ამბები

23:12 | 8.06.2014 | ნანახია 3555 - ჯერ

ინგლისმა სერიის ფრედ დასრულება არ დაგვანება

“მზარდი საქართველო” ძალიან ახლოს იყო ინგლისის საგრაფოს ნაკრებთან ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ სტუმრებმა ბოლო იერიში ლელოთი დაასრულეს, თამაში 15:14, ხოლო სერია 2:0 დაასრულეს და შინ გამარჯვებულები ბრუნდებიან.

მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი მორაგბეების მისამართით კრიტიკა დაუმსახურებელი იქნება. სამ დღეში გუნდმა წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა პირველ მატჩში 23:48 მარცხის შემდეგ, ახლა გამარჯვებას იმსახურებდა. დიახ, ლევან მაისაშვილის გუნდი წინანდელზე უფრო აგრესიული იყო დაცვაში და შეტევაში, მაგრამ იყო შეცდომებიც და რუსთავის ახალ მოედანზე ჩატარებულ მესამე მატჩში, საქართველოს ნაკრებმა კვლავ მარცხი განიცადა.

ქართველებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, რასაც ინგლისელები აშკარად არ ელოდნენ და “მომავლის საქართველო” სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. ამ ჯერზე, ყოველ შემთხვევაში შეხვედრის დებიუტში, გუნდს დერეფანშიც ყველაფერი გამოსდიოდა და ორჯერ ზედიზედ დასარტყმელი ჯარიმა აუტში გადაიტანეს. 5-მეტრა დერეფნიდან მოკლე დარტყმების შემდეგ, ჩათვლის ხაზის სიახლოვიდან ბურთი დავით ხიდეშელმა აიტაცა და მცველების მცდელობის მიუხედავად ლელოში შეაღწია. სამწუხაროდ, ბექა წიკლაურის გარდასახვა არაზუსტი იყო.

მე-12-ე წუთზე მოედანზე მცირე შეხლა-შემოხლა რომ ატყდა, რეფერიმ დამნაშავედ ხიდეშელი ცნო და მას ყვითელი ბარათი უჩვენა. უნდა ითქვას, რომ ქართველი რეფერი ისე მსაჯობდა, რომ ვერავინ იტყოდა ის თუ ქართველი იყო და საეჭვო სიტუაციებში მუდამ ქართველების დანაშაულს ხედავდა. ეს ერთის მხრივ შესაძლოა კარგიც იყოს, რადგან მკაცრ და ხშირშემთხვევაში უსამართლო მსაჯობას მორაგბეები აქედანვე მიეჩვევიან, თუმცა, მეორეს მხრივ, მინიმალური მარცხი გარკვეულწილად სწორედ ასეთმა მსაჯობამაც განაპირობა.

ინგლისმა მეტობის გამოყენება სცადა და მაგრად უტია, მაგრამ თავგანწირულმა დაცვამ მათ თითქმის 10 წუთი უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მისცა. სამაგიეროდ, ამ დაცვამ გუნდი მოქანცა და 21-ე წუთზე კარის წინ დაახლოებით 20 მეტრში გაჩენილი ნაპრალი უკანახაზელებმა კარგად გამოიყენეს - პირველი ორ მცველზე მივიდა და ვარდნაში მაღალ სიჩქარეზე მოძრავ თანაგუნდელს ამოუგდო, ის კი, სუფთად გაძვრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. მალე წვიმა წამოვიდა და ინგლისურ ამინდში საქართველომ იხეირა, როდესაც მეტოქის მეორეხაზელი სინბინით დაისაჯა, ხოლო წიკლაურმა კარში ზუსტად დაარტყა.

ათიოდე წუთში საქართველოს ნაკრები ვალდებული იყო ლელო გაეტანა. ფლანგზე ორკაციანი მეტობის გამოყენება უბრალოდ სწორი გადაწყვეტილების და ტექნიკის საქმე იყო, მაგრამ გიგა გაგოშვილმა გადაცემას თავად არჩია შეტევა და შანსი დაიკარგა, ხოლო მამუკა ნინიძის მცდელობა, არეკნით უპირატესობა დაეუბრუნებინა, უშედეგოდ დასრულდა. ტაიმის ბოლოს რეფერიმ უხეშ ბოჭვაში ლაშა ლომიძე დაადანაშაულა და ის სინბინით დასაჯა, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა - 8:7.

შესვენებისას რუსთავში გამოიდარა და სტუმრებს ერთხელაც მიეცათ მეტობის გამოყენების შანსი. გარემარბმა ხაზი რომ გაჭრა, მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე ინგლისელი ისე დაიძრა, მათი შემჩერებელი აღარავინ იყო, მაგრამ თითქოს უწყინარ სიტუაციაში მოიერიშეებს ბურთი წინ დაუვარდათ. აქ წიკლაური ჩაერთო საქმეში, ბურთი ჯერ ხელით აიტანა, მერე ფეხით ითამაშა და მას მცველმა 22-ში დაასწრო, თუმცა სალელოვე შეტევა ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა და წიკლაურმა ანგარიში 11:7 გახადა. მალე მას კარიდან მარჯვნივ 35 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა, ორიოდე წუთში ჯარიმა უკვე ინგლისელებმა დაარტყეს არაზუსტად, მაგრამ დასკვნით 25 წუთში საქართველოს ნაკრებს დაღლა დაეტყო.

