ბორჯღალოსნებისა და ურუგვაის ნაკრების შეხვედრამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. გუნდებმა კუმაგაიაში უკვე გამართეს კაპიტნის ვარჯიში და ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.
პირველი კითხვა ჯაბა ბრეგვაძეს დაუსვეს, რომელიც ბორჯღალოსნებს ურუგვაისთან პირველად უკაპიტნებს და ნაკრების ისტორიაში გახდება 32-ე მორაგბე, რომელსაც გუნდი თამაშზე გაუყვანია.
„ეს მსოფლიოს ჩემპიონატია, ყველა თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მოტივირებულები ვართ. უელსთან მატჩის შემდეგ, გვქონდა აღდგენა და მომავალი თამაშისთვის კარგად ვართ მომზადებული. კაპიტნად არჩევა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ველოდები მერაბ შარიქაძის დაბრუნებას, რომელიც ჩემს მაგივრად ამ ადგილს დაიკავებს“ - განაცხადა ბრეგვაძემ.
ამის შემდეგ მილტონ ჰეიგის დრო დადგა, რომელსაც უწინარესად გუნდში გრეემ როუნთრისა და ჯო ვურზლის როლზე მოუწია საუბარია:
„მათ გუნდში უდიდესი გამოცდილება შემოიტანეს და ამავდროულად, ძალიან კარგი პიროვნებები არიან. ჯო 2003 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულია, გრეემის ბიოგრაფია კი მის სიძლიერეზე თავად მეტყველებს - „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“, ასევე ინგლისის ნაკრების მწვრთნელი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ რაგბში კარგი ადამიანები იყვნენ ჩართული, რომლებიც გუნდში პოზიტიურ განწყობას შემოიტანენ და ისინი ამ პირობას აკმაყოფილებენ“.
უელსთან მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში 12 მორაგბე შეცვალა. ის ამბობს, რომ ცვლილებები წინდაწინვე ჰქონდა დაგეგმილი და არ ფიქრობს, რომ ეს შემადგენლობა უელსთან ნაბრძოლ 15-ეულს რამით ჩამოუვარდება:
„ტურნირზე გარდამტეხი მომენტი გვაქვს და ურუგვაისთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, როდესაც ამ მსოფლიო თასზე გამოსვლას ვგეგმავდით, ზუსტად ვიცოდით, რომ შემადგენლობაში 31 ძლიერი მორაგბე უნდა გვყოლოდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ კონკურენცია აგვემაღლებინა და დიდი განსხვავება არ ყოფილიყო პირველი და მეორე მატჩის სასტარტო შემადგენლობებს შორის. ოთხი წელი სწორედ ამაზე ვმუშაობდით“.
„კენჭისყრის შემდეგ უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ ურუგვაისა და ფიჯის მატჩებს შორის მხოლოდ 4 დღე გვექნებოდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა შემადგენლობაში სიღრმეების ქონა და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობდით. სწორედ ამიტომ, ვერ ვხედავთ დიდ განსხვავებას იმ გუნდებს შორის, რომელმაც თამაში უელსთან დაიწყო და ახლა იწყებს“.
„მწვრთნელები ყველას თანაბრად ვაძლევთ შანსს და ხვალ მოედანზე საუკეთესო მორაგბეები გადიან. მათგან ნებისმიერი, შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში იყოს მომდევნო შეხვედრაშიც. კონკურენცია ყველას ეხება და მსგავს ტურნირებზე ეს აუცილებელია. ბედნიერები ვართ, რადგან გვაქვს შესაძლებლობა დავაყენოთ ორი თანაბარძალოვანი გუნდი და ხვალ ეს ბიჭები თავის გასაკეთებელს გააკეთებენ“.
4 დღის წინ ურუგვაიმ იაპონიაში პირველი თამაში გამართა და ფიჯის ძლიერ გუნდს სენსაციურად, 30:27 სძლია. ახალ ზელანდიელი სპეციალისტისთვის ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა:
„ეს შედეგი არ გამკვირვებია. თუ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში თვალს ადევნებდით ურუგვაის პროგრესს, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი უკანასკნელ 3 თვეში გახდა, აღმოაჩენდით, რომ მათი თამაში ყველა კომპონენტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და სამწვრთნელო შტაბშიც ჭკვიანი პროფესიონალები მუშაობენ. რამდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ და ვიცოდი, რომ ისინი იაპონიაში ტყუილად არ ჩამოვიდოდნენ. ურუგვაისთან თბილისში გვითამაშია და ვიცით, რომ ესაა ვაჟკაცებით დაკომპლექტებული მებრძოლი გუნდი, რომელსაც პატივისცემით უნდა მოეპყრო“.
„კარგად ვიცით ურუგვაის ძლიერი და სუსტი მხარეები. მათი ფიჯისთან გამარჯვება ჩვენს სტრატეგიას არ ცვლის. მეტოქის შესაძლებლობები დიდი ხანია ცნობილია და დარწმუნებულები ვარ, რომ გამოვიყენებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს და მოვახდენთ უნარების რეალიზებას“.
ბორჯღალოსანთა შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე ამბობს, რომ ურუგვაელები სწრაფი თამაშით გამოირჩევიან და მათ შესაჩერებლად მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით კარგად ვითამაშოთ დაცვაში:
„ვიცით, რომ ურუგვაი სწრაფი რაგბის მიმდევარია და მათ ბურთი არ უნდა მივცეთ. განსაკუთრებით სწრაფები არიან უკანა ხაზის მოთამაშეები და თუ ისინი უპირატესობის ხაზის გადაკვეთას შეძლებენ, მერე მათი შეჩერება რთული იქნება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით კარგად უნდა ვითამაშოთ დაცვაში და არ მივცეთ მეტოქეს ბურთი, რათა ვერ შეძლონ ქულების დაგროვება“.
საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრა 29 სექტემბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.
RUGBY.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია ორივეს მოიგებ
ლელო, ლელო,
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!