთვნენ, გრძელი პასით ბურთი ბექა ბებიაშვილს მიუვიდა და ხაზი იოლად გაჭრა, ხოლო ხუციშვილი კვლავ ზუსტი იყო.

ზურაბ ძნელაძეს ორი საპასუხო ლელოს გასატანად სულ 3 წუთი დასჭირდა. პირველ ჯერზე ის კარგად მიყვა მორკინალებს და შეტევა ალამთან დაასრულა, 27-ე წუთზე კი, მცველების შეცდომის შემდეგ ლაშა გედეხაურის ოფლოუდი ფეხში მოხვდა, ფეხით ერთხელაც ითამაშა და დუბლი შეასრულა. ტატო ჯავახიშვილის მეორე გარდასახვა ზუსტი იყო - 14:12.

მეორე ტაიმში ლელო აღარ გასულა და გუნდებმა ქულები ჯარიმებით დააგროვეს. თავიდან ‘ხარები’ საკუთარ ლელოში წნეხში მოექცნენ და ლელოს მხოლოდ ჯარიმით გადარჩნენ, რასაც ზვიად ციცქიშვილი სინბინით შეეწირა, ხოლო ჯავახიშვილმა კარის წინიდან გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. 70-ე წუთამდე მან სამი ცდიდან კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და ‘ლოკომოტივი’ 7 ქულით დააწინაურა.

ვაჟა ხუციშვილს ერთი ჯარიმის გაქვითვა მალევე შეეძლო, მაგრამ კარის წინიდან მიზანმა უმტყუნა. 76-ე წუთზე ჯარიმა გიორგი პეტრიაშვილმა გაიტანა და რუსთაველებს გამარჯვებისთვის ლელო ჭირდებოდათ, მაგრამ ‘ლოკომოტივმა’ თავი დაიცვა და სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმა - 21:17.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089396