გარკვეული დროით არეული თამაში რომ წავიდა, მეტოქემ ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ამავე პერიოდში ქართველები თავგანწირვით იცავდნენ თავს და ორჯერ ლევან გოგოლაშვილმა აიტანა ბურთი კარგად, ხოლო 74-ე წუთზე მურაზ გიორგაძის გარღვევას ჯარიმა მოყვა და წიკლაურმა კარის წინ 12 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. დარჩენილი 5 წუთი ინგლისელების იყო და ფეხით შეცურებულმა ბურთმა ჩვენს ლელოშიც შეაღწია, მაგრამ მერე პირით ხაზსაც გასცდა. მაგრამ საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე, რეფერიმ თორნიკე ცერცვაძე სინბინით რომ დასაჯა და 5-მეტრა დერეფნიდან მოლი ააგორა (რომელშიც 13 მეტოქე იყო ჩაბმული), “მომავლის საქართველომ” მიძალების შეჩერება ვეღარ მოახერხა ლელომ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 14:15.  

პრესკონფერენცია

ლევან მაისაშვილი (“მომავლის საქართველოს” მთავარი მწვრთნელი): “პირველი მატჩი შეუთამაშებლობის გამო დიდი სხვაობით დავთმეთ. მაშინ ვთქვი, რომ დარჩენილ დროში გარკვეული ელემენტების შეცვლას ვცდიდით და ბიჭებმა სრულად გამიმართლეს. შეცდომები ახლაც გვქონდა, მაგრამ სამ დღეში ისინი მინიმუმზე დავიყვანეთ და ოდნავ რომ გაგვმართლოდა, მოგებაც შეგვეძლო. დღეს ბიჭებმა ისეთი თამაში აჩვენეს, რომ მთელი კარიერა ემახსოვრებათ.

მოგება კარგია, თუმცა, ამ გუნდის არსებობის აზრი მოთამაშეთა განვითარებაა და ამ კუთხით მიზანი მიღწეულია. ვფიქრობ, დღევანდელი შემადგენლობიდან, იმ პოზიციებზე, რომლებზეც გვიჭირს, სამი მორაგბე მაინც, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში “თბილისის თასზე” ითამაშებს. გვსურს, რომ გარკვეულ სისტემაზე ჩამოვყალიბდეთ, რადგან წელიწადში ორი თამაში საკმარისი არაა. კონკრეტულად ჯერ არაფერია, მაგრამ ამ საკითხზე ვმუშაობთ და იმედია, გარკვეული ცვლილებები იქნება”.

ჯეიმზ შენეჰენი (ინგლისის საგრაფოების ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დღეს ფიზიკურად უფრო გაგვიჭრდა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და თითოეული მოთამაშე, ასეთი პროგრესისთვის ქებას იმსახურებს. თქვენი გუნდი უკეთ გამოიყურებოდა დაცვაშიც დაშეტევაში, მიწაზე თამაშში. წინა მატჩის 25-ქულიანი სხვაობით მოგების შემდეგ, ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდით. ძალიან კარგი ტურნე გამოგვივიდა და დღეს რომც ვერ მოგვეგო, აქედან მაინც საუკეთესო შეგრძნებებით წავიდოდით”.

 

8 ივნისი. 18:00 საათი. რუსთავის სარაგბო სტადიონი. 2500 მაყურებელი

მზარდი საქართველო - ინგლისის საგრაფოთა 14:15 (8:7)

მზარდი საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. ლევან გოგოლაშვილი, 13. გიორგი ტალახაძე, 12. გიგა გაგოშვილი (22. თორნიკე ცერცვაძე 62), 11. მურაზ გიორგაძე, 10. მამუკა ნინიძე, 9. ალექსანდრე მინდიაშვილი (20. ვასილ ლობჟანიძე 66); 1. თორნიკე ლომიძე (17. გურამ კავთიძე 56), 2. დავით ხიდეშელი, 3. ზაზა ნავროზაშვილი (18. გიორგი ზაქაშვილი 65), 4. ლაშა ლომიძე, 5. სანდრო ქოიავა (19. ბაჩუკი გუჯარაიძე 73), 6. გიორგი მჭედლიშვილი (23. მიხეილ გაჩეჩილაძე 73), 7. ელგუჯა სურგულაძე (კაპ), 8. გიორგი ჭყოიძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი ლომთაძე, 21. რეზი ჯინჭველაშვილი.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.290315