საერთაშორისო

21:21 | 25.09.2019 | ნანახია 1359 - ჯერ

შალვა მამუკაშვილის ოჯახი, კარიერა და ინტერესები

2019 წლის მსოფლიო თასის მსვლელობის პარალელურად, „მსოფლიო რაგბი“ მასში მონაწილე მორაგბეების ცხოვრების გაცნობას განაგრძობს და ბორჯღალოსნებიდან ამჯერად ჯერი 28 წლის კვაჭზე, შალვა მამუკაშვილზე შეაჩერა:

„შალვა მამუკაშვილის ცხოვრება შესაძლოა სხვაგვარად წარმართულიყო, 5 წლის ასაკში, მშობლიურ თბილისში, ხელში რაგბის ბურთი რომ არ აეღო.

უნივერსიტეტის პროფესორების, მათემატიკოსების ოჯახში დაბადებულ შალვას, ტრადიცია უნდა გაეგრძელებინა და მასწავლებელი გამხდარიყო, მაგრამ ამის მაგივრად, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ინგლისის პრემიერშიფში ითამაშა.

„დედა უნივერსიტეტის პროფესორია, მათემატიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიების მასწავლებელი. ჩემს ოჯახში მასწავლებლები მრავლად არიან - ბაბუა, ბებია, დეიდები და ბიძები, ყველა უნივერსიტეტში მათემატიკას ასწავლის. ჩემი უმცროსი ძმა ბანკში მუშაობს და ისიც კარგად ერკვევა მათემატიკაში“ - ამბობს მამუკაშვილი.

მან ფიზიკა-მათემატიკის სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყო, თუმცა მისმა სარაგბო კარიერამ აკადემიური მეცადინეობები ნაადრევად დაასრულა. მან 23 წლის ასაკში საქართველო დატოვა და 2014 წელს ‘სეილ შარქსს’ შეუერთდა.

„რაგბი ერთადერთი სპორტის სახეობაა, რომელიც ოდესმე მითამაშია და ჩემი პირველი და უკანასკნელი პოზიცია - კვაჭია. მე მუდამ შერკინების ცენტრში ვიდექი. პრემიერშიფში თამაში უდიდესი გამოცდილება და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო“ - აცხადებს 102 კილოიანი პირველხაზელი.

ის თამაშობდა ‘გლაზგო უორიორსში’, რის შემდეგაც საფრანგეთში გადავიდა და ‘მონპელიეს’, ‘ტულონის’ და ‘კარკასონის’ ღირსებას იცავდა. მერე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც, მისივე თქმით, 3 წლის წინ გოგონა ტასოს შეძენით, ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

„ზოგჯერ მავიწყდება როგორი იყო ცხოვრება, სანამ მამა გავხდებოდი. რაგბშიც ყველაფერი შეიცვალა და ახლა უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ“.

მისი მეუღლე პროფესიონალი მხატვარია, აბსტრაქტული სტილის და ამან მამუკაშვილს ხელოვნების მიმართაც გაუჩინა ინტერესი:

„მას შემდეგ, რაც დავქორწინდი, ხელოვნებით დავინტერესდი“ - ამბობს ის ღიმილით და განაგრძობს:

„გამოფენებზე დავდივართ, ფაქტობრივად ერთიც არ გამომიტოვებია. საყვარელი მხატვარი, ან სტილი არ მაქვს, მაგრამ მომწონს ვან გოგი და სალვადორ დალი. როდესაც გლაზგოში დალის ნახატი პირველად ვნახე, დაახლოებით 30 წუთი მიჩერებული ვიყავი. ეს შესანიშნავია. ჩემს გოგონასაც უყვარს ხატვა“.

2015 წლის მსოფლიო თასზე, შალვამ დაბადების დღე ახალ ზელანდიასთან მატჩით აღნიშნა. ამჯერად მას დაბადების დღე შაბათს ექნება, ფიჯისთან მატჩამდე ერთი დღით ადრე. ის ელოდება ტორტს და მილოცვებს, მაგრამ რადგან ახლა მთელი ყურადღება რაგბისკენაა მიმართული, არ იქნება მისი საყვარელი ვისკი:

„ფიჯისთან მატჩის შემდეგ შეგვიძლია ვიზეიმოთ, იმის მიხედვით, რა ანგარიში დაფიქსირდება. მე ვისკი მიყვარს. იაპონური ვისკი კარგია, მაგრამ შოტლანდიური მირჩევნია. როდესაც დრო მაქვს, მიყვარს ფრინველზე ნადირობა. კარგი მიზანი მაქვს, თუმცა ჯერ დამწყები მსროლელი ვარ“.

ახალგაზრდა მამას ახლახანს დაუსრულდა მოკლევადიანი კონტრაქტი რუსულ კლუბ, კრასნოიარსკის ‘ენისეისთან’ და 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ახალ კლუბს მოძებნის:

„ვისურვებდი ევროპაში თამაშს, საქართველოსგან არც ისე მოშორებულ ქვეყანაში, რათა ოჯახთან ახლოს ვიყო. რა თქმა უნდა, მეუღლე და შვილი ყველგან ჩემს გვერდით იქნებიან, სადაც არ უნდა წავიდე, თუმცა ვიმედოვნებ, რომ დიდ ოჯახთან ახლოს ვიქნები“.

RUGBY.GE


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:37 | 26.09.2019
ogafa (407)

წარმატებები იმედია ფიჯისთან მატჩს მოიგებთ

0.076027