საერთაშორისო

18:41 | 28.09.2019 | ნანახია 1934 - ჯერ

ბორჯღალოსნები | „გული სხვანაირად მიცემს“

ახალგაზრდა ბურჯ გურამ გოგიჩაშვილს, 23 სექტემბერს მსოფლიო თასზე დებიუტი ჰქონდა. უელსთან ის შეცვლაზე შევიდა, ურუგვაისთან კი სასტარტო შემადგენლობაში იქნება და ჯამში მე-8 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.

ისევე, როგორც ნებისმიერი მორაგბისთვის, მსოფლიო თასზე მონაწილეობა გოგიჩაშვილისთვისაც განსაკუთერებული იყო:

„რთულია იმ ემოციების სიტყვით გადმოცემა, რაც მოედანზე შესვლის მომენტში ვიგრძენი და ახლაც ამ ემოციების ქვეშ ვარ. ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა იყო. ყველა მორაგბის ოცნებაა, რომ მასოფლიო თასზე ითამაშოს და მე ეს ოცნება ავიხდინე, რითაც ძალიან გახარებული ვარ. სულ სხვანაირად გიცემს გული, სხვანაირად მოტივირებული ხარ და ჰიმნიც სხვანაირად ჩაგესმის ყურში. ყველა თამაშისთვის ერთნაირი მონდომებით ემზადები, მაგრამ მსოფლიო თასი მაინც განსხვავებულია“.

მისთვის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა დამატებითი მოტივაციაა:

„ეს დამატებითი წნეხი და ამავდროულად, დამატებითი მოტივაციაა. მაქსიმუმს გავიღებ, რათა კარგად ვითამაშო და გუნდს სარგებელი მოვუტანო“.

გურამს, რომელსაც 21 წელი 4 სექტემბერს შეუსრულდა, იაპონიისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ ვესაუბრეთ, რომელიც მასპინძლებმა 19:12 მოიგეს და უდიდესი სენსაცია გამოაცხეს:

„იაპონიამ შოკში ჩაგვაგდო. წინა მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკას მოუგო, ახლა ირლანდიას. მოგებაცაა და მოგებაც. ისინი თითქმის მთელი თამაში დომინირებდნენ და მეტოქეს არაფერში ჩამორჩნენ. შედეგიც სახეზეა“ - ამბობს გოგიჩაშვილი, რომელიც უელსთან მატჩის ფრედ დასრულებულ მეორე ტაიმს იხსენებს და ამბობს:

„მსოფლიო თასზე პირველი თამაში გვქონდა, ყველა ნიუანსი განსაკუთრებულად მოქმედებდა ბიჭებზე და პირველ ტაიმში არაფერი გამოგვივიდა. მეორე ტაიმმა დაგვანახა, რომ საქართველოს უელსის დონის გუნდებთან ღირსეულად თამაში შეუძლია და მათთან ხშირად თამაშს იმსახურებს“.

იაპონელთა სენსაციამდე, წლევანდელ მსოფლიო თასზე პირველი სენსაციის შემოქმედი ჩვენი მომავალი მეტოქე ურუგვაის ნაკრები გახდა, რომელმაც ფიჯის 30:27 სძლია. მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდის გეგმები არ შეცვლილა. გოგიჩაშვილი ამბობს, რომ ბორჯღალოსნები მოლში ეცდებიან უპირატესობის მოპოვებას, რის შემდეგაც სივრცეებს ხაზის მოთამაშეები გამოიყენებენ:

„ურუგვაისა და ფიჯის თამაშის შემდეგ, ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ზუსტად ისე ვემზადებით, როგორც თავიდან გვქონდა დაგეგმილი. ურუგვაის თამაშები განვიხილეთ და შევეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები მათ სუსტ წერტილებს დავუპირისპიროთ. იმისათვის, რომ მეტოქემ სისწრაფეები ვერ გამოიყენოს, მათ თამაში უნდა ჩავუკეტოთ. ვნახოთ რა მოხდება შერკინებაში, ხშირად გამოვიყენებთ მოლს, რათა ფრთებზე სივრცეები შევქმნათ და ხაზის მოთამაშეებს თამაში გავუადვილოთ. ვნახოთ როგორ წარიმართება თამაში. მთავარია მოვიგოთ და თუ საშუალება გვექნება, აუცილებლად ვეცდებით ბონუს ქულის აღებას“.

RUGBY.GE


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
08:57 | 29.09.2019
ogafa (407)

დღეს გამარჯვება

0.084898