საერთაშორისო

15:40 | 24.09.2019 | ნანახია 2693 - ჯერ

კარგი გაკვეთილი მომდევნო თამაშების წინ

2019 წლის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში, ბორჯღალოსნებმა ექვსი ერის დიდი სლემით მომგებ უელსს მეორე ტაიმში ტოლი არ დაუდეს და 14:14 ეთამაშნენ, მაგრამ პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები ამან ვერ გააბათილა და მეტოქემ 43:14 იმარჯვა.

როგორც უკვე ვთქვით, ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო და წინ კიდევ სამი თამაშია - 29 სექტემბერს ურუგვაისთან, 3 ოქტომბერს ფიჯისთან და 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან.

ბორჯღალოსნები განვლილ შეხვედრას აფასებენ და ამბობენ, რომ აქ მიღებული გამოცდილება მომდევნო შეხვედრებში გამოადგებათ:

ოთარ გიორგაძე: „თამაში ცუდად დავიწყეთ. მობილიზება გვაკლდა და მეტოქე დიდი სხვაობით დაწინაურდა. სულ ვამბობთ, რომ ტიერ1-ის ქვეყნებთან თამაშის გამოცდილება გვაკლია, თუმცა, ამავდროულად საჭიროა, რომ საკუთარ თავსაც მეტი მოვთხოვოთ. უელსელებმა შეძლეს ჩვენი სათამაშო რგოლების გადაბმის წერტილებში სივრცეების პოვნა და უპირატესობის მოპოვება“.

„ჩვენი მთავარი მიზანი მომდევნო ორი თამაშის მოგებაა - ურუგვაისა და ფიჯისთან. დრო ცოტაა, მაგრამ ვეცდებით გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ შეცდომები. დარწმუნებული ვარ, მომდევნო თამაშები ასეთი სცენარით აღარ განვითარდება და ქართველ გულშემატკივრებს გავახარებთ“.

შალვა სუთიაშვილი: „კარგი, რაც ამ თამაშში იყო, ეს მეორე ტაიმია. დავრწმუნდით, რომ ჩვენც შეგვიძლია მაღალ დონეზე თამაში. მივხვდით, ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ახლა საჭიროა, რომ ეს პოზიტიური ნაწილი შევინარჩუნოთ და მომდევნო თამაშებში გამოვიყენოთ“.

შალვა მამუკაშვილი: „თავიდანვე თამაშში ვერ შევედით. პირველივე ფაზიდან ორი ლელო მივიღეთ, რაც არ უნდა ხდებოდეს და ამაზე სამუშაო გვაქვს. ეს თამაში კარგი გაკვეთილი იყო ურუგვაისთან მატჩამდე. მეორე ტაიმში ბურთს მეტად ვაკონტროლებდით და ტემპიც ჩვენ მიგვყავდა. რაც მეტად გვექნება ბურთი, მით მეტად შევძლებთ ჩვენი თამაშის სტილის მოწიააღმდეგეზე მოხვევას და ტაქტიკური ჩანაფიქრების განხორციელებას“.

RUGBY.GE


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:05 | 25.09.2019
qomagi (248)

ასე გავიბანძეთ თავი დიდი ყოყლოჩინობის და 6 ერზე პრეტენზიების ფონზე. სირცხვილია, სირცხვილი. სვანაძემ უნდა დაახვიოს თავის სასტავიანად, ეს იყო ქართული რაგბის შეურაცხყოფა და ქომაგისთვის სულში ჩაფურთხება. ამ დონის თამაშები გვქონდა 2003 წელს სადებიუტო ჩემპიონატზე. ხელით თამაშის გაუმჯობესებას ვინ ჩივის,შერკინებაც აღარ არის ჩვენი დომინანტი მხარე ბობოლებთან, რუსებს და პორტუგალიას და სხვა ჭ კლასის გუნდებს არ ვგულისხმობ.
ეს გაკვეთილები და პრაქტიკანტობა როდის დამთავრდება ქართულ სპორტში და როდის დავიწყებთ მასწავლებლობას ამ სიტყვის კარგი გაგებით, თორემ "პროფესორობაში" ახლაც ბადალი არ გვყავს.

17:35 | 24.09.2019
federer (17) (469)

მე პირადად ცოტა მომწყინდა ამდენი გაკვეთილები და ჯობია სკოლა დავამთავროთ და უნივერსიტეტში ჩავაბაროთ და იქნებ ლექციებამდე მივიდეთ და მერე უკვე გაკვეთილები ჩვენც ჩავუტაროთ სხვებს.

0.089216