საერთაშორისო

15:54 | 1.10.2019 | ნანახია 1390 - ჯერ

ბორჯღალოსნები | კარგი დაცვით და ეფექტური შეტევით

ახალგაზრდა 9 ნომერი გელა აფრასიძე ურუგვაისთან 33:7 მოგებულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

3 ოქტომბერს, ის 2019 წლის მსოფლიო თასზე მესამე შეხვედრას ჩაატარებს და ისე, როგორც უელსთან, ფიჯისთან მატჩში მარქაფიდან ჩაერთვება. ჯგუფურ ეტაპზე, სანამ საქართველო ურუგვაის დაამარცხებდა, სამხრეთ ამერიკელები წლევანდელ მსოფლიო თასზე პირველი სენსაციის შემოქმედნი გახდნენ და ფიჯის 30:27 სძლიეს. აფრასიძის აზრით ეს კუნძულელთა ცუდი თამაშის შედეგი იყო, ბორჯღალოსნებმა კი, ურუგვაის დამსახურებულად მოუგეს:

„ყველა ერთი მიზნისკენ ვიყავით მიმართული - კარგად უნდა გვეთამაშა და მოგვეგო. ცხადია, დამაფიქრებელი იყო ურუგვაიმ ფიჯის რომ მოუგო, თუმცა, ვფიქრობ, ფიჯელებმა ცუდად ითამაშეს და ამისთვის დაისაჯნენ. ურუგვაიმ მეტოქეს არეული თამაში შესთავაზა და ამით აჯობა. თან ფიჯელებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს: ბურთი უვარდებოდათ, სალელოვე შეტევები ვერ გამოიყენეს, გარდასახვები და საჯარიმო ააცილეს“.

ის ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრებმა დავალებები კარგად შეასრულა და ურუგვაისთან გამარჯვება ამან განაპირობა:

„დავალება კარგად შევასრულეთ. მართალია, რამდენიმე დერეფანი წავაგეთ, მაგრამ მოლში და შერკინებაში კარგად გავისარჯეთ. დავალებული გვქონდა, როცა მორკინალები უპირატესობას გააკეთებდნენ ბურთი ხაზზე გაგვეტანა და იქ გაგვეთამაშა. მორკინალებმა სამკაციანი დარტყმებით მეტოქე დაჯაბნეს და ამას პირველ ტაიმში ორი ლელო მოჰყვა. ბურთი წინ კარგად მიგვქონდა. შესვენებაზე კიდევ ახალი მითითებები მივიღეთ და 21 ქულა, სწორედ მეორე ტაიმში მივითვალეთ. ურუგვაის ოთხი დღით ადრე თამაში რომ არ ჰქონოდა, ფიზიკურად მაინც დავჯაბნიდით, რადგან ჩვენი შერკინების წინააღმდეგ თამაში ძნელია. განსაკუთრებით შერკინებასა და მოლში თამაშისას, ნებისმიერ გუნდს დიდ ენერგიას ართმევს“.

აფრასიძეზე საუბრისას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ „მსოფლიო რაგბშიც“, ხშირად იხსენებენ მის მიერ 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ირლანდიასთან გატანილ ლელოს. გელას მსგავსი გარღვევა ურუგვაისთანაც ჰქონდა:

„მსგავსი სიტუაცია კი იყო, მაგრამ შეტევის ფრთაზე გაგრძელებას ვფიქრობდი. მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, წინ ვეღარ წავიდოდი და ამიტომ სხვა გაგრძელება ვარჩიე. ვფიქრობდი ლელო ფრთაზე დაგვედო. ამ შეტევას ლელო მაინც მოჰყვა - ბურთი შერკინებიდან გრძელ ფრთაზე გავათამაშეთ და ლელო გავიტანეთ“.

ორიოდე დღეში საქართველოს ნაკრები იაპონიაში კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს და ფიჯის დამარცხებით, 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურის დაბევებას ეცდება:

„ურუგვაისთან მატჩის შემდეგ ყველა ძალების აღდგენაზე ვართ კონცენტრირებულები. ამ მატჩშიც იგივე მიზანი გვაქვს - ფიჯი უნდა დავამარცხოთ. ვეცდებით მწვრთნელების დავალება მაქსიმალურად შევასრულოთ. ეს იმის წინაპირობა იქნება, რომ ჩვნთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგოთ. სათამაშოდ ძალზედ მოტივირებულნი გავალთ. უნდა ვეცადოთ მეტოქემ თავისი თამაში არ მოგვახვიოს. მათ კარგი დაცვა და ეფექტური შეტევა უნდა დავუპირისპიროთ. არა მგონია, რომ ფიჯელებმა ფიზიკურად გვაჯობონ“.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100285