საერთაშორისო

16:58 | 26.09.2019 | ნანახია 911 - ჯერ

ინგლისმა აშშ-ს ადვილად აჯობა

მსოფლიო თასის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს და C ჯგუფის მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო. ალბიონელებმა ტონგას ძლევის შემდეგ აშშ-ს ნაკრებიც არ დაინდეს, რომელსაც თავის მხრივ მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა ჰქონდა.

ინგლისელთა უპირატესობა 80 წუთის განმავლობაში ეჭვს არ იწვევდა და ძალიან ახლოს იყო მშრალი ანგარიშით მოგებასთან. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ამერიკელებმა ინგლისელთა ჩათვლის მოედანში დაამიწეს ბურთი და პრესტიჟის ლელო მიითვალეს - 45:7.

არადა, ინგლისმა ტონგასთან თამაში ისე დაასრულა, რომ ლელო არ მიუღია (მხოლოდ ერთი ჯარიმა გაუშვა) და ახლაც შეეძლო მშრალი სერიის გაგრძელება, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან ბურთი არ გადააგდო მოედნის ფარგლებს მიღმა დროის გასვლის შემდეგ (ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლო), შეტევა ამჯობინა, მაგრამ კონტრშეტევა მიიღო და თავად გაუშვა ლელო.

მატჩის ბედი კი, ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იყო გადაწყვეტილი, როდესაც ინგლისელებმა 19:0 დაჯაბნეს მეტოქე და მეორე ნახევარში უპირატესობას მეთოდურად ზრდიდნენ. საბოლოოდ, ინგლისმა ზედიზედ მეორე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში, ბონუს ქულაც აიღო და C ჯგუფში ლიდერის პოზიციაზე იმყოფება.

ინგლისი - აშშ 45:7 (19:0)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083381