იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასი ერთკვირიანი უქმობის შემდეგ განახლდა და მეოთხედფიანლურმა ეტაპმა სტარტი აიღო. ოიტაში, ინგლისის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა და დაბრკოლების გარეშე, 40:16 იმარჯვა.
შეხვედრა „ვოლაბებისთვის“ უპირატესობით დაიწყო და ლეალიფანომ ჯარიმით მე-12 წუთზე ანგარიშიც გახსნა, მაგრამ აქედან მოყოლებული ალბიონელებმა თამაშის სადავეები ხელთ იგდეს, რომელიც საფინალო სასტვენამდე არ გაუნიავებიათ. სამწუთიან ინტერვალში მეიმ ორჯერ დაალელოვა ავსტრალია, ოუენ ფარელმა კი, გარდასახვები ზუსტად შეასრულა.
შესვენებამდე ფარელმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, რასაც ლეალიფანომ ორი ჯარიმით უპასუხა - 17:9.
მეორე ტაიმი ავსტრალიისთვის კარგად დაიწყო, კოროიბეტეს ლლეო ლეალიფანომ გარდასახა და ჩამორჩენა მინიმუმამდე, ერთ ქულამდე დავიდა, თამაშიც დაიძაბა, მაგრამ ინგლისმა იგრძნო რა საფრთხე, მაშინვე მოახერხა სიტუაციის განმუხტვა და ორიოდ წუთში სინკლერმა მესამე ლელო მიითვალა. აქედან მოყოლებული ავსტრალია მეტოქეს ვეღარ მიუახლობდა, პირიქით, ედი ჯოუნსის გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა და საბოლოოდ, დამაჯერებლად, 40:16 მოიგო.
შედეგად, ავსტრალია ტურნირს დაემშვიდობა, ხოლო ინგლისი ნახევარფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც დღეს, ახალი ზელანდიისა და ირლანდიის დუელში გაირკვევა.
ინგლისი - ავსტრალია 40:16 (17:9)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია