ბორჯღალოსნები

19:27 | 26.09.2019 | ნანახია 1348 - ჯერ

ზე-რაგბში თამაში სასარგებლო გამოცდილებაა

ჯაბა ბრეგვაძე პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც ზე-რაგბში (სუპერ რაგბი) ითამაშა და იაპონურ ფრანჩაიზის, ‘სანვულვზის’ ღირსებას ორი სეზონის განმავლობაში იცავდა.

„მსოფლიო რაგბი“ 32 წლის ქართველი კვაჭით დაინტერესდა და უწინარესად ზე-რაგბში დებიუტზე დაეკითხა:

„პირველობა საინტერესო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო. ეს იყო დიდი გამოწვევა. მსურდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ქართველებსაც შეუძლიათ ზე-რაგბის თამაში, მაგრამ სადებიუტო შეხვედრაში დავშავდი და 7 კვირა გამიცდა. სამედიცინო პერსონალთან ძალიან ბევრი ვიმუშავე, რათა მოედანს რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნებოდი და ვფიქრობ, კარგადაც დავბრუნდი“.

ბრეგვაძეს სურს, რომ მისი კარიერა იაპონიაში გაგრძელდეს, მაგრამ კლუბთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია:

„ჯერ არ ვიცი გაისადაც ვითამაშებ თუ არა ‘სანვულვზში’. ვიმედოვნებ, რომ იაპონიაში კიდევ ერთი წელი დავრჩები, თუმცა ოფიციალურად ჯერ ვერაფერს ვიტყვი“.

ჯაბა ერთადერთი ქართველი მორაგბეა, რომელსაც მსოფლიოს სამივე უძლიერეს საკლუბო ჩემპიონატში უთამაშია. 2011-2014 წლებში ის ტოპ 14-ის გრანდის, ‘ტულუზის’ ღირსებას იცავდა, 2015-2017 წლებში ინგლისის პრემიერშიფის ‘ვუსტერში’ თამაშობდა, ხოლო 2017 წლიდან ‘სანვულვზს’ შეუერთდა:

„პრემიერშიფსა და ტოპ 14-ს თუ შევადარებთ, ვფიქრობ ტოპ 14-ში უფრო ფიზიკური თამაშებია, აქცენტი კეთდება შერკინებასა და მოლზე. პრემიერშიფში ამ კომპონენტებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ და ორიენტირებული არიან ფაზების აწყობასა და სწრაფ რაგბიზე. ზე-რაგბში სისწრაფეცაა და ფიზიკურობაც. იქ თამაშობენ ფიზიკურად დიდი მორაგბეები, რომლებიც არც სისწრაფეს უჩივიან და ამიტომაა რთული ზე-რაგბში თამაში. 110-115 კილოიანი მორაგბეები ძალიან სწრაფად დარბიან. გარდა ამისა, ზე-რაგბში ბევრი მოგზაურობა გიწევს, განსაკუთრებით ‘სანვულვზს’. არ გვაქვს დასვენების დღეები, რადგან თამაშის შემდეგ ავსტრალიაში, ან ახალ ზელანდიაში 10-12 საათი მივფრინავთ და ჰაერში გვიწევს აღდგენა“.

ჯაბა ბრეგვაძეს ზე-რაგბში ყველაზე მეტად იზრაელ ფოლაუსთან თამაში მოეწონა. ის იმედოვნებს, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს მთავარ საკლუბო ტურნირში სხვა ქართველი მორაგბეებიც დამკვიდრდებიან:

„არიან ქართველი მორაგბეები, რომლებსაც ძალების ზე-რაგბში მოსინჯვა სურთ. ვიმედოვნებ, რომ აქ სხვა ქართველებიც ითამაშებენ, რადგან ჩვენთვის ეს სასარგებლო გამოცდილება იქნება“.

ქართველი კვაჭი ამბობს, რომ ბოლო დროს იაპონიაში რაგბის პოპულარიზაცია გაიზარდა და ქომაგები ამინდის მიუხედავად ვარჯიშების საყურებლადაც კი დადიან:

„მწვრთნელები და მორაგბეები გამუდმებით ცდილობენ, რომ იაპონიაში რაგბის პოპულარობა აამაღლონ. იაპონიაში არიან ადამიანები, რომლებიც ‘სანვულვზის’ ვარჯიშებზეც რეგულარულად დადიან. წვიმასა და ქარშიც კი, მაყურებელი არ გვაკლია. განსაკუთრებით ბავშვები აქტიურობენ, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“.

იაპონიაში ორწლიანი ცხოვრების შემდეგ, ბრეგვაძე ადგილობრივ სამზარეულოსა და კულტურასაც კარგად გაეცნო და განსაკუთრებით სუში შეუყვარდა:

„ბუნებრივი, ცხელი აბაზანები ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ესეთი რამ საქართველოშიც გვაქვს. მე და ჩემს ოჯახს ძალიან მოგვწონს სუში. პირველი ორი თვე სუშის ყოველ დღე ვჭამდით“.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081911