სიახლეები

19:30 | 17.10.2019 | ნანახია 514 - ჯერ

ქუჩის რაგბი კრწანისში

18 ოქტომბერს, 17:30 საათზე, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის 13ა ნომერში ქუჩის რაგბის საპრეზენტაციო თამაში გაიმართება.

საქართველოში ქუჩის რაგბის პირველი, საჩვენებელი შეხვედრა 8 ოქტომბერს, ალექსანდრე გამზირის 51 ნომერში გაიმართა. მაშინაც და ახლაც, მატჩში მონაწილეობას მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები, ასევე ბორჯღალოსნები მიიღებენ.

თამაშის პარალელურად, ისინი ადგილობრივებს ქუჩის რაგბის წესებს აუხსნიან, რომელიც უკონტაქტოა და სრულიად უსაფრთხოა. ადგილობრივებს, მიუხედავად ასაკისა და სქესისა, თამაშში ჩართვის საშუალება თავადაც ექნებათ.

მატჩის დასრულების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის 13ა-ს მცხოვრებლებს საჩუქრად გადაეცემათ ბურთები, რათა შემდგომში დამოუკიდებლად შეძლონ ქუჩის რაგბის თამაში.

ქუჩის რაგბის წესები და პრინციპები

1) მოედანი: თბილისის უბნების ხელოვნურ საფარიანი მოედანი. თუ სხვა მოედანზე მიმდინარეობს თამაში მაშინ მოედანი უნდა იყოს: სიგრძეში 30 მეტრიდან 50 მდე. სიგანეში 20 მეტრიდან 25 მეტრამდე. დიდ მოედანზე თამაშის შემთხვევაში ყოველ 5 მეტრზე სიგანეში უნდა ვიანგარიშოთ 1 კაცი. მაგალითად: 20 მეტრის სიგრძის მოედანზე, 4 კაცი. და ა.შ.

2) თითო გუნდი შედგება 4 მოთამაშისგან.

3) შემტევ გუნდს აქვს 6 გათამაშება.

4) პირველი გათამაშება ხდება მიწაზე დადებული ბურთის ხელში აღებით.

5) შეტევაში ფეხით თამაში არ არის ნებადართული.

6) თუ დაცვა 2 ხელს დაგვადებს, უნდა გავჩერდეთ და ბურთი დავდოთ მიწაზე (ფეხებს შორის) იმ ადგილას სადაც დაცვამ ხელი დაგვადო.

7) ბურთის მიწაზე დადების შემდეგ უნდა გავაკეთოთ 2 ნაბიჯი წინ დაცვისკენ.

8) ყოველი 2 ხელის დადების შემდეგ, დაცვამ უნდა დაიხიოს 2 მეტრით უკან და ისე განაახლოს თამაში.

9) შეტევაში თამაშის განახლება ხდება: ბურთის ჩამდების გარდა სხვა ნებისმიერი მოთამაშის მხრიდან ბურთის მიწიდან აღებით.

10) ბურთის ძირს ჩამდებს აქვს საშუალება ითამაშოს ბურთით იმ მომენტიდან როცა ის ბურთიანის უკან ჩამოვა.

11) ბურთის მიწიდან აღების შემდეგ შემტევს შეუძლია შეუტიოს თვითონ ან ბურთი გადასცეს თანაგუნდელს.

12) 6 გათამაშების შემდეგ ბურთი ხდება მოწინააღმდეგე გუნდის.

13) თუ შეტევაში ბურთი გადავეცით წინ ან ბურთი წინ დაგვივარდა, ბურთი ხდება მოწინააღმდეგის.

14) ლელოს დადების შემთხვევაში ბურთი გადადის მოწინააღმდეგესთან.

15) ყოველი ლელოს შემდეგ თამაში განახლდება ცენტრიდან. ( დაცვა დგება 2 მეტრის მოშორებით)

16) ყოველი თამაში გრძელდება 15 წუთი. (თავის გაჩერებებით)

17) ყოველს შეხვედრას განსჯის მსაჯი რომელიც იქნება არჩეული ორივე გუნდის მიერ.

18) ყველანაირი უხეშობა ან უზრდელობა: მსაჯის, მოწინააღმდეგის, თანაგუნდელის ან მაყურებლის, ისჯება მოედნიდან გაძევებით თამაშის ბოლომდე.

19) მსაჯის გადაწყვეტილებები არ საჩივრდება.

20) ლელოს გატანა ხდება საპირისპირო ბადეზე ბურთის დადებით.

21) ლელო არის 1 ქულა.

22) შეცვლები კეთდება მსაჯის ნებართვით ნებისმიერ დროს.

23) შეცვლების რაოდენობა შეუზღუდავია.

24) შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია ხელახლა დაბრუნდეს მოედანზე.

25) ყოველ გუნდს აქვს საშუალება 1 ტაიმ-აუტის გამოყენების, რომელის ხანგრძლივობაა 1 წუთი.

26) ბიჭებს და გოგონებს აქვთ უფლება ითამაშონ როგორც ერთ ისე საწინააღმდეგო გუნდში.

27) სათამაშო ბურთი შეიძლება იყოს როგორც რაგბის ისე სხვა ნებისმიერი ბურთი.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080586